"უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებას თავს არიდებენ თუნდაც იმიტომ, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამო ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა", - პოლიტიკის, მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ მაისაიას თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
"ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ მათი დისლოკაციის ადგილები დაფიქსირდა და ამან ხელი შეუწყო ტრაგედიას. ბუნებრივია, ქართველი მოხალისეები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ამას და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - ამბობს მაისაია "რეზონანსთან".
უკრაინის არმიის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისას, ექსპერტი თვლის, რომ: "ყველაზე ბრძოლისუნარიან შენაერთად ეროვნული გვარდია ითვლება, დანარჩენი კი, რომლებიც მოხალისეები არიან, ამ ეტაპზე მათი საბრძოლო სიძლიერე 50-50-ზეა".
მაისაიას განცხადებით, კერძო სტრუქტურების დანაყოფებისგან განსხვავებით, ეროვნულ გვარდიაში მებრძოლებს მეტი მოტივაცია აქვთ და შეიარაღებაც ძლიერი აქვთ.
"ეროვნული გვარდია ყალიბდება ისეთი მებრძოლებით, როგორებიც არიან მაგალითად: სახელმწიფოებრივი შენაერთების ოფიცრები და სერჟანტები, მოქმედი ოფიცრები და, შესაბამისად, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ბრძოლის წარმოების უფრო მეტი უნარი ჰქონდათ, ამ კუთხით მე მაინც ეროვნულ გვარდიას გამოვყოფდი, რადგან ის სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი კერძო სტრუქტურის შენაერთებია."ერთ-ერთი შენაერთია "აზოვი", რომელსაც აფინანსებდა უკრაინელი ოლიგარქი იმისათვის, რომ ეს შენაერთები კარგად აღეჭურვა. "აზოვის" დანაყოფმა საინტერესო ბრძოლისუნარიანობა გამოაჩინა, თუმცა ეს მაინც კერძო ბატალიონია და ემორჩილება იმას, ვინც ფულს უხდის", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, უკრაინის სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი დანაყოფები რამდენიმე მიმართულებით უნდა შეფასდეს: "აქამდე უკრაინას კი ჰყავდა სხვადასხვა სახის სპეცდანიშნულების რაზმები, მაგრამ სახელი - სპეცდანიშნულების რაზმი ხშირ შემთხვევაში პირობითი იყო და მათ რეალურად საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდათ, ისევე როგორც მთლიან უკრაინულ ჯარს და ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებოდა, იყო კოსოვოს კონფლიქტში მხოლოდ პატრულისა და რიგი ოფიცრების მონაწილეობა ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში.
"რაც შეეხება დღეისათვის არსებულ სიტუაციას, უკრაინის მხარეს იბრძვის სამი ტიპის შეიარაღებული დანაყოფი: პირველი არის უკრაინის შეიარაღებული ძალები, მეორეა - უკრაინის შინაგანი ჯარი და მესამეა - ტერიტორიული ბატალიონები", - ამბობს ალეკო კვახაძე.

მისი თქმით, ჩამოთვლილი სამი დანაყოფიდან ყველაზე ეფექტური და ყველაზე უკეთ შეიარაღებული შინაგანი ძალებია, რადგან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, საკუთარი დანაყოფებისთვის შეიარაღებას ყიდულობს.
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას საკუთარი სამხედრო წარმოება აქვს, იქ ასეთი სისტემა მოქმედებს: სამინისტრომ შეიარაღების წარმოების კომპანიისგან უნდა შეიძინოს იარაღი და ამით შემდგომში ჯარი უნდა შეაიარაღოს. მიუხედავად იმისა, რომ ის სახელმწიფოს ეკუთვნის, უფლება არ აქვს, რომ ჯარი იარაღით მოამარაგოს.
"აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდა, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, შესაბამისად, შეიარაღების მხრივ, უფრო უკეთესი სიტუაცია ჰქონდა. ასევე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პრობლემა არის ის, რომ იქ ძალიან დაბალი მოტივაციაა და ფიქსირდება დეზერტირობისა და სხვა ფაქტები, ასევე, გაუმართავია ტექნიკა, თუმცა უკრაინელები სიტუაციის გამოსწორებას ნელ-ნელა ცდილობენ", - ამბობს კავკასიოლოგი.
მისი თქმით, ისეთი ტერიტორიული ბატალიონები, როგორებიცაა: "აზოვი", "დონბასი" და სხვა, იმით გამოირჩევიან, რომ აქვთ ძალიან მაღალი მოტივაცია, იქ აბსოლუტურად ყველა მოხალისეა და კარგად იცნობენ ადგილობრივ ტერიტორიას, რაც ბრძოლას უფრო აადვილებს.
"მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში თვითნებურად მოქმედებენ და ზოგჯერ მათი ქმედება ცენტრალურ საბრძოლო ქმედებებთან თანხვედრაში არ არის და ზოგ დანაყოფში დაბალი დისციპლინაა.
"საერთოდ მთავრობა ამ ბატალიონების მძიმე შეიარაღებით მომარაგებას ერიდება, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ნებისმიერი ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი სახელმწიფოს წინააღმდეგ შემოუბრუნდეს, ამიტომ მათ მძიმე შეაიარაღებას სახელმწიფო ერიდება", - ამბობს ალეკო კვახაძე.
მისივე თქმით, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების გარდა, არიან ყოფილი ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისათვის პროფესიულ ინსტრუქტაჟს ატარებენ: "რაც ღია წყაროებიდან ვრცელდება, იმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ასეთი ქართული ლეგიონი, რომელსაც მამუკა მამულაშვილი მეთაურობს.
"ასევე, ქართველები მიმოფანტულები არიან სხვადასხვა დანაყოფებში. არიან ისეთი ქართველები ძირითადად, ყოფილი სამხედროები, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისთვის პროფესიულ ინსტრუქტაჟს ატარებენ და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ კურსებსაც ქმნიან", - ამბობს ალეკო კვახაძე.
ჟურნალ "არსენალის" რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო გამოცდილებამ ამერიკელი და ბრიტანელი მებრძოლების გამოცდილებასაც კი გადააჭარბა.
"ფაქტია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ მიიღეს დიდი საბრძოლო გამოცდილება. თუ ჩვენ ამ ომის დასაწყისში ვამბობდით, რომ ის ქართველები, ვინც აგვისტოს ომი ან ავღანეთი გაიარა, შეეძლოთ უკრაინელებისთვის საბრძოლო გამოცდილება მიეცათ, დღეს ამის თქმა სწორი აღარ იქნება.

"უკრაინელებმა ამ ერთი წლის განმავლობაში იმხელა გამოცდილება მიიღეს, რომ თვითონ გადაასწრებენ ამერიკელებსაც და ბრიტანელებსაც კი, რადგან ამერიკისა და ბრიტანეთის, ან ნატოს სხვა წევრების გამოცდილება ძირითადად ერაყისა და ავღანეთის ომებიდან არის, სადაც ასიმეტრიული ომები იყო, ხოლო რაც უკრაინაში ხდება, აქ თითქმის თანასწორი ძალების ბრძოლა მიდის, მათ შორის არტილერიის ფართოდ გამოყენებით", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინული ძალების არის არტილერია: "არტილერიის მუშაობა სერიოზულად აფერხებს პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსული დანაყოფების მოქმედებებს.
"ასევე, გამოვყოფდი სადესანტო ძალებს და, რა თქმა უნდა, ეროვნულ გვარდიას. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჯავშანტექნიკა, მათი ტანკისტები, რომლებიც ამ ბრძოლებში გამოცდილებას ღებულობენ, რადგან სერიოზული სატანკო ბრძოლები მიდის. რომ დავაკვრდეთ, ასეთი სატანკო ბრძოლები დიდი ხანია არ ყოფილა", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.