ელზა პაპოშვილი
20.04.2015

ბოლო რამოდენიმე დღეა რაც ქართულმა საზოგადოებამ, აქტიურად გამოთქვა გულისტკივილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე. მათ სოციალურ ქსელსა და მედია საშუალებებში ემოციური განცხადებები გააკეთეს და მზადყოფნა გამოთქვეს ასურელი ქრისტიანების ოჯახების საქართველოში ჩამოსახლებასა და დახმარებაზე.

საზოგადოების ამ პათოსს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აყვნენ. მეტიც ამ საკითხზე მსჯელობისთვის სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტ დავით ადამოვს და სოფ. ქანდას ეკლესიის წინამძღვარს მამა სერაფიმეს შეხვდა.

როგორ ფიქრობთ, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ასირიელი ლტოლვილები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ასურელი ხალხი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და საქართველოსთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. სამწუხაროდ, ამ ხალხს დღეს საშინელი გენოციდი ემუქრებათ. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ ამ ხალხს.

"გააჩნია რა რაოდენობის ლტოლვილზე იქნება საუბარი. ჩვენ დევნილების რაოდენობა არ გვაკლია, მაგრამ საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამ იდეას მხარი უნდა დაუჭიროს. ვეცადოთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ შესაძლებლობები გამონახოს, რათა ეს ლტოლვილები მიიღოს."

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "როდესაც ადამიანებს ასე ძალიან უჭირთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. თუმცა, პირველ რიგში დახმარების მიღების სურვილი თავად ასურელებს უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, როგორც მე ვიცი, ბევრმა მათგანმა საქართველოს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა, რადგანაც უფრო განვითარებულ და მდიდარ ევროპულ ქვეყანაში გადასვლა შეძლონ.

"რეალურად ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული საფიქრი აქვს, თუ როგორ მიიღოს ეს ხალხი და დახმარება აღმოუჩინოს. კარგია, რომ ქართული საზოგადოება ასე კარგად შეხვდა და მიიღო ამ ხალხის გაჭირვება. თუმცა, ასურელები საქართველოში არც შემოსულან და ჯერ ამის სურვილი არც გამოუხატავთ."

 გია მურღულია (ფილოლოგი): "ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ სურვილი ერთი ხელის მოსმით რეალობად იქცეს. საზოგადოებას საქართველოში ლტოლვილების შემოშვებასთან დაკავშირებით კარგად დაფიქრება სჭირდება.

"ჩვენ, ქართველებს ერთი კარგი თვისება გვაქვს - გაჭირვებაში ადამიანის თანადგომა ვიცით. მაგრამ ერთი ცუდი თვისება ის გვაქვს, რომ მთელი სამყაროს პრობლემის გადამწყვეტებად მოგვაქვს თავი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი საერთაშორისო პრობლემა არსებობს, ჩვენმა ემოციამ არ უნდა დაგვჯაბნოს და ეს საყოველთაო უაზრობაში არ უნდა გადაიზარდოს.

"რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ ადამიანს გაჭირვებაში მხარში დაუდგე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყანამ თავისი რეალური შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შეაფასოს."

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "რა თქმა უნდა, იმ კადრების ნახვის შემდეგ ყველა ადამიანს ასურელების დახმარების სურვილი გაუჩნდება. მაგრამ არის მეორე საკითხი - ქვეყანას რამდენად შეუძლია მათი დახმარება. ასე ერთი ხელის მოსმით, რაღაც რადიკალური ხელ-ფეხის ქნევა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, რაც შეუძლია ჩვენმა ქვეყანამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გააკეთოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×