"ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს"
ლიკა ამირაშვილი
03.04.2015

 სამართალდამრღვევის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები ამოქმედდება - საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. სპეციალისტების ინფორმაციით, აჭარაში უკვე განადგურებულია ბზის 95 პროცენტი.

ამის შესახებ მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მურღულიას განცხადებით, კოლხური ბზის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და არეალის შემცირების ტენდენციით ხასიათდება, ამის ერთ-ერთი უმთავრეს მიზეზად კი მის უკონტროლო ჭრას ასახელებს.

"კანონით სანქციებია დადგენილი. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.

"საჯარიმო სანქციების ოდენობა ორასიდან ხუთას ლარამდე მერყეობს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს - სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება," - განაცახადა მურღულიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბზის მოპოვება მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზეა შესაძლებელი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაავადება ე.წ "ბზის სიდამწვრემ" აჭარის რეგიონის ტყის უნიკალური ბზის კორომები თითქმის გაანადგურა.

"კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარეა. ეს მცენარე, ისედაც ძალიან დიდი შეზღუდვით ხასიათდება, ამიტომ თავის დროზე საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

 "დაავადება "ბზის სიდამწვრე" აჭარის ტერიტორიის გარდა, დაცულ ტერიტორიებზეცაა გავრცელებული, იგივე მტირალას ეროვნულ პარკში. გასულ წელს აჭარისა და დაცული ტერიტორიები შევისწავლეთ, ასევე წელს მაისის თვეში კვლევებს ჩავატარებთ იმის შესახებ, თუ რამდენი პროცენტია განადგურებული.

"ჩვენ ასევე იდენტიფიცირებული გვაქვს ის ადგილები, სადაც დაზიანება შეინიშნებოდა, ამიტომ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მისი შესწავლა მოხდება, რადგან აქამდე ქართველ მეცნიერებში ამ დაავადების მიმართ ჩამოყალიბებული ვერსია არ არსებობდა. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების შეჩერება ვერ მოხერხდა, ჯანსაღი ბზის კორომებიდან თესლის ბანკია შექმნილი, იმისათვის რომ მომავალში მისი აღდგენა მოხდეს," - განაცხადა იორდანიშვილმა.

კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ირგანიზაციების ქსელის კოორდინატორი აჭარაში რეზო გეთიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას, ამბობს, რომ აჭარაში ბზის 95 პროცენტია განადგურებული.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯიშია და კოლხური ტყის შემადგენელი ნაწილია. ახლა დაავადებამ ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ნუსხაში შევიდა, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

"ძირითადად მისი ბუნებრივად გავრცელების არეალი აჭარა, სამეგრელო და იმერეთია, მცირე რაოდენებით რაჭაშიც გვხვდება. გარკვეული პატარა კორომები აღმოსავლეთ საქართველოშიც გვაქვს, თუმცა აღმოსავლეთ საქართველო ბუნებრივი გავრცელების არეალად მაინც ვერ ჩაითვლება.

 "დღეს აჭარაში ბზის 95 პროცენტია განადგურებული. ეს არამარტო ეკოლოგიური კატასტროფაა, არამედ კულტურული, იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა. ასევე ქვეყნისთვის ბზის განადგურება, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისითაა ზიანის მომტანი, არამედ ეკოტურიზმისთვისაც.

"ჩვენ ათასწლოვანი ბზის კორომები გვქონდა, მაგალითად, კინტრიშის ნაკრძალში, 500-დან 1000-წლიანი სახეობა მთლიანად გახმა. თვითონ მოსახლეობამაც აღარ უნდა იყიდოს. არსებობს ქიმიური პრეპარატები, რისი საშუალებითაც შეწამვლა და მკურნალობა შესაძლებელია. 95 პროცენტი კი დავკარგეთ, მაგრამ 5 პროცენტი მაინც უნდა გადავარჩინოთ," - განაცხადა გეთიაშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×