საქართველო სირიიდან და ერაყიდან შემოსულ, თავშესაფრის მაძიებელთა 95%-ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს ანიჭებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კოკაიამ განუცხადა, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევები ძირითადად ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილთა ნაკადის შემოსვლის თავდაპირველ ეტაპზე ფიქსირდებოდა, ისიც იმიტომ, იმ დროისთვის ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შიდა გადაადგილების ალტერნატივა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სირიელი და ერაყელი ქრისტიანებისა და ეზიდების დასახმარებლად ჰუმანიტარულ პროცესებში ჩაერთოს. როგორც სანიკიძემ გუშინდელ სესიაზე განაცხადა, ამ ხალხის მიმართ საქართველოს ვალი აქვს.
"საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი სახე როგორც ქვეყანამ, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე ქვეყნის გარეთაც. საუბარია აღმოსავლეთის ქრისტიანებზე და ეზიდებზე. ეზიდური წარმოშობის ბევრი მოქალაქე გვყავს. ქართულმა სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სპეცსამსახურებმა, შსს-მ ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება," - განაცხადა სანიკიძემ.
თქვენი აზრით, საქართველომ სირიიდან და ერაყიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელები უნდა მიიღოს თუ არა ლტოლვილებად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ალბათ ლტოლვილებად უნდა მივიღოთ. ვალდებულება, რაც გაგვაჩნია, უნდა ავიღოთ. ადამიანები არიან და ადამიანებს ყოველთვის მხარში დგომა სჭირდება. მე ასე ვთვლი.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ. ჩვენი ლტოლვილები საკმარისად გვყავს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში ცხოვრობენ. მთავრობამ ჯერ საკუთარ ხალხს მიხედოს, შემდეგ უცხოელ ლტოლვილებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მდგომარეობას ვიზიარებ, ასე რამდენი ომიც ატყდება, ჩვენ თუ ყველა მივიღეთ, ისედაც საშინელი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. პირველ რიგში, ამ მთავრობამ საკუთარ მლტოლვილებს უნდა მიხედოს.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმიტომ, რომ ჯერ საკუთარ ლტოლვილებს უნდა მიხედონ, იმ ლტოლვილებს უნდა მიხედონ, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ესენი დემოკრატიას რომ თამაშობენ - სირიელები და ერაყელები, რომ ჩამოყავთ და უფრო უკეთესად უნდა აცხოვრონ, ასე არ შეიძლება.
ჩვენს საკუთარ ლტლოვილებს ამდენი წელი ელემენტარული დახმარება არ აქვთ, რა დროს სირია და ერაყია? მაგრამ ასე მხოლოდ მსოფლიოს დასანახად იქცევიან. როდესაც ყველას დააპურებენ და ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნიან, შემდეგ ვინც უნდათ ის მოიყვანონ.
ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტ-არქიტექტორი): ვფიქრობ, ეს სამინისტროს იმპროვიზაცია არ არის. ალბათ, საქმე ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი აზრით, ლტოლვილები ევროპულ ქვეყნებში უნდა იყვნენ განაწილებული, მხოლოდ ჩვენ 10 ათას ადამიანს ვერ მივიღებთ, მაგრამ მთლად უარის თქმაც არ შეიძლება.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, გარკვეულწილად ასეთ დევნილებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, თუმცა სასურველი იქნება, ევროკავშირისაგან გარკვეული ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა მივიღოთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე