ინსტიტუციური ცვლილებები, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება, მათი ანაზღაურების ზრდა და დაცულობის გარანტიები - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც იურისტების აზრით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ პირველ რიგში უნდა გააკეთოს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებაში მისდამი ნდობის ზრდა უზრუნველყოს.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებსა და მოსამართლეთა შემადგენლობის გადახედვას, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ნინო გვენეტაძეს ეს არ ეხება და მას არ აქვს კანონიერი უფლება, მოსამართლეთა განთავისუფლებაში, ან დანიშვნაში ჩაერიოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობაზე მუშაობას გუშინ შეუდგა და ჟურნალისტებთან ისიც განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას შეეხება ეს ცვლილებები.
"ბუნებრივია, კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რას შეეხება ცვლილებას, ამას შემდგომში გაცნობებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განხორციელდება", - აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, უპირველესი გეგმა ამ ეტაპზე კოლექტივთან - მოსამართლეებთან, სასამართლო აპარატთან შეხვედრაა და ამის მერე დაგეგმავს იმ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომელიც უნდა განხორციელდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა კი მიიჩნია, რომ ნინო გვენეტაძის განცხადებები სისტემაში გარკვეული ცვლილებების გატარების შესახებ მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს.
"სტაბილურობა პირველ რიგში სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელი. ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს", - აღნიშნა მან.
იურისტები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა რეფორმები უნდა გაატაროს პირველ რიგში ნინო გვენეტაძემ და რა ნაბიჯები სჭირდება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, შელახული რეპუტაციის აღდგენას, საზოგადოების თვალში იმიჯის ამაღლებას და მოსამართლეთა სრულ დამოუკიდებლობას.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემას არა საკადრო ცვლილებები, არამედ ინსტიტუციური სახის რეფორმები ესაჭიროება.
რაც შეეხება თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მას არ შეუძლია სასამართლოს ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინოს. თავმჯდომარეს, მენაბდის თქმით, ადმინისტრაციული ფუნქციები აქვს, თუმცა ვერ ჩაერევა ვერც მოსამართლეების თანამდებობიდან განთავისუფლებაში, ვერც დანიშვნაში, იმაზე მეტად, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრი.
ასევე, მისი თქმით, გვენეტაძეს არ გააჩნია რამე კონკრეტული კანონიერი ბერკეტები იმისათვის, რომ მოსამართლეებზე, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წვლილი მნიშვნელოვანია და იმედს იტოვებს, რომ გვენეტაძემ, როგორც მოსამართლემ, საკუთარი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ იცის მოსამართლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
"მოგეხსენებათ, რეფორმა რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ორგანულ კანონში გარკვეული ცვლილებებია შემოთავაზებული, რომელსაც ვენეციის კომისიამ კონკრეტული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უპასუხა. სწორედ ამის ასახვა მიმდინარეობს ახლა.
"მოგეხსენებათ დღეს მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე თანამდებობაზე სამი წლით ინიშნება. ამ დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას სამჯერ აფასებს და თუკი იგი დადებით დასკვნებსა და შესაბამის ქულებს დააგროვებს, მოსამართლედ უვადოდ ინიშნება.
"ეს წესი კონსტიტუციონალიზმის გონივრულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. არსებობს ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი ექსპერტების უამრავი რეკომენდაცია, სადაც წერია, რომ ეს გამოსაცდელი ვადა უნდა გაუქმდეს და ერთიანი ვადა დაწესდეს. ეს შეიძლება იყოს თანამდებობაზე უვადოდ, ან დაახლოებით 20 წლით გამწესება. ეს პრინციპული საკითხია და მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის პოზიცია ძალიან საინტერესოა და იმედია, მისი მხრიდან თამამი განცხადებები გაკეთდება", - აცხადებს მენაბდე.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, იურისტი ამბობს, რომ არ არის ბედნიერი იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს სასამართლოში გვყავს.
"რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან კარგი მოსამართლეები, მაგრამ ასევე გვყავს მოსამართლეები, რომელთა საქმიანობაც, დამოუკიდებლობის ან კომპეტენციის თვალსაზრისით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
"მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება - სასამართლო კორპუსის შეუცვლელობა და დამოუკიდებლობა. სწორედ ეს უნდა გვედოს ჩვენ მიზნად მაშინ, როცა სასამართლო რეფორმაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამ ინსტიტუციური საკითხების მოგვარება უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და შესაბამისად, მოსახლეობის თვალში ნდობის აღდგენასაც", - დასძენს იგი.
ნინო გვენეტაძის მოღვაწეობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში დიდი ოპტიმიზმით არ უყურებს "პოლიტიკისა და სამართლის ცენტის" ხელმძღვანელი, იურისტი ამირან გიგუაშვილი. მისი თქმით, ეს განწყობა პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ მის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა არ გვინახავს.
"მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა ალბათ უფრო სამართლიანობის აღდგენაა, ვიდრე წინ გადადგმული ნაბიჯი", - მიიჩნევს იგი.
მისთვის ასევე მიუღებელია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და ამბობს, რომ გვენეტაძე ამას მხარს უჭერს. სწორედ ამის გამო მიიჩნევს, რომ იგი ხელისუფლებისაგან შემოთავაზებულ კონიუნქტურას ემორჩილება, ვინაიდან ეს ინიციატივა სწორედ ხელისუფლებას ეკუთვნის.
იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვქონდეს, ამირან გიგუაშვილის აზრით, შემდეგი სამი ფაქტორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მაღალი ანაზღაურება და დაცულობის გარანტიები. ამ უკანასკნელში კი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლეებს ზოგჯერ ძალიან მძიმე განაჩენების გამოტანა უწევთ და არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის შემდგომ მათ ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება ან პასუხისგება მოუწევთ.
"სწორედ ამ სამი ფაქტორის შესრულება უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, რაც თავის მხრივ მართლმსაჯულების მიმართ ნდობის დაბრუნების გარანტიაა.
"თუ ჩვენ "ნაცმოძრაობის" დროს დამონებული, პროკურატურასთან და ხელისუფლებასთან ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა გვქონდა, ეს პირველ რიგში იმის ბრალი იყო, რომ მოსამართლეები თავს დაცულებად არ გრძნობდნენ და ხვალინდელი დღის ეშინოდათ. არ იცოდნენ, იქნებოდნენ თუ არა მეორე დღეს ისევ თანამდებობაზე.
"იმისათვის, რომ ჩვენ ნინო გვენეტაძის, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისაკენ სწრაფვა დავიჯეროთ, პირველ რიგში ამ სამი კომპონენტის შესრულებისაკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა დავინახოთ", - აღნიშნავს იურისტი.
იგი ასევე აცხადებს, რომ მოსამართლეთა საკადრო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ ეხება და იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მსგავსი ცვლილებები განხორციელდება, ეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ გაკეთდება.
"ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ანგარიშვალდებული სასამართლო არ გვინდოდოდა და ასევე არ გვინდა "ქართული ოცნების" მიმართ ანგარიშვალდებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან სხვა მოსამართლეები. ყველა საკადრო ცვლილება ამ პრინციპიდან უნდა იყოს წამოსული", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
იურისტი, ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე კი ნინო გვენეტაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას უღელში თავის გაყოფას უწოდებს და ამბობს, რომ ყველას უთანაგრძნობს, ვინც მსგავს პასუხისმგებლობას და ურიცხვი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე იღებს.
"მის წინაშე ძალიან დიდი სირთულეებია. სასწაულმოქმედი უნდა იყო ადამიანი, რომ შეძლო და ამ ყველაფერს თავი გაართვა. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ყველას წარმატებებს ვუსურვებ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანის გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა და მათი მცირედი მარცხიც კი ჩემი მარცხია. თუმცა, გამზრდელი არ ვარ, რომ იმდენჯერ მოვიკლა თავი, რამდენჯერაც მოსაკლავი მექნება. საქართველოს ამ სფეროს წარმატება ძალიან სჭირდება.
"ძალიან მიხარია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გახდა. ეს არც ამერიკაში მომხდარა, არც საფრანგეთში, არც გერმანიაში და არც არსად. ეს თავისთავად ძალიან კარგი ნიშანია", - აღნიშნავს უგრეხელიძე.