"როცა თამაშში იმარჯვებ არა სხვისი მოკვლის, დამარცხების შედეგად, არამედ მაშინ, როცა სხვა ბედნიერია - ეს მშვენიერი იდეაა"
თაია არდოტელი
06.04.2015

 "მშვიდობის პარკი" - ონლაინ თამაში, რომლის მთავარი მიზანი კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველი და აფხაზი ბავშვების დაახლოება და გაერთიანებაა. თამაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვას" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი მიზანია, ახალგაზრდებს ისეთი გარემოს შექმნა ასწავლოს, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა ნინო ნანიტაშვილმა განაცხადა, პროექტზე მუშაობის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ბედნიერი, სასიამოვნო თამაშის შექმნა, რომლებიც მიხვდებოდნენ, თუ რა კარგია, როცა ასეთი იდილია გაქვს, მითუმეტეს დაპირისპირებულ მხარეებთან.

"პროექტი იყო ერთი - "ონლაინ თამაშების საშუალებით ახალგაზრდებში ნდობის და ურთიერთგაგების აღდგენა", რომელშიც 2 კომპონენტი იყო. ერთი - ის აქტივობები, ახალგაზრდული ცენტრები, რომლებიც ერთმანეთს უშუალოდ ეთამაშებოდნენ და მეორე - "მშვიდობის პარკი" - თამაში, რომელიც შევქმენით. ორივე ერთი დიდი პროექტის ნაწილია, თუმცა, ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი აქტივობაა.

"ონლაინ სივრცეში, სადაც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია ხდებოდა, 6 ახალგაზრდული ცენტრი გვქონდა - თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, გალის, სოხუმისა და ოჩამჩირის ახალგაზრდული ცენტრები, ასევე გაეროს ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეები, კომპიუტერული თამაშების მოყვარულთა კლუბები. ბავშვები დაწყვილებული იყვნენ, მაგალითად, თბილისი-გალი, ზუგდიდი-სოხუმი, ოჩამჩირე-ქუთაისი და პროექტში ჩართული იყვნენ 4 სესიის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 2-3 თვეს გრძელდებოდა.

"არსებული თამაშის ფარგლებში, ისინი ონლაინ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გვყავდა შერეული ჯგუფები, "ლურჯი" და "წითელი" გუნდები, სადაც იყვნენ როგორც აფხაზი, ასევე ქართველი ბავშვები. მათ რაღაც კონკრეტული დავალება ეძლეოდათ, მაგალითად, უნდა აეშენებინათ სახლი, შეეგროვებინეთ ყვავილები, დავალების წარმატებით შესასრულებლად კი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ როგორც ჩათის მეშვეობით, სადაც ავტომატურად ითარგმნებოდა მიმოწერა, ასევე "სკაიპის" საშუალებითაც.

"რაც შეეხება "მშვიდობის პარკს", ეს არის თამაში, რომელიც ჩვენი ინიციატივით, ჩვენს რეალობაზე მორგებით შეიქმნა. თამაშის შექმნისას ეთნოგრაფებთან, მკვლევარებთან, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებთან ვმუშაობდით, კონსულტაციები გავიარეთ, რათა ყველა მხარისთვის მისაღები კონცეფცია შეგვექმნა.

"მშვიდობის პარკს" ერთი ბავშვი თამაშობს, რომელიც პარკშია, აქვს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები - საქანელები, სკამები, ნაყინის აპარატი და ამ ნივთებით პარკი უნდა მოაწყოს. სულ 25 ტურია და ამ ტურებში პარკსაც სხვადასხვა განლაგება აქვს, სხვადასხვა ობიექტებია, იზრდება პარკში მყოფთა რაოდენობაც.

"პარკს ჰყავს ვიზიტორები, რომლებსაც შეიძლება მოსწონთ ერთმანეთი, შეიძლება - არა. მთავარი აზრი ისაა, რომ შენ უნდა იპოვო თამაშში ის წერტილები, ის გადაკვეთები, რომლებიც მათ დაამეგობრებს ერთმანეთთან.

"შეიძლება "ფ" ოჯახის წევრს არ მოსწონს "ი" ოჯახის წევრი, მაგრამ ორივეს ერთი საქანელა მოსწონს და ეს მოწონება გადაწონის მათ შორის არსებულ ანტიპათიას, ანუ მოთამაშის წაგება-მოგება ვიზიტორების ბედნიერებასა და კმაყოფილებაზეა დამოკიდებული.

"თამაშში მოვერიდეთ ყველანაირ ეთნიკურობაზე, რუკაზე ან ა.შ. ხაზგასმას, რათა სიტუაციის გამწვავება არ მომხდარიყო. შევეცადეთ პარკი მაქსიმალურად დამსგავსებოდა კავკასიის რეგიონს. ამისთვის დომინო, ჭადრაკი და ასეთი ნივთები შევიტანეთ.

"რეგიონული ფორმატის მიცემა ამ პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმიტომაც, რომ ეს ნდობის თვალსაზრისს უფრო ზრდიდა. როდესაც იგივე აფხაზ ბავშვებს ეუბნები, რომ ეს პროექტი მხოლოდ თქვენზე და ქართველებზეა მორგებული, მათი მხრიდან მთლად დადებითი დამოკიდებულება შესაძლოა არ წამოსულიყო, ან მათ მშობლებს არ მოსწონებოდათ, ხოლო როცა უკვე იქ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც იყვნენ, ნდობაც უფრო მაღალი იყო.

"პროექტის მსვლელობისას ძირითადი აქცენტი იმაზე გვქონდა, რომ კონფლიქტების მოგვარება საერთო ინტერესის ფარგლებში განგვეხორცილებინა, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ ახალგაზრდებს საერთო ინტერესები აქვთ, რომ ნებისმიერი ფიზიკური, გეოგრაფიული თუ პოლიტიკური ბარიერის მიუხედავად, ონლაინ შეხვედრა შეუძლიათ. გვინდოდა, რომ ქართველი ბავშვები, რომლებსაც აფხაზ ახალგაზრდებთან არასოდეს ჰქონიათ შეხება, მათ ონლიან სივრცეში მაინც შეხვედროდნენ," - ამბობს ნინო ნანიტაშვილი.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ პროექტში მონაწილე ზოგიერთმა ბავშვმა ურთიერთობა გააგრძელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებში ურთიერთობის დასათბობად და იმისათვის, რომ ერთმანეთისადმი უცხოდ და უარყოფითად არ იყვნენ განწყობილი.

როგორც ნანიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის დიდი უპირატესობა არის ის, რომ ბავშვს იმის პირდაპირ თქმით ნაცვლად, რომ იმიტომ უნდა იყოს მეორე ეთნიკურ ჯგუფთან კარგად, რადგან ასეა საჭიროო - ამ თამაშში უბრალოდ პირობას უქმნი, რომ თავად გამოსცადოს, რატომ არის კარგი სხვასთან ურთიერთობა, თვითონ მიხვდეს, რომ მათაც იგივე ინტერესები აქვთ, იგივე რეალობაში ცხოვრობენ და საშიშები არ არიან.

"ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარის ნინო კალანდარიშვილის შეფასებით, რომელმაც ტრენინგი ჩაუტარა თამაშში მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს, პროექტი სრულიად ახალი მიდგომაა და წესით, მოზარდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

"ჩემი აზრით, პროექტი "მშვიდობის პარკი", რაც "ელვამ" განახორციელა, ქართულ სინამდვილეში ძალიან განსხვავებული, უნიკალურია ინოვაციური პროექტია. როგორც ვიცი, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო მიდგომაში მსგავსი რამ არ ყოფილა და რაც მთავარია, თამაში კონფლიქტების მოგვარების, დარეგულირების მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

"თამაშში მშვიდობიანი, ყოფითი სიტუაციაა, როგორც ნებისმიერ პარკში. "მშვიდობის პარკის" პრინციპი, სადაც ადამიანების რამდენიმე ჯგუფია, ისაა, რომ მაქსიმალური ქულები მოაგროვო. ამისათვის კი ისეთი კონფლიქტი არ უნდა შეიქმნას, რომელსაც ვერ მოაგვარებ. ანუ, მცირე ყოფითი კონფლიქტების მოგვარების გზით ხდება თამაშის ბოლოში გასვლა.

"მნიშვნელოანია ისიც, რომ აგრესიული ადამიანი, რომელსაც სამშვიდობო მიდგომა არ აქვს, ამ თამაშს ვერ მოიგებს. მთავარი ამ თამაშში ის კი არაა, თუ ვინ ვინ არის, მთავარია, მონაწილეებმა დაარეგულირონ, მოაგვარონ თამაშში შექმნილი მცირე კონფლიქტები (მაგალითად, ვიღაცას ლურჯი სკამი მოსწონს და ვიღაცას - მწვანე, ისინი იმ სკამებზე უნდა დასხდნენ, რომელიც მოსწონთ და არა პირიქით), თამაშის წესებით ითამაშონ და ბოლოში გავიდნენ," - აღნიშნავს ნინო კალანდარიშვილი.

როგორც "მთელ კვირას" ისტორიკოსმა, გია ანჩაბაძემ განუცხადა, მას აღნიშნული პროექტის შესახებ არ სმენია, თუმცა მოსმენილის საფუძველზე თვლის, რომ საინტერესო მიდგომაა, მაგრამ 23 წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ პოლიტიკურ დონეზე არ მოხდა რაღაც ცვლილებები, მაშინ ურთიერთობის დასათბობად ასეთი კარგი პროექტიც კი ფუჭი აღმოჩნდება.

"ნამდვილად კარგი იდეაა და სწორია ბავშვებთან მუშაობა, რათა მტრად არ აღიქვან ერთმანეთი. უფრო მეტად დაახლოვდებიან, გაიცნობენ ბავშვები ერთმანეთს, მტრულ ნიადაგზე აღარ გაიზრდებიან, მაგრამ მარტო ბავშვებზე ყურადღების გამახვილებაც არ შეიძლება, საჭიროა მთლიანად საზოგადოებებს შორის ურთიერთობის დათბობა.

"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონზე მოხდეს რაღაც ახალი მოდელის მოძებნა, რაზეც შემდგომი ურთიერთობები აეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კარგი პროექტებიც კი ფუჭი იქნება," - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ანჩაბაძე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგ მანანა მელიქიშვილის თქმით, ძალიან კარგი პროექტია, რადგან კარგი საფუძველი აქვს - ერთი მხრივ, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ურთიერთგაცნობა და მეორე მხრივ, ტოლერანტობის, სხვისი ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობა.

"კარგი იდეაა გატარებული ამ თამაშში, იმიტომ, რომ ადამიანთა დაახლოება მაშინ ხდება, როდესაც რაიმე გაერთიანებს და პროექტის ავტორები აბსოლუტურად მართლები არიან, როდესაც ძირითადი აქცენტი საერთო ინტერესებსა და პრობლემის ერთად გადაჭრაზე გააკეთეს.

"იმისათვის, რომ სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფები გაერთიანდნენ, საჭიროა, საერთო მიზანი, საერთო ინტერესები ჰქონდეთ და როგორც ჩანს, ეს თამაშიც ამ იდეის საფუძველზეა შექმნილი და იდეა მე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რაღაც პოზიტიური შედეგი ექნება ამ თამაშს, მითუმეტეს, რომ მასში ჩართული აფხაზი და ქართველი მონაწილეები ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ერთობლივი ძალებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას.

"რაც შეეხება ურთიერთობის დათბობას, ზოგადად, თუ ადამიანთან ურთიერთობა არ გაქვს, უფრო ნეგატიურად აღიქვამ მას, მაგრამ როდესაც მასთან ურთიერთობაში შედიხარ, ეს ნეგატივი უკვე პოზიტივით იცვლება.

"ამასთან, თამაში "მშვიდობის პარკი" შეიძლება ძალადობის საწინაღმდეგოდ მიმართულ პროექტადაც მივიჩნიოთ. როცა თამაშში იმარჯვებ არა სხვისი მოკვლის, დამარცხების შედეგად, არამედ მაშინ, როცა სხვა ბედნიერია - ეს მშვენიერი იდეაა," - აცხადებს ფსიქოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×