ლიკა ამირაშვილი
25.03.2015

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასასწრებად მთავრობის სახელისუფლებო შტოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფის თაობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს, რომელთაც პარლამენტი ირჩევს, თუ ნიშნავს, პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს მიმართა, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა უზრუნველყოს, ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის, პარლამენტში გამოსვლის ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის - პოლიტიკურ დებატებშიც. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში დებატების ფორმატით გაიმართოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ვინაიდან პრეზიდენტი ხელისუფლებისგან პრაქტიკულად ცალკე შტო არის, არ არის საჭირო დებატები გაიმართოს. დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უნდა გაიმართოს. არ მგონია, საჭირო იყოს დებატებში პრეზიდენტის ჩართვა.

ჩვენს ცნობიერებაში პრეზიდენტი მაინც არბიტრის პოზიციაზე უნდა იყოს და არ არის საჭირო, ყველამ თავისი მოსაზრება სწორედ პრეზიდენტის პირისპირ გამოთქვას, არ მგონია, სწორი იყოს. პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს, თავისი სიტყვა თქვას. უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებიც გამოდიან და ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება.

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): ჩვენ ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მინისტრთა კაბინეტია. ნებისმიერი საქმე, რასაც აღსრულება ჰქვია, მთავრობის მიერ არის აღსრულებული. პრეზიდენტი სიმბოლური, ფორმალური პიროვნებაა. ის უნდა გამოვიდეს სიტყვით, თავისი სათქმელი თქვას და ყველაფერი მანდ დამთავრდეს, სადებატო აქ არაფერი არ არის. თუ ვინმე მეტყვის, ამ 2 წლის განმავლობაში რა გააკეთა? მაშინ მე ვიტყვი, რომ დებატები საჭიროა.

ამ ხნის განმავლობაში მისი ფუნქცია ვერ გავარკვიე. საერთოდ ამ კონსტიტუციით პრეზიდენტს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა ის არ აკეთებს.

"ნაციონალური მოძრაობის" კონცეფციისგან შორს ვარ, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მისი გაპრეზიდენტების შემდეგ უამრავი ხმა დაკარგა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პრეზიდენტისთვის ხმა არ მიგვიცია. მე ჩემს პრეზიდენტად არ ვთვლი. საერთოდ ამ ქვეყანას პრეზიდენტი არ სჭირდება. საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს, თავისი ძლიერი პარლამენტით

 ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): პრეზიდენტის დებატების ფორმით გამოსვლა საჭიროდ არ მიმაჩნია. მითუმეტეს, მაშინ როდესაც ყველა მინისტრი პარლამენტში უკვე მიწვეული იყო და თავიანთი ანგარიში წარადგინეს. ვთვლი, რომ დებატები არ არის საჭირო.

საერთოდ პრეზიდენტის ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ჩემთვის მინისტრთა კაბინეტსა და პრეზიდენტს შორის მათი ერთობლივი ფუნქციები გასაგები არ არის. ახალი კონსტიტუცია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გავერკვე, მინისტრთა კაბინეტისთვის რამდენად საჭიროა პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა.

მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მინისტრების ანგარიში უკვე მოისმინა, დებატები სრულიად ზედმეტია.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, პრეზიდეტის პარლამენტში გამოსვლა დებატების ფორმით არ უნდა გაიმართოს. რადგან ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა არ არის აუცილებელი, მთავრობის წევრები დაესწრონ, იმიტომ, რომ ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრემიერ-მინისტრი გახლავთ. თუ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იქნებოდა, მაგ შემთხვევაში მთავრობის დასწრება აუცილებელია.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გამოსვლა უნდა იყოს მხოლოდ გამოსვლა და დებატები საჭირო არ არის. ჩემი აზრით, დებატებით ოპოზიციაა დაინტერესებული, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაც დებატების ფორმით კიდევ ერთი აყალმაყალის გამართვა სურთ.

კიდევ ვიმეორებ, რომ დებატები არ უნდა გაიმართოს, პრეზიდენტი უნდა მოვიდეს, თავისი გამოსვლა გააკეთოს. შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარემ ან სექციის თავმჯდომარეებმა პრეზიდენტის გამოსვლას 3-5 წუთიანი მოხსენებები მიუძღვნან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×