"ბელარუსი საქართველოს ყოველთვის განიხილავს, როგორც ახლო და მეგობრულ ქვეყანას", - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან.
"ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის - საბაჟო კავშირთან, ამ განვითარებამ ჩვენი ურთიერთობა არ უნდა შეზღუდოს".
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააფორმეს. განცხადებაში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.
თქვენი აზრით, რა არის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მთავარი შედეგი? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ამ ქვეყნის ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ჩვენ ამჟამად უკრაინაში გართულებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ვითარების გამო სრულყოფილი გასვლა არ გვაქვს უკრაინის ბაზარზე, არ გვაქვს ურთიერთობა რუსეთთან.
საქართველოსთვის მთავარია ბაზრის საკითხი. ჯერჯერობით ევროპაში ჩვენი პროდუქციით ვერ გავდივართ, ჩვენ კი უნდა ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ამ მიმართულებით ლუკაშენკოს ვიზიტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
ბუნებრივია, ის ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს არ უჭერს იმ ვითარებას, რაც შექმნილია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც მისი ვიზიტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ზოგადად, ლუკაშენკოს ვიზიტი უნდა იყოს ნაყოფიერი, რათა ორმა ქვეყანამ სარგებელი მიიღოს.
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): ამ ვიზიტს, როგორც ასეთი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, არაფერი გზავნილი არ არის. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მათთან კარგ ურთიერთობას. ის შეხვედრები, რაც გუშინ გაიმართა, არის შირმა და მეტი არაფერი, რეალურად სულ სხვა რაღაც ხდება.
პრეზიდენტის სასახლეში მიღება და სხვა ღონისძიება ყველაფერი მეორადია. სოხუმთან დაკავშირებით კი რაც თქვა, ეს გასაგებიცაა, ნორმალური ქვეყნის ლიდერი ასე უნდა იქცეოდეს.
ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ამასთანავე, მისი მხრიდან არის მცდელობა, დაარეგულიროს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის და მესამე არის ის, რომ მას ამ საქმეში სურს საკუთარი პიროვნების წარმოჩენა მომრიგებლის როლში.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მისი მხარდაჭერა, რათა ბელარუსში სეპარატისტული რეჟიმების არაღიარების პროცესი არ დაიწყოს. ასევე, ამ ქვეყანასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): სოხუმთან დაკავშირებით მისი განცხადება სასიამოვნოა. ეს არ არის ვიღაც და როდესაც ასეთი პერსონა ამას ამბობს, ეს განაცხადია არამარტო ჩვენთვის, ფაქტობრივად მან რუსულ იმპერიულ სივრცეს გააგონა, რომ მას მსგავსი აზრი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე