"ამ ცვლილებებით გაანადგურებენ ადვოკატთა ინსტიტუტს და კანონპროექტის კანონად მიღების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ხელს შეუშლიან," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ამ ცვლილებით განისაზღვრება გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებათა გაცემის და შესრულების წესი.
მონიტორინგის სამსახურის უფროსს უფლება ექნება საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას წერილობითი მითითება მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს შესაბამისი გარიგების შეჩერების და პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე.
მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს უფლება არ ექნებათ გარიგების მონაწილეებს შეატყობინონ, რომ მათ მიმართ მითითების საფუძველზე გარიგების შეჩერება ხორციელდება.
"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური თუ მიიჩნევდა, რომ გარიგება იყო საეჭვო, მიმართავდა სასამართლოს და მისი მეშვეობით შეეძლო გარიგების შეჩერება. დღევანდელი ცვლილებებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს დაურეკოს ტელეფონზე ან ზეპირად მოსთხოვოს გარიგების შეჩერება," - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ადვოკატს არ ექნება უფლება გარიგების მხარეს აუხსნას მიზეზი, თუ რატომ აჩერებს გარიგებას, "რადგან თუ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებს გაასაჯაროებ, პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება."
"ჩემს მეტი საქართველოში კაცი არ აღმოჩნდა, ვინც წაიკითხა და გააპროტესტა ეს ცვლილება, პარლამენტის უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, კანონში რა წერია და მარტო ხელის ამწევები არიან. ამ ცვლილებების დამტკიცებით კი, პირველ რიგში, ადვოკატთა ინსტიტუტი განადგურდება.
"ამას გარდა, ინვესტორს, რომელსაც უნდა საქართველოში მსხვილი კაპიტალდაბანდება განახორციელოს, როცა იცის, რომ ქვეყანაში არის სამსახური, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გარიგება მიიჩნიოს საეჭვოდ და შეაჩეროს, რომელი ინვესტორი შემოგივა?! ქვეყანაში სპობენ ყველაფერს, რისი მოსპობაც საკანონმდებლო დონეზე შეუძლიათ," - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარების პერსპექტივას: "კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ არჩევნების წინ ის პოლიტიკური პარტიები, ვინც დაფინანსდებიან და ბიძინა ივანიშვილის განწყობას ვერ დაიმსახურებენ, ნებისმიერი დადებული გარიგება იქნება უკანონო და უაზრო მიზეზით შეუჩერებენ დაფინანსებას. ამ ცვლილებებით პირდაპირ საარჩევნო პროცესს ურტყამენ."
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის, სოფო ჭარელის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეეძლება ზეპირად ან წერილობით მისცეს მითითება ადვოკატს, ნოტარიუსს, ბანკს, საფინანსო დაწესებულებას და სხვადასხვა დაწესებულებას, რომ საეჭვო გარიგებების შემთხვევაში შეაჩერონ გარიგება ან არ გასცენ პროფესიული მომსახურება.
"საინტერესო ნაწილი არის ის, რომ კლიენტი ამის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს, მან არ იცის, თუ რატომ არ ხორციელდება მისი ტრანზაქციები. მონიტორინგის განმახორციელებელ პირში ადვოკატიც იგულისხმება, რადგან ადვოკატი გასცემს პროფესიულ მომსახურებას, შეხება აქვს გარიგებებთან. კანონში საუბარია ფულის გათეთრებაზე ან ტერორიზმის დაფინასებაზე.
"პრობლემა ის არის, რომ როდესაც ადვოკატს კლიენტი ეკითხება, თუ რა არის შეფერხების მიზეზი, მას არ აქვს თქმის უფლება და თუ იტყვის, ამავე კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისიწინებული," - ამბობს სოფო ჭარელი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას გადაწყდა, რომ ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებები არ განხორციელდება.
"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ არსებულ კანონში ცვლილებების მთავარი არსი არის ის, თუ როგორ მოახდინოს მონიტორინგის სამსახურმა საეჭვო გარიგების ნიშნების შემთხვევაში აღსრულების შეჩერება. თუ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეაჩეროს საეჭვო გადარიცხვა, ისე ფული დაიკარგება და გამოძიების ინტერესი, რომ ფულის გათეთრება აღიკვეთოს, ვერ განხორციელდება.
"ახალი კონვენცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ახალ კომპეტენციებს ანიჭებს. ჩვენ შევისწავლეთ კომპეტენციები, იქ იყო ბევრი სადავო საკითხი და ჩავთვალეთ, რომ ადვოკატზე ცვლილებები არ უნდა გავრცელდეს. მათზე გავრცელდება მხოლოდ ის მექანიზმი, რაც აქამდე იყო. "აქამდე არსებული მექანიზმის მიხედვით კი თუ ადვოკატი გარიგებას საეჭვოდ მიიჩნევს, საქმის კურსში ჩააყენებს ადვოკატთა ასოციაციას, ხოლო ასოციაციის ხელმძღვანელობა მიმართავს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ეს წესი ორი წლის წინ მივიღეთ და ცვლილებები არ შევა," - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.