"ბზარები პროგრესირებადი არ არის", - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში
სალომე სარიშვილი
20.04.2015

 საყდრისთან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრში მდებარე შუა საუკუნეების ტაძრები განადგურების პირასაა. ადგილობრივების ნაწილი ამტკიცებს, რომ ტაძრებს ბზარები საყდრისზე აფეთქებითი სამუშაოების შემდგომ გაუჩნდა და მათი დაზიანება ახლაც გრძელდება. ამ ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ, თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ბზარები პროგრესირებადი არაა და შესაბამისად, მათივე განცხადებით, შუა საუკუნეების ტაძრებს განადგურება არ ემუქრება.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ადგილობრივი დალი მამულაშვილი ამბობს, საყდრისის აფეთქებამდე ეკლესიებს ბზარები არ ჰქონდა, თუმცა, პირველი მძლავრი აფეთქების დროს ძველ ტაძრებს საფრთხე შეექმნა. მისივე თქმით, ვიბრაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობას სახლებში მინები ჩაუმსხვრია. მამულაშვილი აღნიშნავს, რომ აფეთქებითი სამუშაოები ამ უბანზე ყოველ მეორე დღეს ხდება, რაც უძველეს ტაძრებს კიდევ უფრო მეტი საშიშროების წინაშე აყენებს.

"პირველი აფეთქების დროს ისეთი ზანზარი იყო, სახლებში მინები ჩაამსხვრია და წარმოიდგინეთ ძველ ტაძრებს რას უზამდა. მას შემდეგ ასეთი მძლავრი აფეთქება არ ყოფილა, თუმცა, ყოველ მეორე დღეს ეს პროცესი გრძელდება და რადგან ეკლესიები საყდრისთან ძალიან ახლოსაა, ბზარები უფრო ხშირად ჩნდება.

"მე თვითონ აქაური ვარ და ეკლესიებში საყდრისის აფეთქებამდე ხშირად დავდიოდი, თუმცა, მსგავსი რამ მანამდე არ შემიმჩნევია. თუ ასე გაგრძელდა, ამ უძველეს ტაძრებს დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ," - უთხრა "მთელ კვირას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ტაძრებზე ბზარების გაჩენაზე საუბრობს ჟურნალისტი და საყდრისის აქტიური დამცველი ნინო მიქიაშვილიც.მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია "არემჯიმ" აფეთქება დაიწყო, საფრთხე იქვე მდებარე შუა საუკუნეების ორ ტაძარს შეექმნა, რომლებიც საყდრისიდან 50 მეტრში მდებარეობს. მისივე თქმით, საამისოდ ვიდეო და ფოტო მასალაც გააჩნია. როგორც ჟურნალისტმა "მთელ კვირას" განუცხადა, ტაძრებს რესტავრაცია 2006 წელს ჩაუტარდა, ამიტომ ბზარების გაჩენას ჟურნალისტი მხოლოდ აფეთქებით სამუშაოებს უკავშირებს.

"ამ ტაძრებს მოსახლეობა ორ საყდრებს ეძახის და ორივე ბაზილიკებია. აღსანიშნავია, რომ ეკლესიებს რესტავრაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, ამიტომ მათზე ბზარების გაჩენა უსათუოდ აფეთქებამ გამოიწვია.

"გარდა ამისა, იქ შენალესი მასალა და ბათქაში ცვივა. ამის დასადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა მე თვითონ გადავიღე. დაზიანება იმდენად დიდია, რომ ამის დამალვას გვერდს უკვე ვერავინ აუვლის. ინფორმაცია წერილობითი სახით ჩემთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ადგილზე ჩავიდნენ და ტაძრების მდგომარეობა დაათვალიერეს.

"ამ ტერიტორიაზე საყდრისის მცველები 8 თვის განმავლობაში ვცხოვრობდით და ტაძრებს ყოველდღე ვალაგებდით, ვლოცულობდით, თუმცა, მაშინ მსგავსი დაზიანებები ტაძრებზე არასდროს შეგვიმჩნევია. დაზიანებები ტაძრებზე ახლახანს გაჩნდა, ეს კი იმ მძლავრი აფეთქებების შედეგია, რომელსაც კომპანია "არემჯი" ყოველ მეორე დღეს ახდენს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მიქიაშვილი და დასძენს, რომ საფრთხის წინაშე არა მარტო ორ საყდრების ეკლესია, არამედ მიმდიბარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ტაძრებიცაა.

"საყდრისის ბორცვიდან დაახლოებით 700 მეტრში აბულმუგის ხეობაა, სადაც კვირაცხოვლის ქედია, რომლის ცალი მხარეც ჩამოშლილია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილის პერმანენტული აფეთქება საყდრისამდე გაცილებით ადრე დაიწყო. ზუსტად ამავე ნაწილში, კვირაცხოვლის ქედზე კიდევ ერთი ტაძარია, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეების უნდა იყოს.

"ეკლესიას ჭერი საერთოდ აღარ შემორჩა, თუმცა, ახლანდელი აფეთქება ტაძარს კიდევ უფრო აზიანებს. მე თვითონ ვნახე, როგორ ზანზარებს ტაძარი ამ მძლავრი აფეთქების დროს.

"კვირაცხოვლის მარჯვენა ძირში კი კიდეც ერთი ტაძარია, რომელსაც მოსახლეობა მუსელაანთ კარს ეძახის. ეს ტაძარიც ამავე საფრთხის წინაშეა, რადგან აფეთქება 50 მეტრში ხდება. ტაძარზე ჭერი უკვე ჩამოშლილია, კედლები კი ნახევრად დგას.

"კიდევ ერთი ტაძარი კი კვირაცხოვლის ქედის წინაა, ეს უკვე გზიდანაც ჩანს. ამასთანავე, კვირაცხოვლის ქედის წვერზე, ტაძართან არც თუ ისე შორს, ძალიან ძველი, მძლავრი ნაგებობის ნაშთია, რომელიც სავარაუდოდ ციხე უნდა ყოფილიყო.

"საბოლოო ჯამში სულ 5 ტაძარია, რომელიც განადგურების საფრთხის წინაშეა.

"უნდა აღინიშნოს, რომ აბულმუგის ხეობაში უნიკალური წყაროა, რომელზეც ძეგლის მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. 20 აპრილს კი ამ ტაძრებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ძეგლთა დაცვის სააგენტოს მივმართავ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ მათგანს სტატუსი უკვე აქვს, ხოლო დანარჩენზე მოვითხოვ შესაბამისმა კომისიამ იმსჯელოს და მახასიათებლების აღმოჩენის შემთხვევაში სტატუსი მიანიჭონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტაძრებს განადგურებისგან ვერავინ დაიცავს," - უთხრა "მთელ კვირას" ნინო მიქიაშვილმა.

ირაკლი ლომიძე (საყდრისის მცველი): "ამ ტერიტორიაზე ორი ადგილია, რომელსაც აფეთქებენ, მათგან ახალი ტერიტორია კი ისაა, სადაც საყდრისის ბორცვი იყო. სწორედ ამავე ტერიტორიაზე, დაახლოებით 50 მეტრში აფეთქება 2 ტაძარს ყველაზე მეტად აზიანებს, მათგან ერთი კი თითქმის შუაზეა გადახსნილი. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მეორე ტაძრიდან კი ბათქაში იყრება. თავისთავად ცხადია, რომ ამას ძლიერი აფეთქება იწვევს, რადგან ტაძრები 2006 წელსაა რესტავრირებული.

"რაც შეეხება მეორე ადგილს, სადაც აფეთქება მიდის, ესაა აბულმუგის ხეობა, იგივე კვირაცხოვლის ქედი, სადაც ტაძრები აფეთქებითი სამუშაოების დროს ზანზარებს. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, საყდრისი რომ ააფეთქეს, მაშინ არჩილ კბილაშვილმა თქვა, რომ ორი აფეთქება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ეს ტაძრები არ დაზიანებულიყოო, არადა მაშინაც იცრუა, რადგან აფეთება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელი კაზრეთი დააზანზარა."

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ტაძრებზე ბზარების გაჩენას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური სიტუაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, გამოვლენილი დაზიანებების მონიტორინგისა და შესაძლო პროგრესირების დასადგენად დაბზარულ ადგილებში თაბაშირის ყალაური დამონტაჟდა.

"ტაძრებში შიდა ბზარები ნამდვილად შეინიშნებოდა, თუმცა საიმისოდ, რომ დავრწმუნებულიყავით თუ რამდენად პროგრესირებადი იყო ეს ბზარები, ადგილზე ყალაური დავაყენეთ. 2 დღის წინ კიდევ ვიყავით ჩასული, თუმცა ბზარები გახსნილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ის პროგრესირებადი არაა, ანუ, ძეგლს ეს საფრთხეს არ უქმნის.

"აღსანიშნავია, რომ ორივე ტაძარს და საერთოდ ყველა იქ მდებარე ტაძარს თითქმის ყველას ძეგლის სტატუსი აქვს, მათი რესტავრაცია კი რამდენიმე წლის წინ ჩვენი ინიციატივით მოხდა.

"რაც შეეხება აბულმუგის ხეობაში მდებარე წყაროს, მას ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა. თუკი რომელიმე სახის ძეგლი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ჩვენს სააღრიცხო ბარათებში მოხვედრილი არ არის, რა თქმა უნდა, მისი შესწავლა ხდება, თუმცა, ასეთი რამ იშვიათია.

"აქვე აღვნიშნავ, რომ თუკი ეს ტაძრები რაიმე საფრთხის წინაშე დადგება, ჩვენ კანონის ფარგლებში შესაბამის ზომებს გავატარებთ," - განუცხადა "მთელ კვირას" გაფრინდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×