პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადგილზე ის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადავიდოდა, თუმცა, მისი თქმით, თავად გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება მისი რეზიდენცია.
კითხვაზე, მოხდება თუ არა იძულების წესით პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არ მოხდება და ასეთი საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, "თავად პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და იმიტომ გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში."
"მე თუ მკითხავთ ჩემს აზრს, მე ამას არ გავაკეთებდი და 100%-ით ვადასტურებ ამას, რადგან საქართველოში არ არის დღეს ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ თავს საშუალება მივცეთ, ნახევარმილიარდიან სასახლეში ვიცხოვროთ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ათონელის რეზიდენციის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე. ის არ გამორიცხავს, საქართველომ მსოფლიო საზოგადოება იმითაც გააოცოს, რომ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენცია იძულებით დაატოვებინონ.
"მეცნიერება იმ დონეზე ავიდა, რომ საბინაო-კომუნალური საკითხები უკვე გლობალურ მასშტაბებს იღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტსა და საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებზე დავკონკრეტდეთ. რაც შეეხება მსოფლიოს გაოცებას, თუ ასეთი გზით წავედით, მე მგონი, ამას არაერთხელ მოვახერხებთ," - განაცხადა ფხალაძემ.
პრეზიდენტის ადგილზე გადახვიდოდით თუ არა უფრო მოკრძალებულ რეზიდენციაში? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ია ანთაძე (ჟურნალისტი): პირადად მე გადავიდოდი, მაგრამ მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. გიორგი მარგველაშვილი სანამ ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, მანამდე ამბობდა, რომ პრეზიდენტს ამხელა რეზიდენცია არ სჭირდებოდა. მერე, როცა თვითონ გახდა პრეზიდენტი, სხვანაირად შეხედა ამ ამბავს, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის ადგილზე მე არც იმ რეზიდენციაში გადავიდოდი, რომელსაც მანამდე ვაძაგებდი, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც დიდი ხარჯებია, ამ შენობის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და უფრო ღირსეული ფორმით გადავიდოდი იმ რეზიდენციაში, რომელიც აშენდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი უფრო სიმბოლური ფიგურაა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სიმძიმე პრემიერის კისერზეა, ის კანცელარიის შემონობაშია და პრეზიდენტისთვის საგანგებოდ აშენდა სასახლე. საზოგადოების ადგილზე რომ ვიყო, ამაზეც კი გავაკრიტიკებდი ხელისუფლებას, თუ რატომ დახარჯა ამდენი მილიონი პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე, როცა შეიძლებოდა ისიც კანცელარიის შენობაში ყოფილიყო.
ნინო ჩხობაძე ("მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე): ალბათ გადავიდოდი, მაგრამ გააჩნია, რა მოსაზრებებით საუბრობს ბატონი მარგველაშვილი. სიმართლე რომ ვთქვათ, პრეზიდენტს უცხოური დელეგაციის მისაღებად შესაბამისი საშუალება უნდა ჰქონდეს. თუმცა ურიგო არც მოკრძალებული რეზიდენცია იქნება, მაგრამ არა მგონია, ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტისთვის შესაბამისი იყოს.
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): ავლაბრის რეზიდენციაში ერთხელ ვარ ნამყოფი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში კი არა, სანაყინეში ან ძალიან სუფთად აგებულ საპირფარეშოში ვიყავი. არქიტექტურისა და ინტერიერის მიხედვით ამაზე უნიჭო შენობა მე არ წარმომიდგენია. რაც შეეხება კითხვას, ამ თემაზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემი აზრით, ეს თემა ზოგადი მნიშვნელობის მატარებელი არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე