მთვარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უკვე ორი კვირაა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა შეძლებს თუ არა ამისთვის საკმარისი 60 დეპუტატის ხმის მოგროვებას, ჯერ კიდევ უცნობია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რათა ამან "პროცესი არ დააზარალოს."
"ჩემს კოლეგებთან ბევრ საკითხზე ვლაპარაკობთ, თუმცა მთვარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი მთავარია. ის, რომ მთავრობა უნიათოა, ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ეკონომიკაში საქმე უკან მიდის, ლარი უფასურდება და ყველაფერი ძვირდება, მთვარობისგან კი ტრაბახის მეტი არაფერი გვესმის და ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.
"რაც შეეხება მთავარობის გადაყენების პროცედურის დაწყებას, ამას სჭირდება 60 დეპუტატის ხელმოწერა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ საკითხით არ შემოვიფარგლებით და კოლეგებთან სხვა თემებზეც ვსაუბრობთ, თუმცა რომ არ დავაზარალო ეს პროცესი, არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო. არ მაქვს თვითმიზანი, რომ 60 ხმა მოვაგროვო და ეს საკითხი დავსა მხოლოდ. ყველაზე პრობლემატურია ის, რომ ჩვენი თანამოქალაქებისთვის ცხოვრება ყოველდღიურად სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. რაც უფრო დიდხანს იქნება მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა სილაში თავით ჩარგულ პოზაში, მით უარესი ქვეყნისთვის. 60 ხმის მოგროვება-არმოგროვება კი არ არის მთავარი პრობლემა, მთვარია ის, თუ როდის მოეგება გონს ფაქტიური მმართველი", - ამბობს მაჭავარიანი "რეზონანსთან" საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 50, "თავისუფალ დემოკრატებს" კი 8 დეპუტატი ჰყავს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ალიანსის შემთხვევაშიც შეუძლებელია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყება და მათ უპარტიო დეპუტატებთანაც მოუწევთ კონსულტაციების გამართვა.
კითხვაზე, კონკრეტულად ვისთან აწარმოებენ კონსულტაციებს, მაჭავარიანმა გვითხრა, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს.
"არ მინდა ვილაპარაკო, იმიტომ, რომ პროცესი დაზარალდება. გამოვა, რომ ერთმანეთთან გაზეთის მეშვეობით ვურთიერთობთ. ახლა ისეთ ფაზაში ვართ, რომ სჯობს პირადი ურთიერთობით და პირადი საუბრებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა. აღდგომის დღესასწაულების გამო მოლაპარაკებები შენელდა, თუმცა მომავალ კვირადან ისევ აქტიურად დავიწყებთ," - უთხრა "რეზონანსს" მაჭავარიანმა.
"თავისუფალი დემოკრატები" და უპარტიო დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავთ, თუმცა მათი პოზიცია უკვე ცნობილია - ყოფილ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
"ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, რომლითაც ვმოქმედებთ და ვმუშაობთ და ისეთ საკითხებში, რომელიც ვერ განხორციელდება და შედეგზე ორიენტირებული არ იქნება, არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. არანაირი კონსულტაციები არ გვქონია და არც ვაპირებთ "ნაციონალებთან" ერთად რაიმე პროცესში ყოფნას," - უთხრა "რეზონანსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
ის, რომ მთავრობა უნიათოა და მათი გადაყენება აუცილებელია, ამაში "ნაციონალებს" მურმან დუმბაძეც ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ მან ეს საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დააყენა და თუ ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს, გაუხარდება, თავად კი "ნაციონალებთან" თანამშრომლობას არ აპირებს.
"ეს საკითხი ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დავაყენე. პოლიტიკური პარტია არ მაქვს და იმიტომ არ ჩანს ჩემი განცხადებები. ვფიქრობ, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ვერ შეესებამება იმ თანამდებობას, რაზეც არის. ასე რომ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" არ შევუერთდები და თუ ისინი ჩემს წინადადებას დაუჭერენ მხარს, კმაყოფილი ვიქნები," - უთხრა დუმბაძემ "რეზონანსს".
შეგახსენებთ, რომ მთვარობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყება "ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტის აქციაზე დააანონსა.
"ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა, შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა, მთავრობა არც იქ მოვიდა. ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად. ჩვენ გვჭირდება 60 დეპუტატი და ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება. სახელისუფლებო გუნდის იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", აქ უფრო იმედიანად ვართ," - განაცხადა მაშინ მაჭავარიანმა.
რაც შეეხება თავად მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას, ის რამდენიმე ეტაპიანია და როგორც პარლამენტი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, საკმაოდ რთულია. ის ფიქრობს, რომ "ნაცმოძრაობა" ამ საკითხის ინიცირებას ვერ მოახერხებს.
"მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა კონსტიტუციის 81-ე მუხლშია გაწერილი და საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ ჯერ მხოლოდ ამ საკითხის ინიცირება მოხდეს, არანაკლებ 60 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც ცნობილია, "ნაციონალებს" პარლამენტში ჰყავთ 50 დეპუტატი და "თავისუფალ დემოკრატებთანაც" რომ გაერთიანდნენ, მაინც არ იქნება საკმარისი. როგორ აპირებენ ამ საკითხის ინიცირებას, ჩემთვის გაუგებარია. თანაც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" 35 დეპუტატი თუ დადის," - გვითხრა კახიანმა და დასძინა, რომ საკითხის ინიცირება შედარებით მარტივია წინ კიდევ საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი.
"მიუხედავად ამისა, თუ შეაგროვეს 60 კაცი, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ურთულესი პროცედურებისა, რომელიც თვითონ დაწერეს თავის დროზე. თანაც იმიტომ, რომ რთული ყოფილიყო მთვარობის გადაყენება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლებაში თვითონ დარჩებოდნენ და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.
"საკითხის ინიცირების შემდეგ არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღეში უნდა მოხდეს კენჭისყრა უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიის შემადგენლობის უმრავლესობა. დღეის მდგომარეობით თუ ვიანგარიშებთ, ეს არის დეპუტატის 76 ხმა. ხოლო ამის შემდეგ არა უგვიანეს 25 დღეში უნდა მოხდეს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევა, კენჭისყრა და პრეზიდენტისთვის წარდგენა, რომ პრეზიდენტმა წამოაყენოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ახალი პრემიერობის კანდიდატის წამოყენებასაც სჭირდება სიის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამის შემდეგ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, წამოაყენოს თუ არა პარალმენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. შეუძლია არც წამოაყენოს. თუ არ წამოაყენა, ამის მერე პარლამენტმა თავიდან უნდა უყაროს კენჭი ამ კანდიდატს, რომელსაც უკვე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება," - განაცხადა კახიანმა.