საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა, დაემატოს 234-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, თუ ის ძალადობრივ მოწოდებას ან ექსტრემისტულ შინაარსს შეიცავს, პირს შეიძლება 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
აღნიშნული ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ეს არ შეეხება ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რეალურ ქმედებას მოკლებული იქნება. მათივე თქმით, ეს ცვლილება სოცქსელებში პოლიტიკური ექსტრემიზმის იდეების პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად კეთდება.
საპარლამენტო უმცირესობის თქმით, ეს ცვლილება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისთვის კეთდება და ისინი ამაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხესაც ხედავენ.
თქვენი აზრით, უნდა შევიდეს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში ეს ცვლილებები? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (მხატვარი): მე პირადად სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვარ და შეხებაც არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს კანონმდებლობა დიდ განხილვას მოითხოვს, რადგან შეიძლება სიტყვის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე შეექმნას. ასე რომ, საკამოდ რთულად მისაღები კანონია და ვისურვებდი ჯერჯერობით არ ეჩქარათ. არა მგონია, რომ დღეს ეს მისაღები იყოს.
ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): თუკი მოწოდება ძალადობას შეიცავს, ის დღესაც დასჯადია. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სოციალურ ქსელში 2010 წელს მომწერეს ძალადობის შემცველი შეტყობინება, მივმართე პოლიციას და რამდენიმე საათში ეს ყმაწვილი მიიყვანეს პოლიციაში, დააწერინეს განცხადება და ა.შ.
ამ ყველაფრის აუცილებლობას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ თუ მოწოდება ძალადობის შემცველია, პოლიციაში ამ ადამიანის დაბარება ისედაც ხდება. რატომ ვიმეორებთ იმას, რაც უკვე არსებობს, ჩემთვის გაურკვეველია.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ჩემი აზრით, უნდა შევიდეს. ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, სულ რომ ოქროს კოშკები ააშენოს, უმცირესობა იტყვის, რომ დაბალი ხარისხისაა, მაგრამ სოციალურ ქსელს ძალიან დიდი ძალა აქვს.
ძალადობისკენ მოწოდება შეიძლება ძალიან საშიში იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ დიდი სიზუსტით განისაზღვროს, რა ჩაითვლება დანაშაულად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოწოდებად ყველაფერი ჩაითვალოს. აზრის გამოთქმა სხვა არის და მოწოდება სხვა.
ქეთი ბექაური (ადვოკატი): ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მასმედიაში გაკეთებული განცხადება შეიძლება გახდეს წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი. ამას გარდა, მინდა დავადასტურო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სადისციპლინო კომიასიას სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს. თუ ასეთი რამ მაღალი სტატუსის მქონე პირებს, თუნდაც მოსამართლეებს ეხება, რატომ არ შეიძლება ინფორმაცია, რომელიც ძალადობის პროპაგანდას ეწევა, მსჯელობის საგანი გახდეს?! მითუმეტეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ, რაც პანკისის ხეობაში ხდება და იქიდან არასრულწლოვანი პირების სირიაში გადინებას, ეს ყველაფერი სწორედ სოციალური ქსელების შედეგია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე