კონსტიტუციური გაუგებრობა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრები მასზე მისვლის სურვილს არ გამოთქვამენ.
პოლიტოლოგების უმეტესობა ამბობს, რომ ვინაიდან პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აღარაა, მისი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მასზე მინისტრების დასწრება აუცილებელი სულაც არაა. ნაწილის აზრით კი, მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტის მოხსენება, რომელიც მინისტრების მუშაობასაც შეეხება, მთავრობამ აუცილებლად უნდა მოისმინოს.
მოგეხსენებათ, მარგველაშვილის პარლამენტში მისვლა 31 მარტსაა დაგეგმილი. პარლამენტის სახელზე დაწერილ ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აწერს, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამიტომ, მოითხოვენ, ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულ იქნან საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ.
მიუხედავად ადმინისტრაციის ამგვარი თხოვნისა, მინისტრებს გამოსვლისადმი დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ და მისვლის სურვილიც ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს. მეტიც, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მისი დასწრების საკითხი უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას, მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
"პირველ რიგში, ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ამიტომ, ვნახოთ. შესაბამისად, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გვეცლება თუ არა, როგორ ჩამოვყალიბდებით და ა. შ. მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული საკითხი, ამიტომ, მე ამ თემას ძალიან მარტივად ვუყურებ", - განაცხადა დანელიამ.
ადმინისტრაციის მოთხოვნას წამგებიან შეცდომას უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ მიუხედევად მიწვევისა, მინისტრები იქ შეიძლება მაინც არ მივიდნენ და ეს პრეზიდენტისათვის დიდი შეურაცხყოფა იქნება.
ლოგიკა, რომლითაც მთავრობა იქ მისვლას არ აპირებს, პოლიტოლოგის თქმით, ისაა, რომ პრეზიდენტის მოხსენება ფაქტობრივად შემთხვევითობაა და ის ქართული პოლიტიკისათვის გადამწყვეტი არ არის.
"მას ხომ რეალური ძალაუფლება არ აქვს. ამ კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი როლის მოძებნა და მინისტრებისათვის თავის დანებება, მგონი, უფრო სწორი იქნებოდა. ნათქვამია "სიყვარული არ იქნება ძალადაო", ამიტომ ჯობია, ამის მცდელობა არ ჰქონდეთ და პოლიტიკურ სივრცეში თავიანთი ადგილი ისე მოძებნონ", - აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არ შეიძლება პრეზიდენტის მოხსენებას რეალური შედეგი ჰქონდეს, რადგან კონსტიტუციაში არაა გაწერილი, თუ რასთანაა ეს გამოსვლა დაკავშირებული. ამიტომაც მას ინერციით გადმოსულ მოვლენას უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ საანგარიშო მოხსენებას ხელისუფლების მეორე შტოსთვის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური - პრეზიდენტი აკეთებდა. ეს პრეზიდენტი კი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აღარაა და ის უბრალოდ ქართული პოლიტიკის საკითხებზე აკეთებს აქცენტებს.
ეს კი, საყვარელიძის აზრით, დაახლოებით ისეთივე მოვლენაა, როგორიც, მაგალითად, ივანიშვილის ინტერვიუ, ვინაიდან ფორმალური ძალაუფლება არც მას აქვს.
"ანალოგიურადაა პრეზიდენტიც - გავლენიანი პირია, მაგრამ რეალური ძალაუფლება არ აქვს. შესაძლოა, ივანიშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მას. ამიტომაც, ეს თუ არ გაცნობიერდა, შესაძლოა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
"ასე რომ, ეს ყველაფერი მორიგი კონსტიტუციური გაუგებრობაა. მაშინ მას ძალაუფლების ნაწილი უნდა მიეცეს და ანგარიშიც იმაზე გააკეთოს, რაზეც პასუხისმგებელია, ან პრემიერი გამოვიდეს მოხსენებით. ასე უფრო ლოგიკური იქნება, ვინაიდან პრემიერს პარლამენტი ნიშნავს, პრეზიდენტი კი მოსახლეობის მიერაა არჩეული. რატომ მიდის პარლამენტთან და რატომ აბარებს ანგარიშს, გაუგებარია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ დებატების ზედმეტობაზე საუბრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის. ამბობს, რომ მათ თავიანთი აქციით შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს და სწორედ ამიტომ უნდათ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ცეცხლის დანთება, ანუ ქარიშხალი ჭიქაში.
"ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. პრეზიდენტი ჩვენთან ისევ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური რომ ყოფილიყო და ყველანაირი ფუნქცია ისევ ჰქონოდა, მაშინ მის გამოსვლაზე მინისტრების დასწრება აუცილებელი იქნებოდა. ახლა კი მთავრობა პრემიერ-მინისტრთანაა დაკავშირებული. ასე რომ, მინისტრების იქ მისვლა, ჩემი აზრით, აუცლებელი არაა", - აღნიშნავს კვესელავა.
საპირისპირო მოსაზრებას აფიქსირებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ამბობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით ვალდებულია, წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგეს და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პრიორიტეტები გააცნოს.
ამავდროულად, ვინაიდან პრეზიდენტი აუცილებლად შეეხება იმ საკთხებს, რომლებიც ამა თუ იმ მინისტრის კომპეტენციაში შედის, მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრები მის გამოსვლას უნდა დაესწრონ.
გარდა ამისა, მისი აზრით, თუკი მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე არ მივლენ, ამით უპატივცემულობას გამოხატავენ და ეს ხელისუფლების იმიჯისთვის საზიანო იქნება.
"მოგეხსენებათ, როცა ქვემო ქართლში, ნოვრუზის დღესასწაულზე პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს შეხვდნენ და მოსახლეობის წინაშე ერთობლივად წარდგნენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და ზოგადად მოქალაქეებს, მათ შორის მეც, გაგვიჩნდა იმის იმედი, რომ პრეზიდენტსა, პრემიერსა და მთავრობას შორის კოორდინაცია არსებობს. ახლა კი, თუ მინისტრთა კაბინეტი ამ გამოსვლას არ დაესწრება, კვლავ გაჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ისევ უთანხმოებაა. ეს კი ქვეყნის იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს", - აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.