კებეკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში ისის-ის მთავარი შემაკავებელი ძალა იყო
ეკატერინე ბასილაია
22.04.2015

 ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების ჯგუფის, "კავკასიის იმარატის" მეთაური ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი, მოკლულია და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მის ადგილს, დიდი ვარაუდით, ახლა ბევრად უფრო რადიკალი მეთაური დაიკავებს. პოლიტოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ "კავკასიის იმარატს" "ისლამური ხალიფატი", იგივე ისის-ი, დაიქვემდებარებს და თუკი ეს მართლაც მოხდება, კავკასიაში უფრო სისხლიან ამბებს პროგნოზირებენ.

"ხალიფატი" ალბათ შეძლებს "კავკასიის იმარატის" დამორჩილებას და ეს კავკასიაში დაძაბულობას გაზრდის. სადაც ისის-ი გამოჩნდა, ნახეთ, რა სიტუაციაც გამოიწვია. "ხალიფატი" იატაკქვეშა მოქმედებებს საქართველოში ახლაც ეწევა, მაგრამ ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულან. კავკასიაში გაძლიერების შემდეგ კი უფრო აქტიურ მოქმედებებს დაიწყებენ. არ გამოვრიცხავ, რომ კავკასიაში სისხლიანი ამბები დაიწყოს," - აცხადებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.ცნობისათვის, ალიასხაბ კებეკოვი "კავკასიის იმარატს" გასული წლის მარტში, დოკუ უმაროვის დაღუპვის შემდეგ ჩაუდგა სათავეში და, როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, მისი "ემირობის" პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური წინააღმდეგობა გარკვეულწილად შესუსტდა და სისხლისღვრა მინელდა. მას ნაკლები რადიკალიზმის გამო არც თუ ძლიერ მეთაურად მიიჩნევდნენ, რის გამოც "იმარატს" რამდენიმე ახალგაზრდა საველე მეთაური განუდგა და "ისლამურ ხალიფატს" მისცა ფიცი.

რუსული მედიის ცნობით, ძალოვნებმა "ბოევიკების" წინააღმდეგ სპეცოპერაცია 19 აპრილს, დაღესტნის ქალაქ ბუინაკსკთან ჩაატარეს და 4 ისლამისტი მოკლეს, მათ შორის კებეკოვიც.

აღსანიშნავია, რომ "ემირის" დაღუპვა რუსულ მედიას მისთვის ჩვეული ზარ-ზეიმით არ გაუშუქებია. მხოლოდ სამმა სააგენტომ დაწერა, რომ 19 აპრილს ვიღაც ალიასხაბ კებეკოვი მოკლეს. ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც დოკუ უმაროვი მოკლეს, ეს რამდენიმე დღის მანძილზე მთავარ თემად რჩებოდა. არადა, კებეკოვი თავისი სტატუსით დოკუ უმაროვის ტოლი და სწორი იყო.

როგორც საკმაოდ ინფორმირებული, მაგრამ პროპუტინური გამოცემა "კავკაზსკაია პოლიტიკა" (იგივე "კავპოლიტი") ვარაუდობს, ამის მიზეზი ისაა, რომ კებეკოვი კავკასიის წინააღმდეგობის ისტორიაში ყველაზე სუსტი მეთაური იყო და ტერორიზმის პრობლემის ერთგვარი დევალვაცია მოახდინა.

"კავპოლიტის" ინფორმაციით, კებეკოვის სიკვდილი მაინცდამაინც სასიხარულო არ უნდა იყოს, რადგან ის ზოგადად, ძალიან არქაული შეხედულებების ადამიანი იყო და ფაქტობრივად კავსასიასა და რუსეთის ისლამურ რეგიონებში ისის-ის ტრიუმფალურ სვლას აკავებდა. ახლა კი, გამოცემის ცნობით, "კავკასიის იმარატს," სავარაუდოდ, უფრო სისხლისმსმელი მეთაური ჩაუდგება სათავეში.

დიდი ხნის მანძილზე "იმარატსა" და ისის-ს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო, რადგან კებეკოვი კიცხავდა მათ პრაქტიკას, როგორც შარიათის საწინააღმდეგოს. კებეკოვის მოღვაწეობა დაიწყო იმით, რომ დაგმო ქალთა ჯიჰადი და მიიჩნევდა, რომ ეს მხოლოდ მამაკაცების საქმეა. თუმცა მას ბოლომდე არ უსმენდნენ და ყველაფერს ვერ აკონტროლებდა, მაგრამ ტენდენცია განსაზღვრული იყო და მის დროს თვითმკვლელი ქალი ტერორისტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მის დროს იმართებოდა შარიათის სასამართლოები რიგით მოსახლეობასა და იატაკქვეშა მებრძოლებს შორის არსებულ კონფლიქტებზე და ყველა შემთხვევაში მებრძოლები არ გამოდიოდნენ გამართლებულები. ფაქტობრივად, კებეკოვს ისედაც მაინცდამაინც არც თუ ძალიან კარგად გამოუდიოდა ახალი იდეების შეკავება. უკვე ახალგაზრდა მეთაურები აცხადებდნენ, რომ მასთან ფიცს წყვეტდნენ და "ისის"-ის მხარეზე გადადიოდნენ. თუმცა ჯერ კიდევ არსებობდა "იმარატის" მორალური ავტორიტეტის ტვირთი.

რეგიონის უფროსი თაობა, რომლისთვისაც ისის-ის "რევოლუციური იდეები" უცხოა და მიუღებელი, კებეკოვს უჭერდა მხარს. მას ისლამური განათლება ჰქონდა მიღებული და საერთოდ რელიგიურ ინტელიგენტ-რადიკალს წარმოადგენდა, ამიტომ ჩრდილოკავკასიის იატაკქვეშა ლიდერებს შორის ყველაზე ნაკლებად სისხლისმსმელი იყო. ახლა კი ახალი თაობა წამოვიდა და "კავკასიური იმარატის" ნაცვლად "ხალიფატი" მოვა," - წერს გამოცემა.

ექსპერტების თქმით, კებეკოვის დროს ტერორისტული საქმიანობა მკვეთრად დაეცა, რაც ნაწილობრივ რადიკალების ნაკადის სირიასა და ერაყში გადასვლამ გამოიწვია. ახლა კი გაჩნდა შიში, რომ მისი ადგილი თავზეხელაღებულმა რადიკალმა დაიკავოს.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ახალი ემირის პოსტისტთვის ბრძოლა დაიწყება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი ფიგურა მოვა "იმარატის" მეთაურად.

მამუკა არეშიძე: "კებეკოვი თავისთავად სუსტი ფიგურა იყო. მის სახელთან რაიმე განსაკუთრებული, დიდი აქციები არ არის დაკავშირებული. ყველაზე გახმაურებული იყო გასული წლის შემოდგომაზე გროზნოში შესვლა, როდესაც პრესის სახლი დაიწვა და "იმარატის" 10-ზე მეტი მებრძოლო დაიღუპა. სხვა შემთხვევაში გახმაურებული ტერორისტული აქტები არ მომხდარა. პირიქით, ფედერალებმა, როგორც ჩანს, სერიოზული აგენტურის ჩანერგვა მოახერხეს "იმარატის" რიგებში, რადგან დღე არ გავიდოდა, ვინმე არ დაღუპულიყო. კებეკოვს, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი ფიგურა შეცვლის. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ კებეკოვმა "იმარატის" ერთიანობის შენარჩუნებაც ვერ მოახერხა. სამი სერიოზული საველე მეთაური განუდგა მას და "ისლამურ ხალიფატს" შეჰფიცა ერთგულება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფიგურა მოვა "იმარატის" მეთაურად და ამის შემდეგ შეიძლება ვნახოთ, შეუერთდება თუ არა "იმარატი" "ისლამურ ხალიფატს."

მისივე თქმით, "ისლამურ ხალიფატს" კავკასიაში შემოსასვლელად კებეკოვის წინააღმდეგობის გარდა სხვა ფაქტორებიც აკავებდა. მაგალითად, ის, რომ "ხალიფატს" და "იმარატს" სხვადასხვა დამფინანსებლები ჰყავთ და ეს სხვადასხვა დამფინანსებლები სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს მისდევენ. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული გავლენა აქვს "იმარატის" საველე მეთაურთა სათათბიროს - შურას. საველე მეთაურთა უმრავლესობა იმარატს უჭერდა მხარს. იმარატის მთავარი ამოცანა კი არის ბრძოლა ისლამისათვის, მაგრამ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ისლამური ხალიფატის წინაშე კი ასეთი ამოცანა პირველ რიგში არ დგას. ახლა კი გააჩნია, ახალი ლიდერი რას იზამს.

უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ "იმარატში" ლიდერების კრიზისია და ამ კრიზისის ფონზე შეირჩა თავის დროზე კებეკოვი. კებეკოვი აბრკოლებდა "კავკასიის იმარატის" გაერთიანებას "ისლამური ხალიფატის" რიგებში.

ვახტანგ მაისაია: "დაღესტნის ჯამაათის დაახლოებით 60% და ჩეჩნეთის ჯამაათის 40% "კავკასიის იმარატიდან" "ისლამური ხალიფატის" რიგებში გადავიდა და ამან იმარატის პოზიციები შეასუსტა. ამ პროცესს კებეკოვი აკავებდა. ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი თეოლოგი იყო. მას აზრს ეკითხებოდნენ და მხარს უჭერდნენ უცხოელი თეოლოგებიც. მან აღადგინა შარიათული ნორმები და პრინციპები. ის იყო ისლამური სასამართლოს თავმჯდომარე - ყადი და ამ კუთხით ავტორიტეტი ჰქონდა. კებეკოვი თავის დროზე დაეყრდნო დაღესტნური შარიათული ჯამაათის ლიდერებს და ისე მოვიდა იმარატის მეთაურად, თუმცა შემდეგ დაღესტნური ჯამაათის ლიდერებმა უღალატეს და ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში გადავიდნენ, რამაც მისი პოზიციები დაასუსტა."

მაისაიას თქმით, "ხალიფატი" და "იმარატი" ბევრ საკითხში ვერ თანხმდებოდნენ. მაგალითად, ფინანსების განკარგვაში; ასევე, აბუ ბაქარ ალ ბაღდადი, ისის-ის ლიდერი, "იმარატისგან" ისლამური ხალიფატის სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობისადმი სრულ დამორჩილებას მოითხოვდა და ბოლოს წინააღმდეგობა თავად ბრძოლის ფორმებზე არსებობდა. კებეკოვი სამოქალაქო პირებზე თავდასხმის წინააღმდეგი იყო, ასევე შაჰიდური ტიპის შეტევებს ეწინააღმდეგებოდა. ნაკლებად რადიკალი იყო და ამ სამი ფაქტორის გამო იყო ამ ორ დაჯგუფებას შორის უთანხმოება.

თუმცა ახლა, როდესაც კებეკოვი უვე მოკლულია, მაისაია არ გამორიცხავს, რომ ძალიან მალე "კავკასიის იმარატი" მთლიანად "ისლამურ ხალიფატის" ქოლგის ქვეშ გადავიდეს და ახალ ლიდერად ვიხილოთ ახმედ ჩატაევი, ან თუნდაც წარმოშობით პანკისელი მუსლიმ მარგოშვილი.

"თუმცაღა ეს პოზიცია შეიძლება დაიკავოს დაღესტნის ჯამაათის მოსამართლემ, მაგომედოვმა. ბრძოლა კვლავ ჩეჩნურ და დაღესტნურ დაჯგუფებებს შორის წავა. ბოლოს "ისლამური ხალიფატი" ალბათ მაინც შეძლებს "კავკასიის იმარატის" დამორჩილებას და, შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნის თავის ბირთვ დასაყრდენ ძალას. "ხალიფატის" ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩენა კი დაძაბულობას გაზრდის. სადაც ისის-ი გამოჩნდა, ნახეთ, რა სიტუაციაც გამოიწვია. ფაქტობრივად, თუკი "ხალიფატის" სახელით მოქმედი დაჯგუფებების ჩრდილოკავკასიაში გადმოსროლა და ამ შენაერთების გაძლიერება მოხდება, შესაბამისად, ახალი ტიპის "კავკასიური იმარატის" ხელახალი გაადაფორმატება მოხდება, ოღონდ როგორც "ისლამური ხალიფატის" დამხმარე ძალის. აქტიურ ფაზაში ამოქმედდება "ხალიფატის" ჩრდილოკავკასიური ფილიალი და "იმარატი" ისის-ის ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. არ გამოვრიცხავ, რომ კავკასიაში სისხლიანი ამბები დაიწყოს," - აცხადებს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×