უდიდესი გამოწვევაა, განავითარო დემოკრატია, როდესაც საზღვრები არის მორღვეული, ტერიტორიები ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მიმდინარე დისკუსიისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოში მოხდა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებში. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანი უწოდა ნატოსგან მიღებულ პაკეტს. პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ნატოს მეტი წარმომადგენლობა და ჩართულობა საქართველოში და საქართველოს მეტი წარმომადგენლობა ნატოში.
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ნატოს წარმომადგენლობის უფრო მეტი გაზრდა საქართველოში და რა შეიძლება იგულისხმებოდეს მეტ ჩართულობაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): საქმე ისაა, რომ საქართველოში ნატოს ჩართულობა არ ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნატოს ჩვენ არ ვაინტერესებთ. ბატონ მარგველაშვილს ვეთანხმები, რომ მეტი ჩართულობაა საჭირო. ნატომ თავისი ინტერესი უნდა დაგვანახოს, თუ არადა ნატო რაღაც სხვა თამაშს თამაშობს.
ისე გამოდის, რომ არც იქითა ვართ და არც აქეთ. ქვეყნის ასე მასხარად აგდება არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი მართალია, თუ სურვილი აქვთ, ჩართულობაც უნდა გაზარდონ, მაპიც მოგვცენ და უფრო აქტიურად იმოქმედონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პრეზიდენტის ამ განცხადებაში რა იგულისხმებოდა, არ ვიცი. ვფიქრობ, საქართველოში ნატოს წარმომადგენლობა ძალიან კარგად არის წარმოდგენილი და რა ჩართულობაზეა საუბარი?! პირველ ყოვლისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ჩართულობის სიღრმე ამ საკითხს, სამწუხაროდ, არ გადაწყვეტს.
პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გამოჩნდება კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ერი მზად არის თუ არა. აქ აზრი არის ის, რომ ნატო უფრო აქტიურად ჩაერთოს და არა ის, რომ 10 კაცის ნაცვლად 20 ადამიანი იყოს.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერიოსიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): არ მესმის, ნატო რაში უნდა ჩაერთოს. თუ ჯარების შემოყვანას გულისხმობენ, ეს დიდი სისულელეა. ჯარს არავინ შემოიყვანს. ამხელა ქვეყანა - უკრაინა ვერ დაიცვეს და ნატო იქ არ არის?! სულით და გულით ევროპელი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნატოს ჯარები უუნაროა. უკრაინის მაგალითმა გული ძალიან გამიტეხა. რუსეთს ხმას ვერ სცემენ და რომელ ნატოზეა საუბარი.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): გამიხარდებოდა, რომ ნატოს მხრიდან დაჩქარდეს, მაგრამ მე გამიხარდებოდა ჩვენი მხრიდანაც იყოს მეტი ჩართულობა. როდესაც შენ სთხოვ, რომ ნატოში მიგიღონ, შესაბამისად შენი მხრიდანაც ძალიან სტაბილური ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული. ამის შემდეგ მათი მხრიდანაც უფრო მეტი ჩართულობა მოჰყვება.
იქიდან არავინ გეტყვის, რომ გინდა თუ არა ჩემი წევრი გახდიო. როდესაც შენი კოალიციის მსხვილი წევრები საეჭვო განცხადებებს აკეთებენ, კოალიციის მხრიდან პროფესიონალურ დონეზე სასწრაფო შენიშვნა უნდა გამოითქვას იმ წევრისადმი, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მაშინ, როდესაც ჩვენ ნატოში შესვლას ვიხვეწებით. ამის შემდეგ ნატო უფრო დაჩქარებულად იმოქმედებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე