თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი, ნორდიკული ალიანსი და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
თაკო მათეშვილი
21.04.2015

 ნატოში გაწევრიანებამდე, რომელიც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, საქართველოსნაირ პატარა და პრობლემურ რეგიონში მდებარე ქვეყანას დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომლის მიღწევაც რამდენიმე გზით შეიძლება - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგები და იმ შესაძლო მოდელებზეც საუბრობენ, რომელთა არჩევითაც საქართველოს თავის დაცვა შეუძლია.

ორმხრივი ხელშეკრულებები, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ალტერნატიული ალიანსები - სწორედ ესაა, მათი თქმით, იმის შანსი, რომ ნატოში შესვლამდე ქვეყანა აგრესორებს გადაურჩეს.

"ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების რამდენიმე სახის გარანტია არსებობს. 100%-იან დაცულობას, მისი თქმით, არცერთი მათგანი არ უზრუნველყოფს, მაგრამ მეტ-ნაკლები დახმარების გაწევას შეძლებენ.

ნებისმიერი სახის დიპლომატიური წინსვლა გარკვეულ ქვეყნებთან, ურთიერთობის გაღრმავება და თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი, პოლიტოლოგის თქმით, უსაფრთხოების გარანტიის ელემენტებს შეიცავს. იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის შიგნით კონსოლიდაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, სამხედრო პოტენციალის ზრდაზეც - "ვინაიდან თავს ისეთ სახელმწიფოებს არ ესხმიან, რომელთაც შეუძლიათ, კარგად უპასუხონ."

რაც შეეხება ალიანსებსა და ბლოკებს, გოგოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზოგიერთი ქვეყნისაგან შემოათავაზებაც არსებობს.

"მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთს უნდოდათ, რომ ჩვენ ერთად სამხედრო კავშირი შეგვექმნა. ასევე რუსეთს ძალიან უნდა, რომ მასთან ერთად ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ეს შემოთავაზებები და კოლექტიური უსაფრთხოების ასეთ სისტემებში გაერთიანება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ გვაწყობს. ეს სხვა მიმართულებით რისკებთან და ქვეყნის განვითარების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

"ნატო დღესდღეობით მთავარი გაერთიანებაა, რომელიც ყველაზე მეტ უსაფრთხოებას გვთავაზობს. სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის ჯერ შორი პერსპექტივაა და ამ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება უპრიანია. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ევროპული ან ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა გაგვიფორმებს ხელშეკრულებას, რომლითაც ჩვენ გამო საომარ მოქმედებებში ჩაერთვება. თავი თავად უნდა დავიცვათ", - ამბობს გოგოლაშვილი.

მიუხედავად ამისა, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებებს, განსაკუთრებით ორმხრივ დონეზე, რომლითაც ჩვენზე განხორციელებული აგრესიის დროს მაქსიმალურ დახმარებას აღმოგვიჩენენ - სამხედრო ტექნიკით, ეკონომიკურ-ფინანსური მხარდაჭერით და ა.შ. თუ ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ასეთი სახის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციონალიზაციას მივაღწევთ, ეს, კახა გოგოლაშვილის აზრით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.

"ყველაზე რეალისტურად ნორდიკულ სახელმწიფოებთან გაერთიანებას ვთვლი. ესაა ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების თავდაცვის კავშირი, რომელშიც ნორდიკული ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთია გაერთიანებული. იგი ჯერ საბჭოა და ალიანსის ფორმა არ მიუღია. ამ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის მექანიზმი, რომლის საქმიანობაც ძირითადად რუსეთის აგრესიისაგან თავის დაცვისკენაა მიმართული.

"თუმცა, არაა გამორიცხული, იგი ნატოს შიგნით სამხედრო კავშირად ჩამოყალიბდეს. მგონია, რომ მათ ინტერესებში საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები შედის და არაა გამორიცხული, რომ ახლო მომავალში მასში უკრაინაც გაწევრიანდეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ამ კავშირს სამხედრო და სხვა სახის დახმარება აშშ-მ გაუწიოს. შესაბამისად, ასეთ კავშირთან ინსტიტუციონალისტური ურთიერთობები სამომავლოდ სასარგებლო იქნებოდა", - ამბობს პოლიტოლოგი.

აქვე გოგოლაშვილი იმასაც შეგვახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია საქართველო შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ცდილობს და ამბობს, რომ ამის საფუძველზე ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება შეიძლებოდა, რასაც საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაც მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, თუმცა აცხადებს, რომ გააჩნია, როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ამერიკა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. გოგოლაშვილის თქმით, არაა გამორიცხული, მათ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატარონ. განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.

"ნატო ჩვენი სტრატეგიული არჩევანია და მის რეალიზებამდე არ შეიძლება ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებას ეწინააღმდეგებოდეს", - ამ მოსაზრებას კი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გამოთქვამს და ამბობს, რომ უსაფრთხოების თვალსზრისით, მიმდინარე საკითხების გადაწყვეტის გზები ჩვენს მომავალ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით უნდა ვეძებოთ. აქვე იმასაც დასძენს, რომ მუშაობა სწორედ ამ გზით მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობაზე აისახება, რომელიც წვრთნის და ჩვენს სამხედრო ძალებს აღჭურვილობით უზრუნველყოფს. პარალელურად კი, მენაღარიშვილის თქმით, თანამშრომლობა გასააქტიურებელია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთანაც.

ამბობს, რომ აქ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსებია, თუმცა, ევროპელებთან ამ საკითხებზე საუბარი უფრო ძნელია, ვინაიდან მათ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ბევრად უფრო თავშეკავებული პოზიცია აქვთ ხოლმე.

"სხვა ალიანსებს რაც შეეხება, ამას დაფიქრება სჭირდება, რათა იმ ნაბიჯით, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს და გადაიდგას, ჩვენივე ინტერესები არ დაზარალდეს. უსაფრთხოების რამდენიმე ფორმატი, რომელიც გასულ წლებში აქტიურად გამოიყენებოდა, მაგალითად, შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორმატი, რომელშიც რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ, თუნდაც "სუამი", რომელიც ამოწურული არ არის, ასევე ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული", - აცხადებს იგი.

პოლიტოლოგი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი კი ამბობს, რომ ნატოს საპირწონედ მხოლოდ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება საქართველოს იმ მყარ გარანტიას აძლევს, რასაც ნატოში გაწევრიანების გარეშე ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია.

კითხვაზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, კონკრეულად რომელ ქვეყნებთან იქნებოდა უპრიანი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება და რამდენად ეფექტურია ეს, კიკიანი შემდეგნაირად გვპასუხობს.

"მთელ დასავლურ, ცივილურ სამყაროსთან ურთიერთობა საქართველოსათვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია. გარკვეული ურთიერთობები გვაქვს ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება, მაგრამ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ისევ აშშ რჩება.

"ეს მეტად ეფექტურია, ვიდრე ის ეტაპი, რაც საქართველომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა გაიაროს. ჩვენთვის ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვინაიდან ნატოში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღწევა და საქართველოს ნატოსთან დაახლოება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს პრეროგატივა არაა. ვინაიდან იქ გარკვეული წინაპირობები არსებობს, ამ ეტაპზე უფრო ეფექტურია, საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები განავითაროს. პირველ რიგში კი აშშ-სთან, ვინაიდან რუსეთი მხოლოდ ამერიკას უწევს ანგარიშს", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×