გია ხუხაშვილი: "ამ კონფიგურაციით მთავრობა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა"
თიკო ოსმანოვა
17.04.2015

 მაისში მთავრობაში, შესაძლოა, მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. "ოცნებაში" მინისტრების პასუხისმგებლობაზე უკვე ალაპარაკდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს, თუმცა მინისტრების მუშაობით უკმაყოფილებას არ მალავს.

"საოცარია ამდენი სპეკულაცია მედიაში. მე მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს. მე ამ სენსაციას არ გპირდებით უახლოეს მომავალში", - განაცხადა ცოტა ხნის წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა განმარტა, რომ ყველა მინისტრის მუშაობით არ არის კმაყოფილი."რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ, არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და იგივე მოწოდება მაქვს მინისტრებთან. მინისტრებს მოვუწოდებთ, რომ მეტი ინიციატივა აიღონ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მინისტრების მუშაობით არის უკმაყოფილო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

"ამის შესახებ მე პირადად არაფერი მსმენია, თუმცა არ გამოვრიცხავ. რომ გითხრათ, ყველა მინისტრით კმაყოფილი ვარ-თქო მოგატყუებთ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილმა ეს განახორციელოს.

"იქნება თუ არა ერთ-ერთი ჯანელიძე, არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუმცა გამორიცხული არაფერია. ვფიქრობ, ნორმალურად მუშაობს, რამე სერიოზული გადაცდომა მას არ ჰქონია. სკანდალების გამო კი, რომელსაც "ნაციონალები" ააგორებენ, მაგის გამო კაცის გაქცევა არ ღირს, მთავარია საქმე.

"სპორტის მინისტრთან დაკავშირებითაც ჰქონდა პარლამენტს პრეტენზია. მოვითხოვთ ასევე ცვლილებას ეკონომიკურ გუნდში, თუმცა ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნისას თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.

"განათლების მინისტრს წარმოდგენილი აქვს სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ვსწავლობთ და ვეცნობით. მოვუსმენთ და შეიძლება მერე უფრო მეტად ვისმჯელოთ მის წარმატებულ საქმიანობაზე. ამ ეტაპზე სერიოზული დაპირისპირება პარლამენტს არ აქვს განათლების მინისტრთან, თუმცა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვქონდა.

"რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, ჯერჯერობით ნორმალურად მიდის ყველაფერი, თუმცა ტემპს მეტს ვისურვებდი რეფორმების თვალსაზრისით და რაც მთავარია, თავიანთი გაკეთებული საქმის უფრო მეტად წარმოჩენა მოახერხონ", - უთხრა "რეზონანსს" ნიშნიანიძემ.

მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც, თუმცა ნიშნიანიძის მსგავსად მთავრობის მუშაობით ისიც უკმაყოფილოა და მთავრობაში სისხლის გადასხმის აუცილებლობაზე საუბრობს.

"არ ვიცი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ასეთი გადაადგილებები სასიცოცხლოდ აუცილებელია იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით მთავრობა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს. მთავრობა ძირითადად რუტინით არის დაკავებული.

"ქვეყანა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვეულებრივი 24- საათიანი მუშაობა საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე პერსონალურად არავის არ შევეხები, მაგრამ ასეთი ტიპის გადაჯგუფება, ერთიანი გუნდის შეკვრა, რომელიც სისტემურ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები როგორც ეკონომიკური, ასევე ქვეყნის შიგნით და საგარეო კუთხით, ეს აუცილებელია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი, არ ვიცი, ეს მისი გადასაწყვეტია.

"ვფიქრობ, მათივე ინტერესშია, რომ სერიოზულად გადახალისდნენ და ახალი სისხლი გადაისხან. არ მინდა გამოყოფა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჯანდაცვის რეფორმა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სერიოზულ ჩავარდნებს ვერსად ვერ ვხედავ, მაგრამ ვერც წინსვლას ვხედავ და ეს არის პრობლემა", - გვითხრა ხუხაშვილმა.

"მთავრობაში ცვლილებები აუცილებელი იქნებოდა მაშინ, თუ სხვა პრინციპით მოხდება მათი შემცვლელების შერჩევა", - ამ განცხადებას კი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აკეთებს, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, მინისტრების გადაყენების საკითხს ღარიბაშვილი არ წყვეტს.

"საქართველოში რომ არსებობდეს კადრების ნორმალური სელექცია, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მაშინ ძალიან ბევრი ხელმძღვანელი საკუთარი ნებით დატოვებდა თანამდებობას. ვინაიდან ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებული მოტივაციაა კადრების სელექციის შემთხვევაში, ძნელია, რაღაცის თქმა.

"პირადად მე დაბნეული ვარ და მიკვირს, რატომ არის აქამდე მინისტრად თამარ სანიკიძე. რომელმაც 2 წელია დაამტკიცა, რომ ის არ არის ამ საქმის პროფესიონალი და როგორც ჩანს, არც უყვარს განათლების სფერო. ასევე არ მესმის, რა პრინციპით შეირჩა საგარეო საქმეთა მინისტრი. რამდენიმე სამინისტროს არსებობის არსი კი საერთოდ გაუგებარია. მაგალითად, რა აუცილებელია დიასპორის სამინისტრო, რომლის მინისტრი ვინ არის, არ ვიცი, ასევეა პაატა ზაქარეიშვილის უწყებაც, მისი არსი ჩემთვის გაუბერია.

"ის, რომ დრო და დრო თითოოროლა მინისტრი იცვლება, ეს არაფერს არ ცვლის. ნორმალურ ქვეყანაში მინისტრები თანამდებობებს თვითონ ტოვებენ. ჩვენთან კი ასე არ ხდება. როდესაც რომელიმე მინისტრი გადადგება, მან არ იცის, ხვალ რითი უნდა იცხოვროს.

"ჩვენთან პოლიტიკაში ყოფნა არის ერთადერთი გარანტირებული ყოფითი კეთილდღეობა. ამიტომ ასეთ ქვეყნებში, სადაც თანამდებობა ნიშნავს, უბრალოდ, მეტ-ნაკლებად ადამიანური ცხოვრების შესაძლებლობას, არასოდეს არ იქნება მთავარი პრიორიტეტი პროფესიონალიზმი. ყოველთვის იქნება ნაცნობობა, ნათესაობა, მეგობრობა, რომელიც აქილევსის ქუსლად ექცა საქართველოს.

"შეიძლება ღარიბაშვილმა თქვას, რომ არ აპირებს მთავრობის გადაყენებას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იგი მარტო არ წყვეტს ამ საკითხს. ამიტომ ღარიბაშვილის ნათქვამს ოქროს მონეტად ვერ მივიღებ. "მთავრობაში ცვლილებები აუცილებელი იქნებოდა მაშინ, თუ სხვა პრინციპით მოხდება მათი შემცვლელების შერჩევა. ახლა კი პრემიერის ერთი ფავორიტი წავა და მორიგი ფავორიტი მოვა. თხა იყიდე, თხა გაყიდე იქნება, ამიტომ ამაში რამე აზრს ვერ ვხედავ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×