"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესთან და ვშიშობ, ეს არ არის ბოლო ტერაქტი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საახელმწიფო თუ რადიკალურ ზომებს არ გაატარებს, მოხდება თვითკონსოლიდაცია და საზოგადოება თვითონ აღადგენს სამართლიანობას. "პატრიოტთა ალიანსი" კი უკვე დაუმორჩილებლობის დაწყებით იმუქრება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, მას ინფორმაცია აქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოყვანისთვის და გასამართლებისთვის, მისი პარტია რამდენიმე კვირაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
ინაშვილის განცხადებით, გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და დაიწყება კარვების აქციები.
"კლავენ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება. ამ მკვლელობების ორგანიზებას აკეთებენ მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა კრიმინალი ყოფილი მაღალჩინოსნები. ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ეს ადამიანები საქართველოში ყურით ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გუნდს არ აწყობს სამართლიანობის აღდგენა და ამ თემაზე მოსაუბრე ადამიანები.
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეკრიბოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელი პირები და მისცეს საგანგებო დავალება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოსაყვანად.
"გონივრულ ვადებს ვთავაზობთ მთავრობას და თუ ამ ვადაში ვერ დავინახეთ, რომ ყველა მექანიზმი ჩაირთო, დავიწყებთ მასობრივი შეკრებების ორგანიზებას და მოვითხოვთ იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სრული დაუმორჩილებლობა. თუ ისინი ვერ აკეთებენ მათ ჩამოყვანას და ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ჩვენ გავაკეთებთ ამას", - განაცხადა ინაშვილმა.
მის აზრს იზიარებს დიმიტრი ლორთქიფანიძეც. იგი ბესო ხარძიანის მკვლელობასა და ხნის წინ შვილის საფლავთან აფეთქებულ იური ვაზაგაშვილის საქმეს შორის პარალელს ავლებს და ამ მკვლელობებს სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ ჯაჭვში განიხილავს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტების სერია კიდევ გაგრძელდეს.
"ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, რომ ადამიანები, რომლებიც მედროშეები იყვნენ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ტერორისტული აქტის შედეგად იქნენ ჩამოშორებულნი ვგულისხმობ იური ვაზაგაშვილს და ბესო ხარძიანს.
"ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ამ ტერაქტებს ერთმანეთთან კავშირში ვხედავ და ვშიშობ, ეს არ არის ბოლო ტერაქტი, რომელიც მოხდება ჩვენს ქვეყანაში ხალხის დასაშინებლად და შესაჩერებლად იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან აჭიანურებს, უფრო მეტიც, ამ პროცესს მე დაწყებულსაც ვერ დავარქმევ.
"ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა ღონე იხმარა "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციისთვის, რომელიც არის ტერორისტული ორგანიზაცია და ამის ნათელი დადასტურებაა 7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი და 26 მაისი.
"ბესო ხარძიანი იყო პიროვნება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" 2007 წლიდან ებრძოდა. ჯერ იყო, რაღაც გარაჟისთვის ნახევარი მილიონი გადაახდევინეს, მერე 5 მილიონი, შემდეგ დაიჭირეს და ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. მაშინ ზუსტად იგივე ქმდებების განხორციელებას აპირებდნენ, რაც ბატონ თეთრაძეს გადახდა ციხეში.
"ციხე იყო ინსტრუმენტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, ყველაფერი იგეგმებოდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, რამიშვილის თანამონაწილეობით და მერე მითითებებს ასრულებდნენ ციხის ჯალათები. ციხეებში არავითარი თვითშემოქმედება არ ყოფილა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სქემა, რომელსაც ისინი ასრულებდნენ", - გვითხრა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, 21 მარტის აქციის მერე "ნაციონალები" სხვა გეგმის ამოქმედებაზე გადავიდნენ, ამიტომ იგი ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს.
"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის მერე დარწმუნდა, რომ არავითარი გასაქანი არ აქვთ და როგორც ჩანს, სხვა გეგმის ამოქმედებაზე გადავიდნენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება 180 გრადუსით უნდა შეცვალოს. ვფიქრობ, უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიონ და განიხილონ ეს ტერაქტების საკითხი.
"თუ სახელმწიფო ამას არ უზრუნველყოფს და ამას არ აიყვანს უმაღლესი კატეგორიის პოლიტიკის რანგში, როგორც მთავარ გამოწვევად, მაშინ სამართლიანობის საკითხს საზოგადოება თავად მოჰკიდებს ხელს. სახელმწიფო თუ რადიკალურ ზომებს არ გაატარებს, მოხდება თვითკონსოლიდაცია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში პროკურატურაში "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი" დანაშაულების გამოსაძიებლად ახალი დეპარტამენტი შეიქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის შესწავლის შემდეგ "ნაციონალების" დროს წართმეული ქონება დაზარალებულებს უკან დაუბრუნდებათ. ლორთქიფანიძის თქმით, სამართლებრივად ამის განხორციელება თავისუფლად შესაძლებელია.
"სამართლებრივად შესაძლებელია, პირველ რიგში უნდა დაუბრუნდეთ ქონება იმ ადამიანებს, რომელთა მატერიალური აქტივები სახელმწიფოს ბალანსზეა, მის დაბრუნებას წინ არაფერი არ უდგას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.