ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის "ყოვლისმომცველი კორექტირება" გადადო. ფინანსთა მინისტრი თებერვალში ეკონომიკის 4%-იან ზრდასა ელოდება, პარალელურად აკვირდება ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების პროცესს და არ არის გამორიცხული, ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მკვეთრად შემცირება დღის წესრიგიდან მოიხსნას. "რეზონანსი" ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ საკითხებზე პირადად ესაუბრა:
"რეზონანსი": როდის წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტს. რას უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით?
ნოდარ ხადური: დაველოდოთ ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს. იანვრის შემდეგ გადაწყვეტილი გვქონდა ბიუჯეტის კორექტირება, თუმცა საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის. თებერვალი უკვე აქტიური იყო, ამიტომ პირველი კვარტალის შედეგების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თებერვალში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა (ეს არის ერთადერთი ოფიციალური მონაცემი, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს) გაზრდილია 15,5%-ით. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და სხვა პოზიციაში გვაყენებს.
იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 0,5% შეადგინა, მაგრამ იგი ყოველთვის პასიური თვეა. ჩვენი ვარაუდით, თებერვალში ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4% იქნება. მარტი შედარებით აქტიურია, აპრილი-მაისი უფრო უკეთესი იქნება. ჩვენ თუ არ გვეცოდინება შედეგები, გაგვიჭირდება შედარებით კარგი პროგნოზის გაკეთება.
"რ": ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის კორექტირების საკითხს გააჩერებთ?
ნ.ხ: არა, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების გადაწყვეტილება მიღებულია, ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ საბიუჯეტო ცვლილებებს ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება. სეკვესტრი ნიშნავს, როდესაც ფინანსთა მინისტრი პარლამენტის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გარკვეული სახის მუხლებს (მათ არადაცული მუხლები ერქვათ და ძირითადად კაპიტალური ხარჯი იყო) ამცირებდა გარკვეული პროპორციით. ახლა კი თუ რომელიმე მუხლი შემცირდება, შესაბამისად, ზოგიერთი ტიპის ხარჯი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამაზე ვმუშაობთ.
"რ": მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო ახერხებს შემოსავლების მობილიზებას, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არის პრობლემა. ეს წინა წელს გამოიკვეთა. ხშირად ისმის კითხვა, რომ ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურია და სამინისტრო ვერ ახერხებს რეალისტური ბიუჯეტის დაგეგმვას. იქნებ განგვიმარტოთ, შარშან რატომ შეექმნა ბიუჯეტს პრობლემა და არსებობს თუ არა მსგავსი საფრთხე წელსაც?
ნ.ხ: ნებისმიერმა ადამიანმა იცის (არ სჭირდება ამას დიდი ეკონომიკური განათლება), რომ წელიწადის სხვადასხვა თვე და სხვადასხვა პერიოდი განსხვავებული ეკონმიკური აქტივობით გამოირჩევა, ბიუჯეტიც ამ აქტივობას მიჰყვება. საბიუჯეტო შემოსავლები უფრო მეტია მარტში, ვიდრე იანვარში, კიდევ უფრო მეტია ნოემბერსა და დეკემბერში. ეს ბუნებრივად ასეა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიდის ამაზე აპელირება. ბიუჯეტი თანაბრად 1/12-ით ვერ გაიხარჯება. მარტივად გეტყვით, ივნისში პედაგოგებს უნდა მივცეთ ორი თვის ხელფასი, შესაბამისად, ივნისში ხარჯი უფრო მეტი გვქნება, ვიდრე მაისში და ა.შ. ინფრასტრუქტურულ პროექტებს იანვარში და თებერვალში ნაკლები ფული სჭირდება, ვიდრე სხვა თვეებში.
"რ": მაგრამ ეს ყველაფერი ხომ იცით თქვენც, როდესაც საბიუჯეტო ხარჯი თვეების მიხედვით იწერება. შარშან მთელი წელი ბიუჯეტს ხარჯვით ნაწილში ჰქონდა პრობლემა...
ნ.ხ: არანაირი პრობლემა არ ყოფილა, 70 მილიონი ლარი დააკლდა ხარჯვით ნაწილს.
"რ": 2014 წლის ბოლოს ხარჯის დიდი ნაწილი ბიუჯეტიდან ერთბაშად გავიდა...
ნ.ხ: ყოველთვის ასეა. შემიძლია გაჩვენოთ მონაცემები. საქართველოს ისტორიაში ყოველ წელს, ყველაზე მეტი ფული დეკემბერში იხარჯება. სხვათა შორის, 2011 წლის დეკემბერში გაიხარჯა უფრო მეტი, ვიდრე 2014 წლის დეკემბერში, ასე იყო 2010 წელსაც; ანუ დეკემბერში ყოველთვის მეტია ხარჯი და ხანდახან ორჯერ მეტი, ვიდრე სხვა თვეში. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.
რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს. გვეუბნებიან, რომ დაიგეგმა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მიიღეთ 4,8% და ეს არის ცუდი, ანუ თქვენ არ შეგიძლიათ პრონოზირებაო. ცნობილი ეკონომისტი, რომელსაც ჭკუა ნამდვილად მოეკითხება - ალან გრინსპენი ამბობს: დამდგარმა ფინანსურმა კრიზისმა გვაჩვენა ეკონომიკური პროგნოზირების შეუმდგარობა. ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება კარგია, მაგრამ პროგნოზირება არ არის ზუსტი მეცნიერება. ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა, ჯერჯერობით ადამიანს არ მოუგონია ისეთი ფორმულა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შევიყვანოთ რაღაც მონაცემები და ცხოვრების ზუსტი მოდელი შევქმნათ.
საზოგადოების განვითარებაზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა. საზოგადოება კი არის ცხოვრება და ცხოვრებას ასე ვერ დაგეგმავთ.
მით უმეტეს, რომ არსებობს გარე შოკი. საქართველოს აქვს მცირე ღია ეკონომიკა, მასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ ნავთობის ფასი 120 დოლარიდან 50 დოლარზე ჩამოვიდოდა? ეს, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ - ცუდი. ჩვენთვს კარგია, რომ ნავთობპროდუქტები გაიაფდა და ამან შესაძლებლობა მოგვცა შედარებით დაბალი დანახარჯით ვაწარმოოთ პროდუქცია, მაგრამ ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ექსპორტი და იქიდან კი ფულის ნაკადი შემცირდა. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
"რ": ფინანსთა სამინსტროს ერთ-ერთი ფუნქციაა ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი. ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტურობა და კონტროლი. შიდა აუდიტის გაუმჯობესების თვალსაზრისით იყო რაღაც გეგმა, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?
ნ.ხ: ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ფინანსთა სამინისტრო არა მარტო შიდა აუდტზე მუშაობს, არამედ სახელმწიფო მხარჯავი დაწესებულებების განვითარებაზე. აღებული გვაქვს ვალდებულება და წელს რამდენიმე თვეში შეიქმნება ჰარმონიზაციის ცენტრი და რომელიც ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებს. თავისთავად ცხადია შიდა აუიდიტი, შიდა ფინასური კონტროლი აუცილებელია მენეჯერებისთვის, რათა ნახონ, წარმოიდგინონ არსებული პრობლემა, გააკეთონ პრევენცია. ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, გვეხმარება ევროკავშირი. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ყოფილ საბჭოა სივრცეში.
"რ": ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნეთ, რომ წლის ბოლოს ეს ჩვეულებრივი პროცესია და ყოველთვის ასე ხდებოდა. ამ დროს ეროვნული ბანკმა მიანიშნა, რომ დეფიციტური ხარჯი ზეწოლას ახდენდა ლარის გაუფასურებაზე?
ნ.ჩ: 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში, ეროვნულ ბანკს ასეთი განცხადებები არ გაუკეთებია.
"რ": 5 დეკემბერს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა - "მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება". დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტმა დიდი ხარჯი გასწია, იმ პერიოდში ლარი მკვეთრად გაუფასურდა. არის თუ არა ეს ერთმანეთთან კავშირში?
ნ.ხ: ბიუჯეტის დეფიციტი 3,3%-ზე იყო დაგეგმილი. 3%-იან პარამეტრამდე შევამცირეთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საბიუჯეტო ხარჯს და ბიუჯეტის დეფიციტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. კომერციულმა ბანკებმა 31 დეკემბერს ეროვნული ბანკისგან 100 მილიონი ლარით მეტი ისესხეს, მათ რომ ბევრი ფული ჰქონოდათ, ეროვნული ბანკისგან ფულს არ ისესხებდნენ, ვინაიდან 5 იანვრამდე ეს ფული ტყუილად უნდა გაეჩერებინათ.
"რ": ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებს დამატებითი ლარი მისცა იმიტომ, რომ მათ დეპოზიტების ხაზინის ანგარიშზე გადატანით ლიკვიდობის პრობლემა არ შექმნოდათ...
ნ.ხ: ხაზინაში დეპოზიტების გადასვლა დაიწყო 5 იანვარს და არა 31 დეკემბერს ან 27 ნოემბერს. 27 ნოემბრიდან კომერციუოლმა ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი ფულის სესხება ეროვნული ბანკისგან, ვიდრე მანამდე სესხულობდნენ, საუბარია, რეფინანსირების სესხებზე. თქვენ რეალურად ამ თემებზე მუშაობთ და ეს კარგად იცით. ხაზინაში დეპოზიტების გადმოტანა დავიწყეთ 5 იანვარს და თანაც არა ერთბაშად, არამედ პროპორციულად. ბევრმა ბანკმა ეს თანხა ერთ-ორ დღეში უკან დაიბრუნა.
"რ": ანუ ბანკებს ხაზინაში დეპოზიტების გადატანით ლიკვიდობის პრობლემა არ შექმნიათ?
ნ.ხ: რა თქმა უნდა არა, ვინაიდან ბანკებმა ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი გეგმები ამასთან დაკავშირებით.
"რ": მაშინ, როდესაც მიმოქცევაში ლარსა და დოლარს შორის ბალანსი მკვეთრად არის დარღვეული, ხოლო ამ ფონზე ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კიდევ დამატებითი ლარი მისცა და ახლაც აძლევს, არის თუ არა ეს შეცდომა?
ნ.დ: მოდი, ასე ვთქვათ, გაცვლითი კურსის ცვლილებას იწვევს დოლარის მიმოქცევაში შემცირება. ბოლო დროს შემცირდა ექსპორტი და გადმორიცხვა, თუმცა შარშან იყო ყველაზე მეტი ინვესტიცია 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ სავაჭრო თვალსაზრისით დამოკიდებული ვართ ისეთ ქვეყნებზე, სადაც მართლაც რთული მდგომარეობაა. ამიტომაც მიმოქცევაში არსებული დოლარების რაოდენობა მცირდება. იმპორტი დაახლეობით იგივეა, ამიტომ დოლარის გადინება იმდენივეა, შემოდინება - ნაკლები, რამაც გამოიწვია ეს რყევა. იყო პერიოდი, როდესაც, ჩემი აზრით, არასწორი მოლოდინი შეიქმნა, ალბათ, სხვა მოქმედებები იყო საჭირო, რათა ეს აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო, როდესაც კურსი ძალიან მაღლა წავიდა.
ეროვნული ბანკი გვაიმედებს, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება. დაველოდოთ მოვლენებს, მით უმეტეს მონეტარულ პოლიტიკაზე საუბარი ფინანსთა მინისტრის კომპეტენცია არ არის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური მიზნები და პარამეტრები მიღწეული იყოს. მთავარი პრობლემა მაინც არის ჩვენი აზროვნების "დოლარიზაციაა" - არა მარტო ეკონომიკა, აზროვნებაც დოლარიზებული გავაქვს.
ხედავთ, ევროპაში როგორ შეიცვალა დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსი, პრაქტიკულად ისევე, როგორც ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი. მაგრამ ამას იქ ტრაგედიად არავინ აღიქვამს იმიტომ, რომ ყველა ძირითადი ტრანზაქცია კეთდებოდა და კეთდება ევროში. შესაბამისად, ისეთი დარტყმა მსესხებლებზე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, იქ არ ყოფილა.
ჩვენი მიზანია, ლარის მიმართ ნდობა გავზარდოთ. ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ანგარიშგება მოახდინონ ლარში და არა დოლარში. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვენდოთ ლარს.
"რ": ამ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის გაზრდით ბიუჯეტი იღებს მეტ შემოსავალს და გაუფასურებული ლარი "აწყობს" ფინანსთა სამინისტროს...
ნ.დ: ეს არის სასტიკი ტყუილი, რაზეც ჩემი ოპონენტები საუბრობენ. თებერვალში ინფლაცია იყო 1,3%, დღგ-ს ზრდა იყო 15,5%. უხეშად რომ გამოვაკლოთ, დღგ-ს რეალური ზრდა არის 14%. შესაბამისად, გაუგებარია საუბარი იმაზე, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს ხელს აძლევს. რატომ გგონიათ, რომ "მაწყობს", როდესაც ლარის კურსის გაუფასურების გამო გამეზარდა საგარეო ვალი, ასევე ამ ვალის მომსახურება.
ჩვენ გვირჩევნია, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა. ბევრი ქვეყნის ვალუტა უფასურდება დოლართან, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ლარი გახდეს დომინანტი ვალუტა და ეს ბევრ პრობლემას მოხსნის - ლარში გაიცეს სესხები, დეპოზიტები ლარში განთავსდეს.
"რ": მოსახლეობა ლარს მაშინ ენდობა, როდესაც იგი იქნება სტაბილური. ამ საკითხზე კი საზოგადოება ვერ იზრუნებს. ნახტომისებურმა გაუფასურებამ ლარისადმი ნდობა კიდევ უფრო შეამცირა...
ნ.ხ: რასაკვირველია, დაკარგა ნდობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარმა ნდობა დაიბრუნოს და ერთ-ერთ სანდო ვალუტად იქცეს. ძალიან რთულია, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი გადავლახეთ და აღმავლობის ტემპი უფრო მზარდი იქნება. ჩვენ ნელა, მაგრამ წინ მივდივართ.
"რ": თქვენ განაცხადეთ, რომ სავიჟო რეჟიმმა გარკვეული პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორებისა და ტურისტების შემოსვლის თვალსაზრისით. მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა. როდესაც მთავრობაში აღნიშნული პროექტი განიხილებოდა, ეკონომიკურმა გუნდმა გამოთქვა თუ არა შენიშვნა სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით?
ნ.ხ: მთავრობის სხდომაზე რასაც ვამბობთ, ეს რჩება სხდომაზევე. ყველა გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარე. კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.
ფაქტია, რომ აბსოლუტურად თავისუფალი სავიზო რეჟიმი ვერ გვექნება. მაქსიმალური დაცვა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. მეორე მხრივ, სავიზო რეჟიმმა ხელი არ უნდა შეუშალოს იმ ადამიანებს, რომელსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, დასვენება და საკუთარი დანაზოგის დახარჯვა.