"სამოქმედო გეგმა მოლდოვაზე უკეთ გვაქვს შესრულებული, რომელმაც უვიზო მიმოსვლა შარშან მიიღო"
თაკო მათეშვილი
17.04.2015

 პანკისში მიმდინარე პროცესები რიგის სამიტსა და უვიზო რეჟიმის მიღების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს - ასე პასუხობენ სკეპტიკოსებს ხელისუფლებაში და ამტკიცებენ, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

მოსაზრებას საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს და პოლიტოლოგთა ნაწილიც. თუმცა მეორე ნაწილი ყველაფერს ასე იმედიანად არ უყურებს და აცხადებს, რომ ტერორისტებისაგან ისედაც შეშინებულ ევროპას არ მოუნდება საზღვრები ისეთ ქვეყანას გაუხსნას, საიდანაც რადიკალი ისლამისტების შედინების საფრთხე იქნება.

მოგეხსენებათ, პანკისიდან "ისლამურ სახელმწიფოში" საბრძოლველად წასვლამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან სირიასა და ერაყში უკვე 170-მდე ახალგაზრდა გაემგზავრა და 15-მდე მათგანი უკვე დაიღუპა კიდეც.

საზოგადოებაც არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი უარყოფითი კატალიზატორი სწორედ პანკისის მოვლენები გახდება. ისლამური ხალიფატის მხარეს საქართველოდან ახალგაზრდების წასვლა ქვეყანას ნეგატიურ იმიჯს უქმნის - ქვეყნისას, რომლიდანაც ისლამი ექსტრემისტები სირიაში საბრძოლველად მიდიან.

სპეციალისტების ნაწილის მტკიცებით, ევროპაში ფიქრობენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტერორისტი ისლამისტები ცხოვრობენ და თუკი ისინი საბრძოლველად სირიაში მიდიან, ევროპაში ტერორისტული აქტების მოსაწყობადაც ჩავლენ. ეს კი, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და უვიზო რეჟიმის მიღებაში ხელს შეგვიშლის.

ხელსუფლებაში შიშს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ რიგის სამიტზე გავლენას საქართველოს მიერ დავალების შესრულება და ის ანგარიში ახდენს, რომელსაც დამკვირვებლები ჩვენ შესახებ წარადგენენ. დანარჩენი ყველაფერი კი სპეკულაციაა.

"მე დღეს ჩამოვედი საქართველოში, ვიქტორ დოლიძესთან ერთად ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებთან მქონდა შეხვედრა. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფში ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყანა შედის: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. მათმა წარმომადგენლებმა დაგვარწმუნეს, რომ ჩვენ წარმატება გვექნება.

"თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რას იზამს საქართველო და როგორ გვაქვს შესრულებული სამოქმედო გეგმა, ევროსკეპტიკოსი ქვეყნების პოლიტიკური ფაქტორიც არსებობს და ჩვენ არ ვიცით, ვის რა უდევს გულში. ჩვენ ჩვენი ამოცანა ათასი პროცენტით გვაქვს შესრულებული. სამოქმედო გეგმა მოლდოვაზე უკეთ გვაქვს შესრულებული, რომელმაც უვიზო მიმოსვლის უფლება შარშან მიიღო.

"უშუალოდ ამ სამიტზე მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, არ ვიცით, მაგრამ პროგრესი აუცილებლად გვექნება. პანკისის მოვლენები კი გავლენას ვერაფერზე მოახდენს. დედამიწის ზურგზე ქვეყანა არაა დარჩენილი, რომლის მოქალაქეებიც ამ გაუგებრობაში არ არიან გარეულები. გასაგებია, რომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე სხვებმა, მაგრამ ამის გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პანკისი სკეპტიკოსი ქვეყნებისათვის უარის თქმის დამატებითი საბაბი გახდეს, ბერძენიშვილი გვპასუხობს, რომ ეს ვერ მოხდება, ვინაიდან არსებობს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს აფასებს არა იმით, თუ ვინ სად წავიდა, არამედ იმით, თუ როგორ შესრულდა გეგმა, რომელ კანონში შევიდა ცვლილება, რა ნაბიჯები გადადგა აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა და ა.შ.

"სპეკულაციები გამორიცხულია. უბრალოდ, ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგეები, რომელთაც თავისი ქვეყნის წარუმატებლობა უხარიათ და თუ რამე ისე არ მოხდა, როგორც გვინდა, მაშინვე მთავრობას დააბრალებენ. ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია და მიჩვეულები ვართ. თუმცა გარწმუნებთ, რომ ჩვენ ჩვენი ნაბიჯები გადადგმული გვაქვს", - აღნიშნავს დეპუტატი.

რაც შეეხება პანკისის პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, ბერძენიშვილი ამბობს, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებისმიერ არაკანონიერ ფორმირებაში მონაწილეობას დასჯადს გახდის. მიიჩნევს, რომ პანკისში კატასტროფული და უკონტროლო მდგომარეობა არ არის, თუმცა აღიარებს, რომ კონტროლი მაინც საჭიროა. მისი თქმით, საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, აქ ტერორისტების მომზადება უნდა გამორიცხოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდებით. კიდევ ვიმეორებ მსოფლიოში არაა ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა არ დგას. უბრალოდ, ჩვენ პირველად შეგვეხო და მძაფრად აღვიქვამთ", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელიც. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე და აღნიშნავს, რომ პანკისში არსებული მდგომარეობა რიგის სამიტზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყნის ინტეგრაციულ პროცესებს საერთოდ არ უნდა დავუკავშიროთ, ვინაიდან ის, რაც პანკისში ხდება, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და ამ ოპერაციაში მოსაწილეობის მისაღებად ადამიანები ბევრი ქვეყნიდან ჩადიან.

"ეს ორი სხვადასხვა თემაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ საქართველო არც პირველი ქვეყანაა და არც უკანასკნელი, რომლის მოქალაქეებიც სირიაში საბრძოლველად მიდიან. ევროკავშორის წევრი ქვეყნებიდანაც ასევე ხშირად მიდიან. იმის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შესაძლოა ამის გამო ინტეგრაციული პროცესები შეფერხდეს", - აღნიშნავს დოლიძე.

დეპუტატი აქვე პრობლემის მოგვარების გზებსაც გვთავაზობს და ამბობს, რომ ქვეყნის კონტრდაზვევრვისა და საგარეო დაზვევრის სამსახურებმა ეფექტურად უნდა იმუშავონ, რათა გადამოწმდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება იქ, ვინ ამზადებს ამ ხალხს, ვინ წვრთნის და ა.შ. მერე კი შესაბამისად იმოქმედონ.

თუკი რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება არ მოგვანიჭეს, ეს, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, არა პანკისში განვითარებული მოვლენების, არამედ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების ბრალი იქნება, ისეთის, როგორიც დემოკრატიის განვითარებაა.

ასე რომ, მისი აზრით, ჩვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქვეყნები ამას უფრო გამოიყენებენ საბაბად და მიზეზად, ვიდრე პანკისს.

ამბობს, რომ რიგის სამიტზე წარმატების მისაღწევად საჭიროა სასამართლო იყოს მეტად დამოუკიდებელი, მეტად არსებობდეს შიდა კონსენსუსი, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა არ სუფევდეს და ა.შ. ამ საკითხების შესრულება, შარაშენიძის აზრით, უფრო რთულია, ვიდრე პანკისის პრობლემების მოგვარება.

"ტერორისტები რუსეთიდან გაცილებით უფრო იოლად გადაადგილდებიან. ასე რომ, საქართველოსათვის საზღვრების გახსნა, ამ მხრივ დიდ სირთულეებს არ გამოიწვევს. შეიძლება ეს თითზე მაინც დაიხვიონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა საკითხები უფრო მეტად აქვთ თითზე დასახვევი. თუმცა, ფაქტია, რომ პანკისი ჩვენთვის ახლა უფრო რთული გამოწვევაა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო, რომელმაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა", - აცხადებს შარაშენიძე.

საპირისპირო მოსაზრებებს აფიქსირებს "რეზონანსთან" ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია და ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია პანკისში არსებულ სიტუაციასთან პირდაპირ კავშირშია. მისი თქმით, თუ მთავრობა ზომებს დროულად არ მიიღებს და ღონისძიებებს არ გაატარებს, ეს გავლენას ყველაფერზე იქონიებს.

ამბობს, რომ უსაფრთხოების თემა ევროპისათვის ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ისლამური ხალიფატი მთელ ევროპას ემუქრება. საქართველო კი შესაძლოა სწორედ ისლამისტი მებრძოლების დასავლეთის მიმართულებით გამტარი ქვეყანა გახდეს. ამიტომ, მაისაიას აზრით, ეს თემა ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ.

"გასათვალისწინებელია, რომ თუ ხისტ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამას რადიკალი ისლამისტების მხრიდან შესაძლოა არანაკლებ ხისტი რეაქცია მოჰყვეს. ასე რომ, ხისტი ქმედებით მოგებული ვინ დარჩებას საკითხავია. მათ უკვე კარგად ორგანიზებული სტრუქტურები გააჩნიათ და არ გამოვრიცხავ, რომ ორი ახალგაზრდის საჰაერო გზით გამგზავრება, გაფრენა სწორედაც რომ დემონსტრაციული ნაბიჯი იყო.

"მათ გათვლილი ჰქონდათ, რომ ამ ადამიანების ასე გამგზავრება საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ეს სწორედ ისლამური ხალიფატის ხელწერაა - ღიად ამბობენ, რომ აქ არიან და ამას აკეთებენ. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული შეშფოთების საგანი უნდა იყოს. საქართველოს სპეცსამსახურები გულხელდაკრეფილები არ უნდა ისხდნენ და მოვლენების განვითარებას არ უნდა უყურებდნენ. მოვლენებს ისედაც საკმაოდ ჩამოვრჩით და რაც უფრო მეტ ხანს ვიქნებით უმოქმედოდ და თავისით მოგვარებას დაველოდებით, ჭაობში მით უფრო ღრმად ჩავეფლობით", - მიიჩნევს იგი.

იგი უსაფრთხოების კუთხით პანკისში არსებულ მდგომარეობაზეც გვესაუბრა და შეაფასა, თუ რამდენად აკონტროლებს სიტუაციას სახელმწიფო. ამბობს, რომ გარეგნულად იქ უსაფრთხოების ზომები მიღებულია და პოლიცია სიტუაციას არეგულირებს.

"თუმცა ამ გარეგნობის მიღმა, მეეჭვება, ყველაფერი თავის სიმაღლეზე იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია დღემდე არაა გამოძიებული, კითხვებზე პასუხები არ გვაქვს და ამით უკვე ჩანს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება სახელმწიფო ამ თემას. ისლამური ხალიფატიც გრძნობს, რომ ეს თემა ჩვენ "ფეხებზე გვკიდია" და ისინიც "გვეთამაშებიან", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×