იაგო ნაცვლიშვილი
16.04.2015

 დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას ამ მკვლელობაში გიორგი ჩიქოვანი, იგივე "მაიმუნა" ადანაშაულებს, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობის დროს ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამტკიცებს, რომ თავად არ იცოდა თუ შამათავა დატყვევებული პირების მოკვლას და შემდეგ ზღვაში ჩაგდებას აპირებდა. "მაიმუნამ" სასამართლოს ჩვენება ინგლისიდან "სკაიპის" საშუალებით მისცა.

ოფიციალურ გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ მოკლულების - ცინდელიანისა და ქარდავას - ოჯახები. ამბობენ, რომ არ აქვთ საფუძველი, გამოძიებას არ ენდონ და ელოდებიან, რომ სასამართლო დამკვეთებზეც გავა.

შამათავას ადვოკატი გია გოროზია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში სულ ორი მოწმე ფიგურირებს გიორგი ჩიქოვანი და ონისე კვაშილავა, მათი ჩვენება კი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, ცინდელიანის მკვლელობის დროს, გასროლისას ერთმა კვამლი დაინახა, მეორე მოწმე კი კვამლის არსებობას საერთოდ გამორიცხავს. ადვოკატის ცნობით, არის სხვა შეუსაბამობებიც. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ჩიქოვანის გარდა მოწმეები კიდევ ჰყავთ და ყველა მოწმის ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლო 2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარებული ხაიშის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელიანის და იმავე წელს 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარებული სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლის პაატა ქარდავას საქმეს განიხილავს. ცინდელიანი და ქარდავას გაუჩინარების ფაქტზე, ბრალდებულია აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსი რომან შამათავა. სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა.

მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი გიორგი კავსაძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი ჩიქოვანმა იგივე "მაიმუნამ" სასამართლოში დაკითხვაზე რომან შამათავა დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობაში ამხილა.

"ეს არის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრალად ჰქონდა შერაცხული რომან შამათავას. ამის გარდა ჩვენ სხვა მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამ მკვლელობაში შამათავას მონაწილეობას ადასტურებენ. მარტო გიორგი ჩიქოვანზე ე.წ. "მაიმუნაზე" არ ვართ დამოკიდებული. ჩვენ სხვა მოწმეებიც დავკითხეთ. ამჟამად სკაიპით დაიკითხა გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც დაადასტურა რომან შამათავას მიერ ორი ადამიანის მოკვლის ფაქტი. თითეული ფაქტი წვრილმან დეტალებში აღწერა, რაც სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს. მაგალითად დავით ცინდელიანის ჯვრის ამბავი, რომელიც ზღვაში ამოტივტივდა.

"ჩიქოვანმა ახსნა, რომ მე არ ვიცოდი ამ პიროვნებას მოკვლას თუ უპირებდაო. ორივე შემთხვევაში მითხრა, ფოთში მიმყავსო, გზაში კი მოკლაო. ამ მკვლელობის შემდეგ მემუქრებოდნენ და მითვალთვალებდნენ, რომ არ წამომცდენოდა ამ მკვლელობის ფაქტი, ამის გამო დავტოვე საქართველო და წავედი საზღვარგარეთ საცხოვრებლადო.

 "მან ინგლისიდან განცხადებით მიმართა პროკურატურას, ამის საფუძველზე საქართველოს წარმომადგენლობაში იმყოფებოდა და იქ დაიკითხა სკაიპის საშუალებით. ჩიქოვანმა სასამართლოზე დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

"დავით ცინდელიანი დააკავეს შს სამინისტროს მაშინდელმა კუდის თანამშრომლებმა, რომლებსაც უნდა გადაეყვანათ თბილისში, მაგრამ ბოლო წუთს მიიღეს ბრძანება, დაკავებული პიროვნება ჩაებარებინათ რომან შამათავასთვის. კუდის თანამშრომლებმა დაკავებული შამათავას ბათუმში გადასცეს. ბრძანების გამცემი, დააკავეთ და თბილისში ამოიყვანეთო, იყო მაშინდელი კუდის უფროსი დავით ახალაია. შემნდეგ გასცა ბრძანება, თბილისში ნუ ჩამოიყვანთ, ბათუმში წაიყვანეთ და გადაეცით რომან შამათავას, რადგან ის არის აფხაზეთის კუდის უფროსი და ის მოუვლისო. თბილისის ცენტრალური აპარატის კუდის თანამშრომლებმა დაკავებული პიროვნება ჩაიყვანეს და გადასცეს რომან შამათავას, რომელმაც ის წაიყვანა. წინასწარ ჰყავდა "მაიმუნა" გაფრთხილებული, რომ უნდა დახვედროდა. ნავზე აიყვანა და "მაიმუნას" უთხრა, ფოთის მიმართულებით წავიდეთო. აი, ამ მგზავრობის პროცესში მოხდა ის მკვლელობა, რაზეც ისაუბრა გიორგი ჩიქოვანმა სასამართლოზე," - განაცხადა პროკურორმა.

დათო ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ოფიციალურ გამოძიებას ენდობა. ოჯახი რომან შამათავასთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

"შამათავა, რომელმაც ჩემი უდანაშაულო შვილი დახვრიტა, წყალში ჩააგდო და ზღვის ცხოველების ლუკმა გახადა, დაჭერილია. მოვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯოს, მას უნდა შეეფარდოს სამუდამო პატიმრობა და მერე აღიაროს, ვინ შეუკვეთა, ვინ მონაწილეობდა მასთან ერთად. ჩემი შვილი არ ყოფილა სამშობლოს მოღალატე, ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იყო. თუ შამათავას სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან, ამას არ შევეგუებით და ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს," - ამბობს ცინდელიანის დედა.

პაატა ქარდავას ძმა ხვიჩა ქარდავაც ამბობს, რომ ოჯახი გამოძიებას ენდობა. "ველოდებით სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ ვერდიქტს. ამ ეტაპზე არ გვაქვს საფუძველი, რომ გამოძიების მიმდინარეობაში ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, სასამართლოს მიმდინარეობისას უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა შამათავას ჩემი ძმის მკვლელობა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი," - უთხრა "რეზონანსს" ხვიჩა ქარდავამ.

რომან შამათავას ადვოკატი გია გოროზია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გიორგი ჩიქოვანის, იგივე "მაიმუნას" ჩვენება სიცრუეზეა აგებული.

"ზოგადად "მაიმუნა" პროკურატურისთვის ოქროს მოწმეა, მისი ჩვენება კი ტყუილზეა აგებული. მან თქვა, რომ საქართველოდან იმის გამო გაიქცა, თითქოს მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებოდა. ამაში მან დაადანაშაული თეიმურაზ პატარიძე, რომელიც 2008 წელს აჭარის კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) უფროსი იყო. სასამართლოზე პატარიძე არ დაკითხულა, მაგრამ ალბათ მას პროკურატურა არც გამოიძახებს, ვინაიდან გამოძიებისას ის არაერთხელ დაიკითხა, თუმცა ბრალი არც ერთხელ არ უღიარებია. აღსანიშნავია ისიც, რა მოტივით მიიღო გიორგი ჩიქვანმა ლონდონში პოლიტიკური დევნილის სტატუსი. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია გადამოწმებული, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შამათავასგან მაქვს ცნობა, რომ მისი ლონდონში წასვლის ერთადერთი მოტივი იყო ის, თითქოს პატარიძემ მას შეუკვეთა ნინო ბურჯანაძის და მისი მეუღლის მკვლელობა. ახლა კი სასამართლოს ატყუებს და ამბობს, რომ ინგლისში პოლიტდევნილად ჩაბარების ერთადერთი მოტივი იყო ის, რომ შამათავა ემხილებინა ჩადენილ დანაშაულებში. დავუშვათ, რომ ასე იყო, მაშინ სად იყო ამდენი ხანი?! კი ბატონო, წინა ხელისუფლების პირობებში მას საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ სად იყო 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა? რატომ არ გამოჩნდა მაშინვე და არ მისცა ჩვენება? მას ჩვენება მიცემული აქვს 2013 წლის დეკემბერში," - ამბობს ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

"ამ საქმის კიდევ ერთი მოწმეა ონისე კვაშილავა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ასევე იმყოფებოდა მკვლელობის ადგილას. ლოგიკურია, რომ ორივე მოწმეს ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა მათი ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. თუნდაც ის, რომ კვამლი დაინახა კვაშილავამ, მაგრამ ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ გამორიცხულია იქ რაიმე კვამლი ყოფილიყოვო. რა თქმა უნდა ჩიქოვანი არის პროკურატურის მიერ შეთხზული მოწმე.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ მის წინააღმდეგ 2008 წელს საქმე აღიძრა. "მაიმუნა" ბრალდებულია ჯანმრთელობის დაზიანებისა და გაუპატიურებისთვის. შემდეგ მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამის შემდეგ მოხდა მკვლელობები, რომელსაც აბრალებენ რომან შამათავას. გამოძიება მოატყუა, თითქოს მაშინ ისევ მუშაობდა, საინტერესეოა როგორ მუშაობდა ნასამართლევი პირი შსს-ში. არსად, არც ერთ დოკუმენტში არ მოიპოვება ცნობა, რომ ის ამ პერიოდში მუშაობდა. 2009 წლამდე ის გათავისუფლებული იყო, სანამ ნასამართლეობა მოეხსნებოდა. მოგვიანებით მან სასამართლოში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ არ ვმუშაობდი, მაგრამ არაოფიციალურად მაინც დავდიოდიო.

"საქმეში არსებობს ორი მოწმე ონისე კვაშილავა და გიორგი ჩიქოვანი. ამ ორი მოწმის გარდა საქმეში სხვა მოწმე არც კი ფიგურირებს. თუ კიდევ სხვა მოწმეს მოიგონებენ და აბსურდულ გარემოებებზე ჩვენებას მიაცემინებენ, ეს არ ვიცი," - გვითხრა გია გოროზიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×