ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას თქმით, ხარძიანის სავარაუდო მკვლელის აღწერილობა უკვე ცნობილია და მის კვალზე რამდენიმე მტკიცებულების შეჯერების შემდეგ გავლენ. თავად ოჯახის წევრები კი გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
"მას შემდეგ, რაც სახელი და გვარი დასახლდება და მას შემდეგ, რაც გამოძიება იტყვის, ვინ იყო დამკვეთი, მერე ვისაუბროთ," - უთხრა "რეზონანსს" გარდაცვლილის დამ, მაია ხარძიანმა.
"გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც კი კონკრეტულად ექნებათ რაიმე ინფორმაცია, განცხადებას გაავრცელებენ. ველოდებით ზოგიერთი მტკიცებულების დაზუსტებას და შედარების შემდეგ გადამწყვეტ პასუხს დადებენ. გამოძიების დასრულებას მეც თქვენსავით ველოდები. უბრალოდ, როგორც მითხრეს, მტკიცებულების მიხედვით ირკვევა, რომ იგი შუახნის მამაკაცია, არც ძალიან ახალგაზრდა და არც ხანდაზმული. კონკრეტულად პიროვნების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა - ეს დაკავების შემდეგ გაირკვევა," - გვითხრა ადვოკატმა სალაყაიამ.
მისივე თქმით, გამოძიებას და გარდაცვლილის ოჯახს მკვლელობის მსგავსი ვერსია აქვთ.
"დატოვა თუ არა დამნაშავემ საქართველო, არ ვიცი. როგორც ვიცი, (ამის დასადგენად) მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა დადებითი პასუხი, რომ მან დატოვა საქართველო, არ არსებობს," - ამბობს სალაყაია.
უფრო კონკრეტულად, თუ როდის დასრულდება გამოძიება, უცნობია. გუშინ ბადაშვილის უწყებასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელშესახები მტკიცებულებები არსებობდეს.
"გამოძიებას უნდა მივცეთ დრო. პროკურატურამ და შს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს, რომ არსებობდეს ხელშესახები მტკიცებულებები. ახლა უკვე ჩვენ ერთადერთი ვალდებულება გვაქვს - სიმშვიდე და მოლოდინი, რომ ხელი მივაწვდინოთ იმას, ვინც ეს საძაგლობა ჩაიდინა," - განაცხადა წულუკიანმა.
თავად გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
"მე მხოლოდ და მხოლოდ დავეყრდნობი გამოძიებას, აღარ გამოვდივარ და არაფერზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. არ მინდა, რამე შემეშალოს. ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოთქმული ბრალდება ძალიან რთულია. მკვლელის სახელით დამკვიდრებას სჯობს ცოცხლად დაიმარხო. არ მინდა, ვიღაც დაისაჯოს და მკვლელი დადიოდეს. ვინმესთვის შეტენილი მკვლელობა არ მინდა, ამას არ დავუშვებ.
"მას შემდეგ, რაც სახელი და გვარი დასახელდება და გამოძიება იტყვის, ვინ იყო დამკვეთი, მერე ვისაუბროთ," - გვითხრა მაია ხარძიანმა, ბიზნესმენის დამ.
შეგახსენებთ, რომ კუს ტბის ყოფილ მფლობელ ბესო ხარძიანს 28 მარტს შუადღეს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მრავლობითი ჭრილობის შედეგად იგი რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში დაიღუპა. გარდაცვლილის მეუღლის ინფორმაციით, ხარძიანს მოტოციკლეტისტმა ესროლა, რომელსაც შავი ჩაფხუტი ეხურა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოტოციკლს იმ დღესვე ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ავტოფარეხთან მიაგნეს და, როგორც იმ დღესვე გახდა ცნობილი, პროკურატურამ პიროვნების ფოტორობოტიც შექმნა.
ბიზნესმენის ოჯახის წევრები ხარძიანის მკვლელობას მის სამართლიანობის აღდგენის კუთხით დაწყებულ ბრძოლას უკავშირებენ. მკვლელობის პირველი დღიდანვე სავარაუდო მოტივად დასახელდა ფინანსური დავა ბიზნესმენ რევაზ ქურასბედიანთან და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ წევრთან, გია უდესიანთან კუს ტბის გარშემო. მათ გარდაცვლილი ამ კომპლექსში წილის ჩამორთმევაში ადანაშაულებდა და მათ წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანციაც ჰქონდა მოგებული, მეორე კი მაისში სრულდებოდა.
უდესიანის მფარველობაში გარდაცვლილის მეგობარმა, ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ, პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილიც დაადანაშაულა, რომელიც ღირსების შელახვისთვის კორძაიას წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
თავად გია უდესიანი კი მის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს.
რაც შეეხება კუს ტბას, ბესო ხარძიანი აცხადებდა, რომ გია უდესიანმა კუს ტბის წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ ის დააკავეს. ეს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მოხდა, 2011 წელს. ციხეში ხარძიანი ორი წელი იჯდა და მუდმივ წნეხს განიცდიდა.
სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირებენ ოჯახის წევრები და ახლობლები ბიზნესმენის მკვდელობას.
"მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მზად ვარ ისე, როგორც ყოველთვის, ვიაზროვნო სახელმწიფოებრივად და სამართალმა თავისი მტკიცებულებებით თავისი სიტყვა თქვას, რათა ერთხელ და სამუდამოდ კუს ტბის თემაზე საუბარი დამთავრდეს. რაც შეეხებათ დამნაშავეებს, ესენი არიან: ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გია უდესიანი, ყველა ის ოფიცერი და თანამშრომელი, მათ შორის, უსაფრთხოების უფროსი ყაჭეიშვილი, რომელიც მე ციხეში მაწამებდა და მაწვალებდა," - ამბობდა ხარძიანი საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ.