ხვალ თბილისში საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილი უბილეთოდ დარჩა და მათ, სავარაუდოდ, ბილეთების შეძენა დაახლოებით ორმაგ ფასად გადამყიდველებისგან მოუწევთ.
ბოლო პერიოდში თბილისში ბილეთების გადამყიდველების პრობლემა მეტად აქტუალურია. გადამყიდველები რაიმე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე, ძირითადად საფეხბურთო და რაგბის მატჩებზე, ბილეთებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ და შემდეგ უშუალოდ მატჩის დღეს ორმაგად და კიდევ უფრო ძვირად ყიდიან.
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ბილეთების გადამყიდველების პრობლემა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გივი სიხარულიძე (მწერალი): "ეს ისეთია რამეა, რომ არ ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს. ალბათ თვითონ ადმინისტრაციას ისეთი მენეჯერი უნდა ჰყავდეს, ვინც ამას დააბალანსებს ისე, რომ ერთ ადამიანს ამდენ ბილეთს არ მიჰყიდიან. შეიძლება სალარო გადამყიდველებთან მოლაპარაკებულიცაა და ეს ყველაფერი ამის გამო ხდება, თუმცა, შეიძლება არცაა ასე. ზუსტად ვერ გიპასუხებთ, რა ხდება და როგორ მოგვარდეს."
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ვაჭრობა თუ დაშვებულია, მაშინ ყველასთვის დაშვებული უნდა იყოს. ბაზრობიდან რომ ყიდულობენ და შემდეგ მაღაზიაში ყიდიან, ისინი გადამყიდველები არ არიან? მაგათაც თავიანთი ბიზნესი აქვთ. აბა, რა ქნან, თავი რითი ირჩინონ? მაშინ სხვა ალტერნატივა შესთავაზონ და აღარ გააკეთებენ.
"თუ აკრძალული არ არის, უნდა გააკეთონ, აბა, სახლში შვილებს პური როგორ წაუღონ? ხალხს სამუშაო არ აქვს და მანდ იპოვეს გამოსავალი."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ბოლო 30 წლის განმავლობაში სპორტის ფედერაცია და სტადიონები სულ იმაზე წუწუნებდნენ, რომ ბილეთები არ იყიდება. ახლა ეს პრობლემა ვფიქრობ კარგის მიმანიშნებელიცაა, იმიტომ, რომ ქართულმა სპორტმა გაიღვიძა. ეს განსაკუთრებით ფეხბურთზე და რაგბზე ითქმის.
"მე მაგალითად ბილეთების გადამყიდველების პრობლემას ჯერ-ჯერობით საგანგაშოდ და სადისკუსიოდ არ ვაქცევდი. ვერ ვხედავ ვერავითარ გზას, რომ ეს პრობლემა, თუ ბილეთების გადამყიდველები ორ კაპიკს იგებენ, რაიმე სხვა გზით მოვაგვაროთ.
"ჩვენ იმ დროს ვეღარ დავუბრუნდებით, როდესაც ფეხბურთის ბილეთებს რაიკომებში ანაწილებდენ, ამიტომ უსაშველო არაფერი არ არის. ეს პრობლემა თავისთავად დარეგულირდება იმით, რომ ვისაც სტადიონზე მოხვედრა სურს, ცოტა ადრე მივა და ბილეთებს შეიძენს. ეს არის ერთადერთი გზა და დანარჩენი ვითარება გაამკაცრონ და პატრული დააყენონ ბილეთების სალაროებთან, ასეთი მკაცრი ზომების მომხრე არ ვარ."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ზუსტად მასეთი რაღაცა მადრიდში მინახავს, ასევე "არსენალის" თამაშის წინ. ეს საყოველთაო პრობლემაა და მე მგონი, გადაუწყვეტელიც. ეს ყველა იმ პროცესის თანმდევია, სადაც ფულია და ბუნებრივია, გადამყიდველები და სპეკულანტებიც იბადებიან. ძალიან დიდ სტადიონებზე და ძალიან დიდ თამაშებზე მინახავს და ერთი-ორჯერ მეც მისარგებლია.
"კარგი იქნებოდა, რომ დარეგულირებულიყო და ეს თანხა სპეკულანტის ხელში არ მოხვდეს, მაგრამ თუ ასე წავიდა საქმე, ბევრ რამეში უფრო კატეგორიულები უნდა ვიყოთ. ხალხს, ქვეყანას უჭირს და ამ ადამიანების მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ. თუ სხვა ყველაფერი დალაგდება და ნორმალური მთავრობა გვეყოლება, ეს ხალხიც აღარ მოიპარავს და ამდენი სპეკულანტებიც აღარ იქნებიან."
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ძალიან რთული საკითხია. როდესაც ადამიანი მოდის და 10 ბილეთს ყიდულობს, ე.ი. 10 არ უნდა მიჰყიდო. სპორტი ასეთი პოპულარული თუ იყო, რომ უკვე გადამყიდველებიც არსებობენ, არ მეგონა. ჯერ ერთი, სასიხარულოა, რომ ასეთი ყურადღებაა, მეორეს მხრივ კი, შეიძლება რაღაც ზომები უნდა მივიღოთ. "საერთოდ, ადრე ასე იყო - 4 ბილეთზე მეტს არ აძლევდნენ. სალაროში უნდა დაწესდეს, რომ ერთ ადამიანს ბევრი ბილეთი არ მისცენ. ან გაყიდვა პირადობის მოწმობით მოხდეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე