ლიკა ამირაშვილი
17.04.2015

ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენები არ განვითარდეს, რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ ვერ ისწავლა შეცდომებზე და, პირიქით, უკრაინამ უკუღმა აკეთა ყველაფერი.

"ქართველების უბედურება ისაა და ძალიან ბევრი პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ კომენტარებს ვაკეთებთ, ნაბიჯებს ვდგამთ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ჩვენ რა გვინდა, რომ იყოს და არა იქიდან გამომდინარე, რა არის რეალობაში. იგივე ყირიმის ფაქტი არის ის კი არა, მე რა მინდა და რა არ მინდა, არამედ ის, რაც დღეს რეალობაში არის.

"იგივე არის როდესაც მე ვლაპარაკობ ნატოს თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ნატო არარეალისტურია, არის არა ის, რაც მე მინდა, არამედ არის, რაც არის. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ ანალოგიური მოვლენები ან უფრო მძიმე მოვლენები არ განვითარდეს ქვეყანაში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რა რეალობაც არსებობს და თავი დავიზღვიოთ არასწორი ნაბიჯებისგან, რაც ვერ გავაკეთეთ 90-იან წლებში, ვერც 2008 წელს და ჩვენს შეცდომებზე ვერ ისწავლა უკრაინამ. უკრაინამ უკუღმა აკეთა ყველაფერი", - განაცხდა ბურჯანაძემ

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საშიშროება ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენები განვითარდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ნინო ბურჯანაძეს იმ ნაწილში ვეთანხმები, სადაც ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია უკრაინის მსგავსი მოვლენები განვითარდეს. ეს კიევში ე.წ. მაიდნის სახელწოდებით ცნობილ მიმდინარე პროცესებს ეხება, რომლის უკან აშშ იდგა. იმ პერიოდში აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი შეეცვალათ. ამიტომ დასავლეთის ჯარების, ფინანსების, საინფორმაციო და მორალური დახმარების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

ამიტომ გამორიცხული არ არის მოვლენები განმეორდეს და მის უკან აუცილებლად აშშ იდგება. მაიდნის სცენარი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს. სხვა ვარიანტი, რომ უკრაინის სცენარი განვითარდეს, არ არის.

ალბათ ქალბატონ ნინოს მხედველობაში ეს ჰქონდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სათავეში ისევ უნდა მოვიდეს. მაგრამ ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობის" ქვეყნის სათავეში მოსვლა გამორიცხულია. ისინი ვერ დაბრუნდებიან, რადგანაც მათ ერთობ დააბინძურეს და გაანადგურეს ქართული პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" პროვაკაციული გამოსვლები თავიდან უნდა ავიცილოთ. უნდა ვეცადოთ, რომ სწორი პოლიტიკით და დიპლომატიით, ჩვენი პოლიტიკური ხედვა და ურთიერთობა გვქონდეს - ევროპასთან, ამერიკასთანაც და რუსეთთანაც.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): საინტერესოა ქალბატონი ნინო რას გულისხმობდა- პირდაპირ ანექსიას, შემოვარდნას თუ ყირიმი რომ შემოიერთა მაგას? რაც შეეხება შეერთებას - აფხაზეთი და ოსეთი ისედაც რუსეთს შეერთებული აქვს. ბურჯანაძე რასაც იტყვის, ამაზე კომენტარი სერიოზული არ არის.

მგონია, რომ ეს ადამიანი სულ სხვა რეალობით ცხოვრობს და სხვა მიზნები ამოძრავებს. რეალურად, საქართველომ ძალიან პრინციპული პოზიცია უნდა დაიჭიროს. აბსოლუტურად ჩვენ პროდასავლური კურსის მიმართულებით უნდა ვიაროთ, არანაირი დათმობითი პოლიტიკა არასდროს კარგს არ მოიტანს.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ნინო ბურჯანაძე არც მალავს და მისი კონვენციაა, რომ მას საქართველოში რუსეთის შემოყვანა სურს. უკრაინის მგავსი მოვლენები ჩვენთან არავითარ შემთხვევაში არ განვითარდება. საქართველოში ჯერ კიდევ ჯანმრთელად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან და ასევე ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუნდაც ლექსით რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

საქართველოში ბევრი ცუდი დრო იყო, როდესაც ქუჩაში ვიდექით. თუნდაც 1956 წელი, სადაც პაპაჩემის თაობა ქუჩაში იდგა, ასევე 1978 წელი - ჩვენი მშობლები იდგნენ გარეთ, შემდეგ 9 აპრილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

ქვეყანა ევროპის გზით უნდა წავიყვანოთ. 25 წელი ქვეყანა გამწარებულ მდგომარეობაშია, დიდი უბედურება ერთხელ უკვე გავიარეთ. მგონია, რომ საქართველოში არავითარი ცუდი არ განვითარდება, ჩვენ ჯანმრთელი ევროპული ქვეყანა ვიქნებით.

 გიგი თევზაძე (დოცენტი, პროფესორი):  ბურჯანაძეს რისი თქმა სურდა? უკრაინის მოვლენები განვითარდება და საქართველოში კვლავ 90-იანი წლები დაბრუნდება? რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და საქართველოში რუსები ლეგიტიმურად არიან, თუ ამას არ გულისხმობდა, კი ბატონო ეს მისი აზრია და მის პოლიტიკურ ორიენტაციას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×