
ხელმძღვანელობაზე განაწყენების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტები - ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია გადაცემების დახურვას არ აპირებენ და არხზე მუშაობას ძველებურად გააგრძელებენ.
როგორც გრიგოლია აცხადებს, არსად აპირებს წასვლას და პარასკევს "რეაქცია" ეთერში ჩვეულებრივ გავა. "არსად ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა ტელევიზიის განცხადება. "რეაქციას" ვგეგმავ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვფიქრობ ფეხის მოცვლას. ვიცი, ეწყინებათ ეს ჩემი სტატუსი, ვისაც ეგონა გავბრაზდებოდი და გავიქცეოდი, მაგრამ მათ ვეტყვი - მეთოდები მოგიძველდათ", - წერს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გრიგოლია.
დამატებით კომენტარებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ხოფერიასაც და გრიგოლიასაც დაუკავშირდა, თუმცა არცერთმა მათგანმა მეტი განცხადების გაკეთება აღარ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა, რის გამოც არხს ბოიკოტი გამოუცხადეს და დებატებში არ მიიღეს მონაწილეობა.
ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ყოველივე ამას კი გუშინ უკვე არხის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და საკუთარ ჟურნალისტებს გაემიჯნა. მათი თქმით, ჟურნალისტების ეს გამონათქვამი საფუძველს მოკლებულია.
"ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ჰქონია "რეაქციის" თემატიკაში, ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რამე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია "იმედი" იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.
რეალურად, "რეაქციაში" ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა, უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.
რასაკვირველია არხისათვის არ არის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლა ეთერის წინ, თუმცა ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები, განსაკუთრებით გადაცემის თემატიკის შეზღუდვასთან ან ტელეარხის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით, რასაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში აღნიშნული წამყვანების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი განცხადებები არასწორად იქნა გაგებული, არხის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ წამყვანების განცხადებები გაკეთდა არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე. ტელეკომპანია "იმედი" აცნობიერებს, რომ ასეთ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებს შეიძლება მოჰყვეს არასწორი ინტერპრეტაციები და გამოთქვამს წუხილს ეთერში გაცხადებული შეფასებების გამო.
ტელეკომპანია "იმედი" მუდმივად რჩება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების და დამოუკიდებელი მედიის პრინციპების ერთგული", - აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების შემდეგ "რეზონანსმა" დაკავშირება "იმედის" გენერალურ დირექტორთან რეზო საყევარიშვილთანაც სცდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა.
ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღიქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გუშინ ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები.
"უპასუხისმგებლო განცხადებით ტელეკომპანიამ ეჭვქვეშ დააყენა ჟურნალისტების პროფესიონალიზმი, სანდოობა და ავტორიტეტი. ის გაემიჯნა თავის ჟურნალისტებს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? სააკაშვილის დროს ასე იწყებოდა პროცესი, რომელიც შემდგომ მთავრდებოდა გადაცემის დახურვით, ტელეკომპანიის დარბევით.
საქართველოს მთავრობას და ყველაზე დიდ "მოქალაქეს" მივმართავ: ცეცხლს ეთამაშებით.
"მე ვფიქრობ, მთავრობის რისხვა გამოიწვია ლევან იზორიას და ინგა გროგოლიას დებატებმა, სადაც ჟურნალისტი ყველანაირი ჟურნალისტური ეთიკის დაცვით ცდილობდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მიეღო პასუხები და ამის გამო ბატონი იზორია ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ზემოთ" სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხდება ზეწოლა მედიაზე.
"დამოუკიდებელი მედია არის ქვეყნის თავისუფლების ლაკმუსი. მივმართავ და ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ თქვენ შეეცდებით ხელი შეუშალოთ ჟურნალისტებს, თავისუფლად განახორციელონ თავისი პროფესიული მოვალეობები და სამოქალაქო საზოგადოებას გადაუკეტავთ მიუკერძოებელი და თავისუფალი ინფორმაციის მიღების გზებს, ამის შესახებ გაიგებს მთელი ცივილიზებული სამყარო და მე პირადად ვიქნები ინიციატორი, გადავდგა ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით", - განაცხადა ხატიაშვილმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე კი "იმედში" განვითარებულ მოვლენებს შიდა მენეჯმენტის პრობლემას უკავშირებს.
"ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია რამე - რატომ ლაპარაკობს არხის ხელმძღვანელობა სხვას და ჟურნალისტები სხვას. მესმის, რომ იყოს სიტუაცია, როდესაც არხის ხელმძღვანელობა რაღაცას მალავდეს, ჟურნალისტები კი ახმომავანებდნენ, მაგრამ ეს სიტუაცია ამასაც არ ჰგავს. თუმცა მე აქ შიდა მენეჯმენტის პრობლემები უფრო მეჩვენება, ვიდრე რამე სხვა", - უთხრა "რეზონანსს" რუხაძემ.