"ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, შემდეგი ეტაპი კი ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ ალბათ პრეზიდენტისთვის გადაცემა იქნება", - განაცხადა გუშინ მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა ათონელის რეზიდენციის მდგომარეობით და შავლიაშვილს ინფორმაციის წარდგენა სთხოვა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს და, მათი თქმით, ეს მთავრობისთვის ადრევე იყო ცნობილი.
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მისთვის გასაოცარი იქნება, რომელიმე სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში და ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.
თქვენი აზრით, აიძულებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): იძულების წესით ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად. შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ შეთანხმება არ მოხდება, იძულების წესის წინააღმდეგი ვარ. საერთოდ არ მესმის, ეს ყველაფერი რატომ არის პრესის გასარჩევი და რატომ არ შეიძლება მთავრობამ შიდა საუბრებსა და ურთიერთობებში მოაგვაროს ეს საკითხები და მერე გამოიტანოს გასარჩევად და გააკეთონ განცხადებები.
ეს ყველაფერი უნდა წყდებოდეს შიდა საუბრისა და ურთიერთშეთანხმების დონეზე. წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ელემენტარული საკითხებიდან დაწყებული, ფრიად მნიშვნელოვანი საკითხების ჩათვლით დამთავრებული ყველაფრის გარჩევა ხდება მასმედიაში. ეს ხელისუფლების მხრიდან მუშაობის სწორ მეთოდად არ მიმაჩნია.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): თუ ჩემი სახლი მიყვარს, შეიძლება, რომ აქედან წასვლა მაიძულონ? მესმის, რომ რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის, მაგრამ თუკი საქმისთვის იქ ურჩევნია ყოფნა და იქ უკეთესად გააკეთებს საქმეს, არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს.
ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): იძულების მომხრე არავის მიმართ არ ვარ. მარგველაშვილის მხრიდან ბევრი საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა - მაგალითად, ნინო გვენეტაძის დასახელება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მოსმენის შესახებ კანონისადმი ვეტოს დადება, სადაც ჩემი აზრით, მთავრობის პოზიცია არ იყო სწორი და სხვა. რაც შეეხება რეზიდენციის საკითხს, ამაში პრეზიდენტს არ ვეთანხმები, რადგან სწორედ ამ რეზიდენციაზე ვსაუბრობდით ბევრს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით და ამხელა რეზიდენცია ასეთი სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ნამდვილად გადამეტებული ფუფუნებაა. მე მას ვურჩევდი, რომ საკუთარი ნებით გადავიდეს.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ჩვენი მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ღონეს მიმართავენ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ, რადგან ეს მხოლოდ მისი ახირებაა და რეზიდენციის დატოვება მხოლოდ პრეზიდენტის სურვილის შესაბამისად უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დიდი ამბების მომსწრეები ვიქნებით.
ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან არ უნდა გადავიდეს, თუ ის თავის პოსტს, მდგომარეობას და თავის თავს პატივს სცემს, მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე