ელზა პაპოშვილი
18.04.2015

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიაში საჯარო ლექციის ჩატარების დროს განაცხადა, რომ მან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა შეწყვიტა, რადგანაც ის აღარ არის პრეზიდენტი და მის მოღვაწეობას ისტორია შეაფასებს.

"ვფიქრობ, ჩემი პრეროგატივა არ არის წინა პრეზიდენტის მმართველობის შეფასება. ეს, ალბათ, ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ვისაუბრო პერიოდზე, რომელიც დაიწყო 2003 წელს და გაგრძელდა 2013 წლამდე და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელდა რიგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რომლებსაც ჰქონდა მრავალი პოზიტიური განვითარება სამოქალაქო მომსახურების, პოლიციის სისტემის, ანტიკორუფციული მიმართულებით.

"ასევე წინა ხელისუფლების მიერ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ. არ მინდა შევაფასო ცალკეულად, რა იყო დადებითი და უარყოფითი.

"რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მემკვიდრეობას, ამის შეფასება არ არის ჩემი ამოცანა. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომ შევაფასო, რა გააკეთა მან სწორად და რა არასწორად, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ პოლიტიკურად მე ყოველთვის ვუპირისპირდებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი მმართველობის მანძილზე", -განაცხადა მარგველაშვილმა

როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს თუ არა ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების კრიტიკა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ის აღარ უნდა განმეორდეს, რაც ადრე ხდებოდა. ჩვენ უნდა დავინახოთ, წინა მთავრობაში რაც კარგი იყო, მაგრამ ასევე უნდა გავაქილიკოთ ის, რაც ცუდი იყო. რათა არ დაგვავიწყდეს და იგივე უბედურება კვლავ არ გავიმეოროთ. კრიტიკა უნდა გაგრძელდეს, მხოლოდ სისტემის და არა პიროვნებების ლანძღვა-გინება."

 

 

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "ჩვენ, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დროიდან გადმოგვყვა ჩვევა, რომ ყოველთვის წინა ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ. ასევე იყო სააკაშვილის დროსაც, როდესაც ის შევარდნაძეს ყოველდღე ლანძღავდა. უნდა გაიყოს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი სხვა არის და წინა ხელისუფლებაზე ყველაფრის გადაბრალება კი - მეორე მხარე.

"არ არის ყოველთვის იმაზე საუბარი საჭირო, რომ წინა ხელისუფლება ცუდი იყო. ეს ყველაფერი ხალხს ისედაც კარგად ახსოვს. ამიტომაც ახალი ხელისუფლება ავირჩიეთ. უნდა მოხდეს იმის პოპულარიზაცია, დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს. ამის გაშუქება უნდა მოხდეს და არა იმისა, რომ წინა ხელისუფლება არ ვარგოდა."

 ლია მუხაშავრია (ადვოკატი): "ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააკრიტიკოს თუ არა წინა ხელისუფლება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის. არავის არ აქვს უფლება, ვინმეს რამე აუკრძალოს. თავად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ეს კრიტიკა."

 

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი (იურისტი): "სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება საქმის კეთების ნაცვლად, ძველი ხელისუფლების კრიტიკას უნდება. წინა მთავრობა რომ არ მოსწონდა ხალხს, ამიტომაც სააკაშვილის ხელისუფლება აღარ აირჩიეს. ამის შემდეგ ხალხმა ახალი ხელისუფლებისგან საქმის კეთება მოითხოვა. საკუთარი უნიათობის გადასაფარად, ვფიქრობ, ცდილობენ წინა ხელისუფლების კრიტიკას, რაც მიმაჩნია, რომ ხალხს ძალიან მობეზრდა და აღარ აინტერესებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×