უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. დაპირისპირებული მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად იცავენ, თუმცა, ეპიზოდური ხასიათის ლოკალური შეტაკებები დროდადრო მაინც ხდება.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში კვლავ რჩებიან შეიარაღებული პირები. მოწინააღმდეგე მხარეების პირადი შემადგენლობის ეთნიკური სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია. სამთავრობო ჯარების რიგებში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან ქართველები, ესტონელები, ლიტველები და რუსებიც კი.
ერთ-ერთი რუსი მოხალისე, მეტსახელად "ბოგატირი", იგივე მაკსიმ კონდრაშოვი, "რეზონანსს" ექსკლუზიურ ინტერვიუზე დასთანხმდა.
"რეზონანსი": რატომ გადაწყვიტეთ უკრაინაში ჩასვლა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა?
მაკსიმ კონდრაშოვი: იმიტომ, რომ რუსეთს დღეს მართავს ყველაზე ანტირუსული, ანტიმართლმადიდებლური და, რაც მთავარია, ყველაზე ანტისლავური ხელისუფლება. სწორედ პუტინის გაურკვეველი გეოპოლიტიკური თამაშების ბრალია ის, რომ ჩვენ, სლავი ძმები, ნაცვლად ურთიერთმხარდაჭერისა, ერთმანეთს უმოწყალოდ ვჟლეტთ.
თანაც, ჩვენი "მამა-მარჩენალი" ამ საქმისათვის ექსტრემისტ-ისლამისტ და ჩვენს ხარჯზე მცხოვრებ რამზან კადიროვსა და მის ხროვას იყენებს. ისინი კი, დარწმუნებული ვარ, ზურგს უკან დაგვცინიან და სიამოვნებით ასრულებენ იმ ბრძანებას, რაც ქრისტიანების და სლავების განადგურებაში მდგომარეობს.
პუტინის ბრძანებით, აქ ცხვრებივით შემორეკეს და მერე ბედის ანაბარა მიაგდეს ასობით რუსი სამხედრო. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ ვებრძოლო რუსეთის უკანონო ხელისუფლებას, სხვა გზა არ მაქვს. თვითონ რუსეთში ოპოზიცია თითქმის არ არსებობს, ყველაფერი "მეფის" ხელშია, ამიტომ მე აქ გარკვეულწილად ჩემი სამშობლოსათვისაც ვიბრძვი, რაგან მიმაჩნია, რომ თუ აქ დამარცხდება პუტინი, მას სავარძელი მოსკოვშიც შეერყევა.
"რ": როდის ჩახვედით უკრაინაში?
მ.კ.: 2014 წლის იანვრის დასაწყისიდან აქ ვარ. რუსეთში აღარ ჩამესვლება. ახლა უკრაინის მოქალაქეობა უნდა მივიღო. "მაიდნის" დროს მინდოდა, უკრაინელი ხალხისათვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა. მათ აღარ სურთ საბჭოთა მემკვიდრეობის ნანგრევებში ცხოვრება. მათ სურთ (და ისინი ამას იმსახურებენ კიდეც) განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს კი დღევანდელ რუსეთთან მეგობრობითა და საბჭოური ყაიდის ჩინოვნიკების ყოლით წარმოუდგენელია.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, "მაიდნის" შედეგებით არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი, რადგანაც ჩინოვნიკთა მეშჩანური გამოხდომებისა და სიხარბის ალაგმვა დღემდე ვერ ან არ ხდება. შედეგებს კი რიგითი მოქალაქეები იმკიან.
"რ": ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
მ.კ.: ძალიან ჩვეულებრივად. ოჯახის წევრებისაგან მხარდაჭერას ვგრძნობ, თუმცა, ჩემს ზოგიერთ მეგობარსა თუ ახლობელს იმდენად აქვს კრემლის პროპაგანდით ტვინი გამორეცხილი, რომ ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტეს და ძალიან ცუდ კონტექსტში მომიხსენიებენ. მათთვის ყველა უკრაინელი არის ფაშისტი, ბანდერას შთამომავალი და დასავლეთის დამქაში. დასავლეთი კი მათთვის გეებთან, გარყვნილებასა და უღმერთობასთან ასოცირდება. სწორედ ასეთი, ზომბირებული ხალხი შეადგენს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და სწორედ ამაშია ვლადიმირ პუტინის ძალა და ხანგრძლივი მმართველობის საიდუმლო.
"რ": უკრაინაში ჩამოსვლამდე რას საქმიანობდით?
მ.კ.: პროფესიით პროგრამისტი ვარ. ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით და მქონდა ნორმალური შემოსავალი, თუმცა, აქ დატრიალებულმა მოვლენებმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არაფერს ვნანობ. სხვათა შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი მაქვს და მიღებული ცოდნა ჩემი ქვეყნის რეალური მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მადგება.
"რ": რამდენი ხანია, რაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში იმყოფებით?
მ.კ.: 2015 წლის იანვრიდან. მონაწილეობას ვიღებდი დებალცევოსათვის წარმოებულ ბრძოლებში. ვცდილობდით, რომ ალყაში მოქცეული ჩვენი ბიჭები გამოგვეყვანა და მოწინააღმდეგისათვის რაც შეიძება დიდი დანაკარგი მიგვეყენებინა.
სამწუხაროდ, ქალაქის შენარჩუნება ვერ შევძელით, თუმცა, სეპარატისტებს მისი აღება ძვირად დაუჯდათ. სწორედ იქ დავრწმუნდი, რომ მათ რუსეთი და რუსული არმია უმაგრებდა ზურგს. ეს მათი შეიარაღების ხარისხსა და მოქმედების ტაქტიკას ეტყობოდა. ის ანალოგიური იყო იმისა, რასაც ჩვენ სწავლებისას გავდიოდით.
"რ": ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში?
მ.კ.: ჯერჯერობით მეტწილად სიმშვიდეა. დროდადრო თუ გადმოვა პატარა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი, ან 1-2 ნაღმს გამოისვრიან ხოლმე, მაგრამ არც ჩვენ ვრჩებით ვალში და პროვოკაციას შესაბამის პასუხს ვცემთ.
ტექნიკა ორივე მხარემ გაიყვანა, მაგრამ სეპარატისტებს ჩასაბმელიანი საარტილერიო დანადგარები და მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნები იქვე, ახლოს ჰყავთ გულდასმით გადამალული. მე პირადად თოვლის დადნობამდე და გამოდარებამდე არაფერს ველოდები, მერე კი ვნახოთ, რას იზამენ. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, საკადრისი პასუხი გავცეთ.
"რ": ქართველ მოხალისეებთან თუ გქონიათ რაიმე კონტაქტი?
მ.კ. არა, მე პირადად არა, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ბიჭები არიან, კარგად იბრძვიან. ქართველები ინსტრუქტორებადაც არიან და საწვრთნელ ბაზაზე ასწავლიან ჩვენს მეომრებს. მათ მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვთ.
"რ": თქვენი აზრით, რა მსგავსებაა დღეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაპირისპირებას შორის?
მ.კ.: რთული სათქმელია, მე პოლიტიკაში დიდად ვერ ვერკვევი, თუმცა, რამდენადაც ვიცი და ვხვდები, თქვენთანაც ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც აქ, უკრაინაში. რომ არა რუსული მხარდაჭერის იმედი, დარწმუნებული ვარ, რომ არც აქაური და არც თქვენი სეპარატისტები ხმას არ ამოიღებდნენ.
სეპარატისტები იქცნენ მოსკოვის მთავარ დასაყრდენ და მატერორებელ ძალად, ბრმა იარაღად მოსკოვის ხელში. თუმცა, ლუგანსკელებსა და დონეცკელებს მოუწევთ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი ცხოვრების ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო დაბლა დაეშვება, რადგანაც, როგორც წესი, რუსეთი მათ გამოიყენებს და მიაგდებს.
მე ნანახი მაქვს ინტერნეტში ოდესღაც ულამაზესი და განვითარებული აფხაზეთის ფოტოები საბჭოთა დროს და დღეს. ნანახი მაქვს, რა ყოვლისმომცველი ნგრევის სურათია იქ ომიდან ორი ათეული წლის მერეც კი. ეს იმიტომ, რომ სადაც რუსეთის ხელისუფლებაა, იქ განვითარებისა და პროგრესის ადგილი არაა.
"რ": რა გეგმები გაქვთ მომავალში?
მ.კ.: რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დაბრუნება ჩემს სამშობლოში, ჩემს მშობლიურ ქალაქ ფსკოვში. რაც უნდა იყოს, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. მინდა, რომ მის სათავეში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ვიხილო, რომელიც ქვეყნის დიდ რესურსს არა დაძაბულობასა და ექსპანსიას, არამედ შიდა განვითარებასა და აღმშენებლობას მოახმარს.