იანვარ-თებერვალში ექსპორტი 26%-ით შემცირდა. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოსახლეობას ისევ უმუშევრობასა და სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირებულ ფასებთან უწევს ბრძოლა. ამ ფონზე საზოგადოების ოპტიმიზმი და მთავრობისადმი ნდობა ნელ-ნელა პესიმიზმითა და უნდობლობით იცვლება. ეკონომისტები კი მომავალს იმედიანად უყურებენ და აცხადებენ, რომ თებერვლისა და მარტის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა.
"ბიზნეს-რეზონანსმა" მორიგი გამოკითხვა ჩაატარა: გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს? გამოკითხულთა 51,79%-ს არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება არსებულ ეკონომიკურ გამოწვევას გაუმკლავდება. 39,56%-ს დარწმუნებულია, რომ პრობლემები დაიძლევა, ხოლო 8,63%-მა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო.
ეკონომისტების განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია სავალუტო სტაბილურობის მიღწევა და მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა. ჯერჯერობით მთავრობას პრობლემის მოგვარების მხოლოდ ზოგადი ხედვა აქვს და ამბობს, რომ დეტალურ სქემაზე ახლაც მუშაობს.
ძირითადად იმედი პრივატიზებაზე მყარდება. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უახლოეს მომავალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20-მდე მსხვილი ობიექტის გაყიდვისა და 300 მილიონი დოლარის მობილიზაციის იმედი აქვს, რამაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი. შემდეგი ნაბიჯი იქნება ტურიზმის წახალისება გაძლიერებული სარეკლამო კამპანიით; ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების რეჟიმში ინვესტორებთან პირდაპირ მუშაობას გულისხმობს. როგორც უკვე ცნობილია, მთავრობის გეგმაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც შედის. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, ინვესტორების ნაწილი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს.
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტ პაატა შეშელიძის აზრით, მთავრობის წინაშე სამი მთავარი გამოწვევა დგას: პირველი - უნდა შეიცვალოს მონეტარული სისტემა, მცურავი კურსის შენარჩუნების მოდელი; მეორე - სხვადასხვა სახელმწიფო რეგულაცია ისევ დიდ ტვირთად რჩება ბიზნესისთვის; მესამე - გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯი.
"ძალიან ბევრს ხარჯავენ, მათ შორის, სოციალური მიმართულებით. სახელმწიფო ხარჯი მთლიანი ეკონომიკური შემოსავლის 33%-ს შეადგენს, რაც ჩემი აზრით ბევრია. ამას ემატება ისიც, რომ ამ ხარჯის გასასტუმრებლად სესხის მოცულობა იზრდება", - ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სწორი დიაგნოზია საჭირო, რომლის დასმა ვერც მთავრობამ შეძლო და ვერც ოპოზიციამ.
შეშელიძის აზრით, მთავრობას არ შეუძლია სინქრონული მუშაობა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა იკვეთება. "რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება არსებულ პირობებში სერიოზული ცვლილებების განხორციელება", - ამბობს შეშელიძე.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ პრობლემის გასამკლავებლად საჭიროა მთავრობის არა მარტო კომპეტენტურობა და არამედ პოლიტიკური ნება.
"ისტორიას ჰქონია შემთხვევა, როდესაც არასრული განათლების მქონე პირებს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებიათ მსოფლიო ისტორიაში. მსოფლიოს ჰყავს ბევრი ისეთი მილიარდელი, რომლებსაც საშუალო განათლებაც კი არ მიუღიათ თავის დროზე. მარტო იმის თქმა, რომ მთავრობა არაკომპეტენტურია და ამიტომ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, არასწორია. კომპეტენტურობა ერთი პრობლემაა და მეორეა პოლიტიკური ნება", - ამბობს სოსო არჩვაძე.
"ბიზნეს-რეზონანსი": ამ მთავრობაზე რას იტყვით, მას კომპეტენტურობა აკლია თუ პოლიტიკური ნება?
სოსო არჩვაძე: მგონი, ამ შემთხვევაში სრული ბალანსია. დეფიციტი ორივე მიმართულებით შეინიშნება, როგორც კომპეტენტურობის, ისე პოლიტიკური ნების მხრივ. გარკვეულწილად უფრთხიან ზედმეტ კრიტიკას. უმოქმედობა კი უარყოფით შედეგს იძლევა.
ავიღოთ თუნდაც ბოლო მაგალითი, საკმარისი იყო ლარის გაუფასურება და მაშინვე დაიწყეს, საუბარი ისეთი ობიექტების პრივატიზაციაზე როგორიც არის ეროვნული ბანკის ყოფილი ისტორიული შენობა, ათონელის ქუჩაზე მშენებარე ობიექტი და ა.შ. კარგი, დღეს გავყიდით ამ ობიექტებს, ხვალ რა იქნება? მთავრობამ უნდა მოძებნოს გზა არა მარტო დღევანდელი სტაბილურობის მისაღწევად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მოქნილი თამაშის წესები უნდა შესთავაზოს როგორც საზოგადოებას, ისე ინვესტორებს.
დღეს სახელმწიფოს წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, ვინაიდან ქვეყანა მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე ფაქტორებთან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად მომსახურების სექტორის ხარჯზე მიიღწეოდა. ეს სექტორი კი კონიუნქტურული ცვლილებებისა და გარემოს გაუარესების გამო ყველაზე მეტად დაუცველია.
ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნეგატიური ტენდენციების განვითარების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავალობაში, სახელმწიფოებრივი ხომალდი წყლის ზედაპირზე გააჩეროს.
ეკონომიკის პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ასევე მთავრობის პოლიტიკურ ნებასა და კოორდინირებულ მუშაობაში ხედავს.
"ჩემი ღრმა რწმენით მთავრობას პრობლემების მოგვარება შეუძლია თუ ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამს. მე ამ ხალხის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება. საკითხი არის პოლიტიკურ ნებაში, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაში. დღეს უფრო ამ ტიპის პრობლემა გვაქვს და არა კომპეტენციის. სწორი იქნება, თუ ხელისუფლების წევრები რეალურად შეხედავენ ვითარებას და არ წარმოადგენენ მოვლენების განვითარების ზედმეტად ოპტიმისტურ სცენარს", - ამბობს ღაღანიძე.
ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას აზრით, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები გარე ფაქტორებიდან მოდის, თუმცა მარტის მონაცემები იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვა. "დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 3,9 მილიარდ ლარამდე - 15%-ით. ეს იძლევა იმის იმედს, რომ მშპ გაიზრდება. გარდა ამისა, ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მზარდია", - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.