საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტუტუტმა (შკშ) ახალი სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა, რომელთა ნაწილიც უკვე ცნობილია. ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62% - მაჩვენებელი აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებს, კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას აქვს, რომელიც 57%-ით ლიდერობს.
თქვენი აზრით, რამდენად ახლოსაა რეალობასთან ამ კვლევის შედეგები? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
დოდო ხურცილავა: (თეატრმცოდნე)"რამდენად რეალურია კვლევის ეს შედეგები, ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც, თუმცა კითხვები რომ ჩნდება, ეს თავისთავად ცხადია. თუნდაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგები რომ ავიღოთ - "ნაციონალური მოძრაობას" ისეთი შედეგები დაუწერეს, უბრალოდ სასაცილოა. ამ ხალხმა მთელი 9 წლის განმავლობაში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ წარმოუდგენელია დღეს ამხელა რეიტინგს ფლობდეს. შესაბამისად, პირადად ჩემთვის ესეც საკმარისია, რომ კვლევის შედეგების რეალურობაზე ვისაუბრო."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციამ თავისი სახე მიშა სააკაშვილის დროს აჩვენა, მაშინ, როცა არასწორ კვლევის შედეგებს დებდა. ხალხი ყველაფრის ბარომეტრია და მათი განწყობა რეალურ სურათს ყოველთვის აჩვენებს. ჩემთვის ისიც კი საკმარისია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლევების თანახმად მეორე ადგილზეა, ხოლო ბურჯანაძის პარტიას კი წინ "ლეიბორისტები" უსწრებენ, რაც არასწორად მიმაჩნია. ასევე ირაკლი ალასანიას რეიტინგი, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა.
"საბოლოო ჯამში, საზოგადოების განწყობას ხომ ვხედავ, ამიტომ კვლევები რეალობასთან ახლოს ვერანაირად ვერ იქნება. ეს შედეგები მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს ასახავს."
ნიკა ჩიტაძე: (პოლიტოლოგი)"ჩემი აზრით, კვლევები სანდოა, ვინაიდან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი საერთაშორისო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ. რეალურად კვლევის შედეგები სწორედ იმ პოლიტიკურ სურათს ასახავს, რაც დღეს ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი კვლევის თანახმად დაწეულია და ეს სრულიად რეალური მგონია, ვინდაიდან მათ ხალხის იმედები ვერ გაამართლეს.
"მეორე მხრივ, ასევე მოსალოდნელი იყო, რომ "ნაცების" რეიტინგი არ გაიზრდებოდა. ამასთან ერთად, იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ეკონომიკაში ხდებოდა, გასაკვირი არაა, რომ "ოცნების" რეიტინგი დაეცა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კვლევის შედეგები ლოგიკურად გამოიყურება."
თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე):"ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგები კვლევის თანახმად რეალური მგონია, ვინაიდან შედეგებს არ გავუკვირვებივარ. აბსოლუტურად ცხადია, რომ "ოცნების" რეიტინგი დაეცა, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, არც ეს გამკვირვებია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული ფიგურაა კოალიციაში. ჩემთვის კვლევის შედეგები რეალობასთან ახლოსაა და ვფიქრობ, რომ ის საზოგადოების განწყობას კარგად აჩვენებს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე