ლარის კურსი ისევ მიშვებულია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის გეგმა არსად ჩანს. დღეს თითქმის ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებულმა ლარის საკმაოდ დიდმა მასამ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გააუფასურა. ამასთანავე, მთავრობა ქვეყნის მთავარი ბანკის ქმედებებზე დუმილს ამჯობინებს და ამით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. კერძოდ, ხალხის გაღატაკების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის ინტერესებშიც შედის - პროდუქტების გაძვირებით ბიუჯეტში დამატებითი ფული გროვდება, ამასთან, სებ-ისგან მიღებული ფულის ნაწილით კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ და ფულს ბიუჯეტში რიცხავენ.
მოსახლეობამ უკვე მოისმინა, რომ გარე ფაქტორებმა და შიდა ეკონომიკურმა პრობლემებმა დოლარსა და ლარს შორის ბალანსი დაარღვია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია. თუმცა, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, ისედაც გაუფასურებული ლარის პირობებში, რატომ უშვებს მიმოქცევაში ეროვნული ბანკი დამატებით ფულს და ამით ეროვნული ვალუტის გაუფასურებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის წახალისებაზე დღეს თითქმის ყველა მედიასაშუალება საუბრობს. თუმცა, "რეზონანსი" პირველი გაზეთი იყო, რომელმაც ეს საკითხი დღის სინათლეზე გამოიტანა. ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წელს დავინტერესდით, როდესაც ლარი უფასურდებოდა, ეროვნული ბანკი მკვეთრად რატომ ზრდიდა რეფინანსირების სესხის მოცულობას და რატომ უწყობდა ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას ხელს. ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის არგუმენტირებული ანალზი საზოგადოებას არ უნახავს.
ეროვნული ბანკის მანიპულაცია
წლის დასაწყისში ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოების რისხვის თავიდან ასაცილებლად განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა კომერციული ბანკების დიკვიდობის პრობლემის დაძლევას ემსახურებოდა. ეს პრობლემა კი ბანკების წინაშე მაშინ წამოიჭრა, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ორგანიზაციების დეპოზიტების სახელმწიფო ხაზინაში გადატანის პროცესი დაიწყო. "ბიზნეს-რეზონანსთან" ფინანსთა მინისტრმა და მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა ლიკვიდობის პრობლემის არსებობა კატეგორიულად უარყვეს.
ნოდარ ხადურმა "ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, რომ ხაზინაში დეპოზიტების გადასვლა დაიწყო 5 იანვარს და არა 31 დეკემბერს ან 27 ნოემბერს, როდესაც სებმა მიმოქცევაში ფულის საკმაოდ დიდი მასა გაუშვა.
"27 ნოემბრიდან კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი ფულის სესხება ეროვნული ბანკისგან, ვიდრე მანამდე სესხულობდნენ, საუბარია, რეფინანსირების სესხებზე. თქვენ რეალურად ამ თემებზე მუშაობთ და ეს კარგად იცით. ხაზინაში დეპოზიტების გადმოტანა დავიწყეთ 5 იანვარს და თანაც არა ერთბაშად, არამედ პროპორციულად. ბევრმა ბანკმა ეს თანხა ერთ-ორ დღეში უკან დაიბრუნა", - აღნიშნა ნოდარ ჯადურმა.
იანვრის დასაწყისში სახელმწო ორგანიზაციების დეპოზიტების ხაზინაში გადატანით შეექმნათ თუ არა ბანკებს ლიკვიდობს პრობლემა? ამ კითხვით "ბიზნეს-რეზონანსმა" ქვეყნის 4 უმსხვილეს ბანკს "საქართველოს ბანკს," "თიბისი ბანკს", "ლიბერთი ბანკსა" და "რესპუბლიკას" მიმართა. პირველმა სამმა ბანკმა, ცალსახად განაცხადა, რომ მათ ლიკვიდობის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. "რესპუბლიკამ" კი ამ კითხვას არ უპასუხა იმ მოტივით, რომ ბანკის პასუხიმგებელი პირები თბილისში არ იმყოფებოდნენ.
"ლიბერთი ბანკში" კი პირდაპირ აღნიშნეს, რომ დეპოზიტების გადატანასთან დაკავშირებით სახელმწიფო ხაზინასთან კოორდინირებულად მუშაობდნენ. "ლიბერთი ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან კოორდინირებულად მუშაობდა და არანაირი პრობლემა არ შექმნია", - განაცხადეს ბანკში.
გამოდის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის სარგებელი
დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ რეფინანსირების სესხების ზრდით, ანუ დამატებითი ფულის მიმოქცევაში გაშვებით ეროვნული ბანკი ისედაც ავადმყოფ ლარს უფრო მეტად აავადებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დადგა მეორე საკითხი, სებ-ის ქმედებაზე რატომ დუმს მთავრობა. ეკონომისტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ლარის გაუფასურება მთავრობის ინტერესებშიც შედის.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძე "ჯიეიჩენთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა არის ცუდი. ეს პროცესი მოკლევადიან რყევაზე გავლენას ნაკლებად ახდენს, მაგრამ მთლიანობაში არაჯანსაღ პროცესს უწყობს ხელს. "ეს არის ცუდი. მოკლევადიან რყევებზე ნაკლებად ახდენს იგი გავლენას, მაგრამ დღევანდელ მდგომარეობაში, იგი მთლიანობაში ხელს უწყობს არაჯანსაღ პროცესებს", - ამბობს სებ-ის ყოფილ პრეზიდენტი.
მიუხედავად ამისა, გოცირიძის აზრით, ეროვნული ბანკი მთავრობას თურმე ხათრს ვერ უტეხს და სწორედ ამიტომ ზრდის მიმოქცევაში ლარის მასას.
"იბადება კითხვა: რატომ არ იღებს მთავრობა ხმას? ვინმე დაასწრებდა ეროვნული ბანკის კრიტიკას? იმიტომ, რომ ეს კეთდება სწორედ მთავრობის "ხათრით". წელს მთავრობა, ისევე როგორც შარშან 600 მილიონი ლარის ოდენობის ვალს იღებს კომერციული ბანკებიდან ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინსნსებლად... ბანკებსაც რა ენაღვლებათ. იპოვეს მეწველი ძროხა მთავრობის სახით. წელს სახაზინო ვალდებულებებიდან, ანუ ბიუჯეტიდან საპროცენტო შემოსავლის სახით დაახლოებით 80 მილიონ ლარს მიიღებენ", - აღნიშნავს გოცირიძე და დასძენს, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა არასწორია. "არ არის სწორი. ერთია, როცა იგი ერთჯერადია და მეორე, როდესაც მრავალგზის განმეორებადია და რაღაც ოდენობა ნარჩუნდება თვეების განმავლობაში. ერთი წლის წინათ ასეთი ნაშთი 350 მილიონი ლარი იყო, ახლა 700 მილიონი ლარია", - აღნიშნავს გოცრიძე.
ცნობისათვის, წელს ფინანსთა სამინისტრო 1,097 მილიარდი ლარის ფასიან ქაღალდებს გაყიდის. ამ ფულის თითქმის ნახევარი ძველი ვალის გასტუმრებისთვისაა განსაზღვრული, ანუ 497,1 მილიონი ლარით წინა წლებში ემისირებული სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით მიღებული ვალი გადაიფარება, ხოლო 600 მილიონი ახალი ვალია. ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებიდან უნდა მოიზიდოს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებისადმი მთავრობის ინტერესს არც "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე გამორიცხავს.
"გარკვეული ინტერესთა თანხვედრა არის. პირველი, ბევრი საუბრობდა, რომ ლარი ხელოვნურად იყო გამყარებული და დევალვაცია ექსპორტს წაახალისებდა. მეორე საკითხია ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ აღწევს და მისი გაზრდით ბიუჯეტი დამატებით შემოსავალს მიიღებს. არ არის გამორიცხული, ვიღაცას მართლა ჰქონდეს ამის ინტერესი.
უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთავრობა ეროვნული ბანკიდან ფულს პირდაპირ ვერ მიიღებს, მაგრამ არსებობს ირიბი მექანიზმი. ეროვნულმა ბანკებმა კომერციულ ბანკებს მისცეს სესხი და შემდეგ ისინი ამ ფულის ნაწილით სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებს შეიძენენ. ამიტომ რახან კონკრეტულად ბანკები აკეთებენ განაცხადს, რომ მათ ეს ფული სჭირდებათ, ჩნდება კითხვა რაში სჭირდებათ? არ არის გამორიცხული, აქ იკვეთებოდეს ინტერესი ბანკებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. პრობლემა არის ის, რომ არავინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდება, სად არის ზღვარი და როდის უნდა შეიცვალოს ამგვარი დამოკიდებულება", - ამბობს პაატა შეშელიძე.
"ბიზნეს-რეზონანსი": მოსახლეობის დიდ ნაწილს ვალდებულებები დოლარში აქვს. აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურებამ უამრავი პრობლემა შექმნა და ისინი მთავრობის წინააღმდეგ განაწყო. ეს პროცესი მთავრობისთვის პოლიტიკურად არამომგებიანია და მათ ინტერესში რატომ უნდა შედიოდეს?
პაატა შეშელიძე: თქვენ მთავრობის წევრები ისეთი განათლებული გგონიათ, რომ მასშტაბურად იფიქრონ და ყველაფერი გათვალონ? არა მგონია, მათ აღნიშნულ პროცესებზე სრული წარმოდგენა ჰქონდეთ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს აკეთებენ. არც ის არის გამორიცხული, დღევანდელ დღეზე ფიქრობდნენ და ხვალ ხელისუფლებაში დარჩენის იმედი აღარც ჰქონდეთ.
ეკონომისტი გოჩა თუთბურიძე კი ამ პროცესში ვინმეს ინტერესს გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი გარე ფაქტორების გამო გაუარესებული საგადამხდელო ბალანსია.
ასე რომ, სპეციალისტების ერთი ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვება და კურსზე ზემოქმედება სოციალურ მღელვარებას უწყობს ხელს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთანავე, მთავრობას რთულ ეკონომიკური პირობებში დამატებითი ფული სჭირდება და ამიტომ ხმას არ იღებს.
მთავრობასა და ეროვნულ ბანკს კურსის დასტაბილურების დოკუმენტი ჯერ კიდევ არ შეუმუშავებიათ. მოგეხსენებათ, მთავრობა ლარის გამყარებას სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციის გეგმავს, თუმცა ამ დროისთვით მხოლოდ რამდენიმე ობიექტია გაყიდული და ამ თანხას თვეების განმავლობაში ბოლომდე ეტაპობრივად მიიღებს.