ანუ რატომ ამსგავსებენ თბილისს ღაზას სექტორს
თაკო მათეშვილი
16.04.2015

 მოუწესრიგებელი, უადგილო და უსისტემო მშენებლობები - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომლის მოგვარების გზების ძიებაშიც მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდებით. ქალაქის დღევანდელი მთავრობა ხელს "ნაციონალური მოძრაობისაკენ" იშვერს და ამბობს, რომ ყველა იმ მშენებლობაზე, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მოძრაობას აფერხებს, ანაგვიანებს ან სხვა რაიმე პრობლემას ქმნის, ნებართვა ქალაქის წინა მთავრობის პირობებშია გაცემული.

"ნაცმოძრაობა" ბრალდებებს მარტივად პასუხობს - არც ერთი გაცემული ნებართვით კანონი არ დარღვეულა, რაზეც "ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონი ვერ დაირღვეოდა, ვინაიდან უგულავას მერიამ კანონი თავის თავზე მოირგო. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი სამართლებრივი ვერა, იმ პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დადგეს, ვის კისერზეც ეს მშენებლობებია.

ერთი მშენებლობის ისტორია

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ ვიწრო და მჭიდროდ დასახლებულია, ბოლო რამდენიმე თვეა 9-სართულიანი კორპუსი შენდება. ვინაიდან ზოგადად ეს უბანი და თავად ეს ქუჩაც დაბალი, ერთსართულიანი, ერთმანეთზე მიჯრილი სახლებით ხასიათდება, მაღალი კორპუსის მშენებლობა თვალშისაცემია.

ამ კორპუსის ასაშენებელი ადგილის მოსათავისუფლებლად 3 მოსახლის მიწა გაერთიანდა. გამოდის, რომ ფართობზე (600 კვ/მ), სადაც ადრე 3 ოჯახი ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ოჯახი იცხოვრებს და ინფრასტრუქტურაც შესაბამის რაოდენობაზე უნდა მოეწყოს, რისი წარმოდგენაც, ამ ქუჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია.

ადგილობრივების ნაწილი მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ ფანჯრებთან "აყუდებული" კორპუსი არავის სიამოვნებს.

"ამ ქუჩაზე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ. ყოველთვის ლამაზი, წყნარი და მშვიდი ქუჩა იყო. ძალიან კარგი სამეზობლოთი და პატარ-პატარა სახლებით. თქვენც ხედავთ, სახლები ისე მჭიდროდ დგას ერთმანეთთან, რომ მეზობლებს ერთმანეთის საუბარი გვესმის.

"არქიტექტურაში განსწავლული არ ვარ, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ასეთ უბანში ამხელა კორპუსი არ უნდა ჩაიდგას. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, იერსახეს ამახინჯებს. თანაც, სხვა მოსახლეებს ამხელა სახლი რომ ჩამოეფარება, სასიამოვნოა? ყველანაირი თვალსაზრისით მიუღებელი და გაუმართლებელი მშენებლობაა," - გვითხრა მანჯგალაძის ქუჩის მცხოვრებმა, ქალბატონმა ნელიმ.

მშენებლობის დამკვეთია შპს "ელეგანტური სახლი", დამფუძნებელი - გიორგი ყიფშიძე. ნებართვა მას ყველა წესის დაცვით, 2014 წლის აგვისტოში, ანუ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ აქვს აღებული.

ყიფშიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს სამშენებლო ნებართვის აღება ბევრად მარტივი იყო. ახლა კი, პარკინგთან, გამწვანებასთან, შშმ პირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და ზოგადად ყველაფერთან დაკავშირებით კატეგორიული მოთხოვნებია.

"ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ ლამის მშენებლობა საერთოდ შეგვაძულონ. ამით ჩვენ, დეველოპერებს, ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება. "ნაციონალების" დროს არსებული მოთხოვნები ფაქტობრივად ხუთჯერ გაზარდეს. უზარმაზარ სირთულეებს წავაწყდით. თუკი ნებართვის მიღებას ადრე 20 დღე სჭირდებოდა, ახლა 6-7 თვე უნდა. ამ კორპუსისათვის ნებართვის მიღებასაც რამდენიმე თვე მოვუნდით და რაღაცები დღესაც დასაზუსტებელია. დამატებით ამოწმებენ და ყველა დეტალის მოგვარებას გვთხოვენ, რასაც მიშას დროს არავინ მოითხოვდა. ამ ყველაფრის გამო ძალიან უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ იძულებულები ვხდებით, დავემორჩილოთ.

"ყველაზე უცნაური ჩვენთვის ის იყო, რომ მოგვთხოვეს გეოლოგიური დასკვნა - მოახდენდა თუ არა ეს მშენებლობა გავლენას ირგვლივ მდებარე სახლებზე, მეზობლების თანხმობა და ა.შ. მსგავსი სასწაულები ჩვენთვის არასდროს არავის მოუთხოვია. თუკი ეს წესები კიდევ უფრო გაამკაცრეს, დამიჯერეთ, საქართველოში ამ საქმით დაკავება აღარ ეღირება. ისეთ რაღაცებს ითხოვენ, რომ მშენებლისათვის მისი შესრულება რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

"თუნდაც პარკინგი ავიღოთ, თითოეულ მოსახლეზე პარკინგისათვის თითო ადგილს ითხოვენ და ეს კატასტროფულია, რადგან პარკინგის ადგილს ჩვენ ვერავის ვაჩუქებთ, იგი უნდა გაიყიდოს და თუკი მოსახლეებს ამის საშუალება არ ექნებათ, მანქანებს მაინც გარეთ გააჩერებენ. ეს კი ქუჩაზე მოძრაობას ისედაც შეაფერხებს," - ამბობს გიორგი ყიშიძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად სწორად მიაჩნია ერთსართულიან, პატარ-პატარა სახლებს შორის 9 - სართულიანი კორპუსის ჩადგმა და ასეთ სივიწროვეში როგორ უნდა მოხერხდეს კორპუსის გარშემო საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გვპასუხობს, რომ 600 კვ/მ-დან, რომელიც მიწის საერთო ფართია, შენობა მხოლოდ 300 კვ/მ-ს დაიკავებს. დანარჩენი კი ეზო იქნება - ხეები დაირგვება, საბავშვო მოედანი მოეწყობა და დასასვენებელი ადგილიც დაეტევა.

რაც შეეხება შენობის გამძლეობას, ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მკაცრადაა დაცული და შენობა სეისმურად გამძლე მასალით შენდება.

ადგილობრივების პრეტენზია აკვირვებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ მათგან ადრე არასოდეს გაუგონია. მეტიც, მისი თქმით, მოსახლეობა იხვეწება, რომ მათი მიწებიც შეისყიდონ და მშენებლობა იქაც დაიწყონ.

"თუ გნებავთ, წამომყევით, ნებისმიერ მოსახლეს დაადეთ ხელი და ნახავთ, თავისი მიწის ჩვენთვის გადმოცემას სიხარულით თუ არ დათანმხდება. სანაცვლოდ, როგორც წესი, იმავე კორპუსში სახლებს ითხოვენ, რაც მათი მიწის ღირებულებაზე ბევრად ძვირია. ამ კონკრეტული კორპუსის ასაშენებლადაც სამი ოჯახის სახლი შევიძინეთ თავიანთი ეზოებიანად. მათი ქონების საერთო ღირებულება 100 ათას დოლარამდე იყო. ახლა კი კორპუსში მიიღებენ ბინებს, რომელთა ფასიც 300 ათასი დოლარია.

"ამ მშენებლობაზე 25 ადამიანი მყავს დასაქმებული, 25 ოჯახი პურს ჩვენი წყალობით ჭამს. სახელმწიფოს ხალხის დასაქმება და ბიზნესმენების გადასახადები თუ უნდა, საჭიროა ესმოდეს, რომ ეს ციდან არ მოდის," - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

როგორ მოვიპოვოთ მშენებლობის ნებართვა

"რეზონანსი" დაიტერესდა, თუ რა კონკრეტული დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა ნებართვები მშენებლობაზე და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს შენობამ, რომ იგი ექსპლუატაციაში იქნას მიღებული.

როგორც აღმოჩნდა, კრიტერიუმი ყველა ზონისათვის სხვადასხვაა და იგი წესის სახით გაწერილი არ არსებობს. მოთხოვნები უშუალოდ განაცხადის შემოსვლის შემდეგ დგინდება. თუმცა, არის ზოგიერთი კრიტერიუმი, რომელიც ყველა შენობამ უნდა დააკმაყოფილოს. მაგალითად, უნდა იქნას შესწავლილი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, კორპუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საპარკინგე ადგილი, პანდუსი, იყოს სეისმურად გამძლე და ა.შ.

როგორც არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ერთსა და იგივე უბანში ორ სხვადასხვა მშენებლობას, მიწის ნაკვეთიდან ან ფუნქციური ზონიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირი მოთხოვნა დაუწესდეს.

რაც შეეხება უკვე აშენებეულ კორპუსებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პარკინგის ადგილი და მაცხოვრებლების მანქანები მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობას ზღუდავს, ან მეტისმეტად ახლოა გვერდზე მდებარე შენობასთან, ან მისი მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებითაა დანაგვიანებული, არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ იმ მშენებლობებზე ნებართვები ადრე გაიცა და მაშინ შესაძლოა ეს ყველაფერი ვალდებულებაში ჩადებული არ იყო.

"დღეს კი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ყველა მშენებლობაშია გათვალისწინებული," - გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა თათული ფაღავამ.

"ნაციონალები": კოეფიციენტებს ვყიდდით, მაგრამ ნარმანია უფრო მეტად ყიდის

მოგეხსენებათ, თბილისში მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის განსაზღვრა, რომელიც არსებობს 2 სახის: ლ1 და ლ2.

ლ1 კოეფიციენტი გვიჩვენებს განაშენიანების რამდენი კვ.მ-ია დასაშვები ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე. ლ2 კი გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები.

როდესაც თბილისის ყოფილი მთავრობა ამტკიცებს, რომ მათ მშენებლობებზე ნებართვების გაცემისას კანონი არ დაურღვევიათ, სრული ჭეშმარიტებაა, ვინაიდან კოეფიციენტებს თავად განსაზღვრავდნენ და სამშენებლო ვალდებულებებსაც თავად ადგენდნენ. ანუ, თუკი მანამდე დადგენილი იყო, რომ რომელიმე კონკრეტულ ქუჩაზე 5-სართულიანზე მაღალი შენობის აგება არ შეიძლებოდა, კოეფიციენტი (უმეტესად ფულის სანაცვლოდ, ოღონდ ოფიციალურად) იცვლებოდა და მსურველს თუნდაც 12-სართულიანი სახლის აშენების უფლება ეძლეოდა.

შესაბამისად, თუკი ვინმეს სპორტის სასახლის უკან არსებული სიტუაცია არ მოსწონს (რომელსაც ენამოსწრებულმა ბლოგერებმა "ღაზას სექტორი" უწოდეს), გამოდის, რომ მისი პრობლემაა, ვინაიდან იქ ყველაფერი "კანონიერად" გაკეთდა. თუ როგორი იყო კანონი - ეს ცალკე თემაა.

"ამ მშენებლობებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოახერხეს და კანონის ფარგლებში მოაქციეს, ხალხი უკანონოს სწორად ეძახის, ვინაიდან მათზე ნებართვების გაცემით ბევრი ადამიანის უფლება და ინტერესი დაირღვა. ყველაზე მეტი ასეთი ნებართვა სწორედ თვითმმართელობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოასწრო და უამრავი ისეთი ნებართვა გასცა, რომელიც დღეს ჩვენ პრობლემას გვიქმნის. ამაზე ხალხი რეაგირებას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია. ერთი მხრივ, ეს მშენებლობები ადამიანებს აწუხებს და მოძრაობას ზღუდავს, მაგრამ მეორე მხრივ, გაცემული ნებართვები კანონიერია," - ეს საკრებულოს უმრავლესობის წევრის, გულიკო ზუმბაძის სიტვებია, რომელიც აქვე პრობლემის გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს და ამბობს, რომ იქ, სადაც მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მერიამ უნდა მოახერხოს და შეაჩეროს, ალტერნატივა შესთავაზოს და ა.შ. ხოლო იქ, სადაც უკვე რამდენიმე სართულია აშენებული, მისი თქმით, ვერაფერს გავხდებით.

მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი ოპონენტებს ურჩევს, ის კანონი აჩვენონ, რომელიც მათ დაარღვიეს და თუკი მას მიაგნებენ, სასამართლოში იჩივლონ.

"ჩვენკენ მხოლოდ თითს იშვერენ. შეიძლება ვინმეს რომელიმე მშენებლობა არ მოსწონდეს, მაგრამ კანონი არსადაა დარღვეული. გარდა ამისა, თუ მათ რომელიმე მშენებლობა პრობლემას უქმნის, თავისუფლად შეუძლიათ დამკვეთს შეუთანხმდნენ და მერიის მიერ გამოცემული აქტი თავადვე გააუქმონ. ამის გაკეთებას არავინ უშლით, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ყველა მშენებლობა კანონის ფარგლებშია და დამკვეთი უჩივლებთ.

"ჩვენ კოეფიციენტების გაყიდვისათვის გვაკრიტიკებენ და ესენი აბსოლუტურად იგივეს აკეთებდნენ. არქიტექტურის სამსახურიდან ყველა ის დოკუმენტი შეგიძლიათ გამოითხოვოთ, რომლებიც კოეფიციენტების მომატებას შეეხება. არ დაგისახელებთ კონკრეტულ მისამართებს, მაგრამ ვიცით შემთხვევები, სადაც ჩვენ ნებართვა 6-სართულიან მშენებლობაზე გვქონდა გაცემული, ახლა კი 9-სართულიანი შენდება, ან 9-სართულიანის აშენებაზე დავთანხმდით და ახლა 12-სართულიანის აშენების უფლება აქვთ.

"ესენი კოეფიციენტებს ჩვენზე მეტად ყიდიან, მაგრამ ეს არ ჩანს, რადგან ჩვენკენ იშვერენ თითს და ხალხსაც ჰგონია, რომ მათზე ნებართვები ჩვენ დროსაა გაცემული. საქმე ისაა, რომ კანონს არც ესინი არღვევენ - ამ კოეფიციენტის მომატების უფლება აქვთ, მაგრამ მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს. კოეფიციენტები მათ ხელში კორუფციისა და ნეპოტიზმის საგანია. ასე რომ, თითის გაშვერა მათი დამახასიათებელი თვისებაა," - აცხადებს უგრეხელიძე.

საკრებულოს დეპუტატი, "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი შალვა ოგბაიძე კი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ მალე უკვე არა "ნაციონალების", არამედ "ოცნების" პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინაიდან მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი იღონეს.

"მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი საქმე გააკეთოს. პრობლემა არსებობს და ეს უნდა გადაწყდეს. იმაზე აპელირება, რომ მაშინ სხვა დრო და სხვა მოთხოვნები იყო, არ შეიძლება. თუ საკანონმდებლო მოწესრიგებაა საჭირო, საკრებულო აგერაა. მერიას ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ზოგადად, ადამიანი, რომელსაც რაიმეს გაკეთება არ უნდა, მიზეზს მუდმივად პოულობს. იმედია, მერიაც არ დაემსგავსება იმ ოროსან მოსწავლეს, რომელსაც საშინაო დავალება არასდროს არა აქვს მომზადებული," - აღნიშნავს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×