იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების შეჩერებას სთხოვს და პერმანენტული აქციებით იმუქრება. პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარლამენტს სურს კანონმდებლობის შეცვლა, მაგრამ მათ ინიციატივას მთავრობა ბლოკავს. გამოსახლების წინაშე ამ მომენტისთვის დაახლოებით 80 ათასი ოჯახი დგას.
პარლამენტთან, მერიასთან და ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციების შემდეგ იპოთეკით დაზარალებულები აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიადგნენ. ისინი ბიუროს ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ბაღათურიასთან შეხვედრას ითხოვდნენ და შენობაში ძალით შეჭრასაც შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
აქციის მონაწილეებმა პრობლემების მოსაგვარებლად და გამოსახლების შესაჩერებლად მთავრობას ათდღიანი ვადა მისცეს და დაიმუქრნენ, რომ თუკი ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს, აღნიშნულ საკითხს თავად გადაჭრიან. უკვე შეიქმნა რამდენიმე მობილური ჯგუფი. რომელი ოჯახის გამოსახლებასაც დააპირებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი იმ კერძო საკუთრებასთან უმალ გაჩნდება და გამოსახლების პროცესს შეაჩერებს.
აქციის მონაწილეებმა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ აძევებს აღსრულების ეროვნული ბიურო მათ საკუთარი სახლებიდან, შენობის წინ ავეჯი დაყარეს.
"ეს ნივთები იმის მანიშნებელია, რომ ზუსტად მსგავსი სახით გვიყრის აღსრულების ბიურო ჩვენს ნივთებს სახლებიდან. ჩვენ დღეს ამ აქციით ვაჩვენებთ, რამდენად უკანონოდ მოქმედებს ბიურო", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ისინი მიიჩნევენ, რომ აღსრულება ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ ხდება, რაც კანონის არასრულფასოვნების შედეგია. "აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს 747-ე ბრძანების საფუძველზე. ჩვენ მოვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას. უნდა შეჩერდეს გამოსახლება, ასევე აუქციონებიც და გაიცეს გრძელვადიანი სესხები", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ იპოთეკარების პრობლემაზე ძალიან ბევრი იმუშავა, თუმცა ყველა პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია.
"ჩვენ მართლაც ბევრი ვიმუშავეთ. იუსტიციის სამინისტრომ რაც შეეძლო გააკეთა იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში მაქსიმალურად ხელი შეეწყო ამ ადამიანებისთვის. მათ ჰქონდათ საკმაო ვადა საკუთარი ბინების გამოსყიდვისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდა საბანკო სექტორთან იმისათვის, რომ ბანკების მხრიდანაც ყოფილიყო მაქსიმალური ხელშეწყობა. იპოთეკით დაზარალებულთა უმრავლესობას კერძო პირებისგან აქვთ ნასესხები ფული და პრობლემის მოგვარება ამიტომ არის რთული.
"უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი მომდინარეობს კერძოდ პირებისგან ნასესხები თანხიდან. სამწუხაროდ, ყველა ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია. კანონმდებლობის კუთხით რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად გავაკეთეთ, სადაც საუბარი იყო საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვაზე, ზედა ზღვრის დაწესებაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირის" წარმომადგენელი ნანა ჯაფარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონი და ქონება აუქციონზე საბაზრო ფასით უნდა გავიდეს. გარდა ამისა, აღსრულების ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს და არა ნოტარიუსმა.
"თითქმის ყოველდღე დავდივართ პარლამენტში. დეპუტატები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ამ ადამიანების დახმარება და კანონში ცვლილებების შეტანა, მაგრამ მთავრობა ბლოკავს", - ამბობს ნანა ჯაფარაშვილი.
ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მევახშეობა საერთოდ უნდა აკრძალოს, ხოლო იუსტიციის სამინისტროში უნდა შეიქმნას მედიაციის სამსახური, რომელიც აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთვება.
"კერძო იპოთეკა უნდა შეიზღუდოს. მხოლოდ ბანკებს აქვთ იპოთეკის უფლება და ეს მექანიზმი კარგად აქვთ აწყობილი. ამასთან, დაუშვებელია, აღსრულება ნოტარიუსის ნებართვით დაიწყოს. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ადამიანს სასამართლოში დავა უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, უნდა ამოქმედდეს ფიზიკური პირის გაკოტრების კანონი, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული", - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი და დასძენს, რომ თუკი პოლიტიკური ნება იქნება, მათი მოთხოვნები შესრულებადია.
"გვინდა შეიქმნას მედიაციის სამსახური, რომელსაც მომრიგებელი ფუნქცია ექნება. სამწუხაროა, აღსრულების ეროვნული ბიუროდან ჩვენთან შეხვედრაც კი არ ისურვეს. თუ თვითონ ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ, ჩვენ ვეტყვით...
აღსრულების ბიუროს თითოეული გამოსახლებიდან იმდენი ფული ხვდება, რომ ერთი სული აქვს, ამ ხალხს სახლებიდან როდის გამოყრის. გარდა ამისა, უცხოეთში როდესაც აღსრულება ხდება, უსახლკარო ადამიანები სოციალურ თავშესაფარში გადაჰყავთ. ჩვენთან კი ადამიანებს თავისი ნივთებიანად პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ამას აღარ დავუშვებთ. თუ არ მოგვისმენენ, აღსრულებას ჩვენ თვითონ შევაჩერებთ", - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.