საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა. "ჩვენ ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
ქვეყანას აქვს რეალური შანსი რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამშრომლებთან წარდგენისას უზენაეს სასამართლოში განაცხადა.
"ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ახალ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს წარმატებებს და იმ ხარვეზების აღმოფხვრას უსურვებს, რომელიც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არის. ამის შესახებ ნინო გვენეტაძის წარდგენისას ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.
თქვენი აზრით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავჯდომარე ნინო გვენეტაძემ რა ცვლილებები უნდა განახორციელოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ქვეყანაში უამრავი ცვლილებაა საჭირო, ამიტომ ნინო გვენეტაძის ადგილას თავს ნამდვილად არ ვინატრებდი. გამოსაკვლევია ძველი საკითხები, რომელიც ბუნდოვანია. დღესაც არავინ არ იცის სინამდვილეში, ვის რა ბიზნესი წაართვეს. ბიზნესი წართმეულია და ამ დროს განცხადებაა დაწერილი, რომლის მიხედვითაც ადამიანი ქონებას ნებით თმობს. ამის გარკვევას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.
ძალიან მძიმე სამუშაო აქვს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თავს გაართმევს, იმიტომ, რომ მისი ჯგუფი მახსოვს. სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე ძალიან რევოლიციური და მებრძოლები იყვნენ. იმედი მაქვს, რომ ისინი ნელ-ნელა თავის საქმეს გააკეთებენ, მაგრამ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საქმის კეთება ძალიან ნელა არ შეიძლება, რადგან მთავრობის ნელი მოძრაობა ხალხს ისედაც აღიზიანებს. საჭიროა სწრაფად, თუმცა ფუნდამენტურად მოქმედება.
ქეთი ბექაური (იურისტი): პირველ რიგში მე მივესალმები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრის ადგილას ქალბატონი ნინოს არჩევას. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ნინო გვენეტაძე თავის დარგში გამორჩეული სპეციალისტია, რომელიც ასევე რეფორმატორია.
მე პირადად ქალბატონ ნინოსთან ერთად 2 წელიწადი ვმუშაობდი და ამით ვამაყობ კიდეც. საჭიროა, მართლმსაჯულების განვითარებისათვის რაც შეიძლება მეტი გააკეთოს. საქართველოში სამართლიანი ინსტიტუტები უნდა არსებობდნენ..
რა თქმა უნდა, ალბათ საკადრო ცვლილებებიც იქნება საჭირო, რაც აბსოლუტურად მისაღებია, გარდა ამისა, რამდენიმე მოსამართლეს ვადა ისედაც გასდის, ეს ახალი ნაკადის წამოსვლას გამოიწვევს. უკვე დანარჩენი სიტყვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეთქმის, რომელიც მოსამართლეთა თანმიმდევრობის საკითხს განაგებს.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): პირველ რიგში, ყველა ის საქმე, რასაც ხალხი ელოდება, უნდა განახორციელოს. ბოლომდე უნდა მიიყვანოს და წერტილი დაუსვას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში, როგორც საჭიროა, ისე უნდა მოხდეს.
საჭიროა, ცოტა ხნით კოაბიტაცია გვერდით გავწიოთ. კანონის ფარგლებში ყველაფერი დროზე უნდა დამთავრდეს. მჯერა, რომ ამას გააკეთებს, იმიტომ, რომ ახალი კადრი თავიდან ყოველთვის კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ერთ წელიწადში მაინც ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მერე არ ვიცი, რა იქნება.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): ცხადია, ამ დარგში მე გათვითცნობიერებული და კომპეტენტური არ ვარ, თუმცა პირველ რიგში, რაც მას ალბათ გასაკეთებელი აქვს, არის ის, რომ საზოგადოებაში უზენაესი სასამართლოსადმი პატივისცემის განცდა შექმნას. შესაბამისი იმიჯი შეუქმნას, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ხალხს უზენაესი სასამართლოსადმი ნდობა დაკნინებული ჰქონდა. ბოლო წელიწადში მოხდა ის, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდა, რაც დადებითი მოვლენა იყო. ამ ეტაპზე საჭიროა, ეს უზენაესი სასამართლო შედგეს და იმ ფუნქციით და იმიჯით შეიქმნას, რისთვისაც ის არსებობს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი ნინო გვენეტაძე სწორედ ამას უზრუნველჰყოფს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე