ლარის გაუფასურების 16-წლიანი რეკორდი მოიხსნა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2,2844 ლარი ღირს. გუშინ შუადღემდე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა რამდენჯერმე შეცვალეს კურსი. მოსახლეობაში მაშინვე გაჩნდა პანიკა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცემოდა.
ეროვნული ვალუტა ისევ კატასტროფის პირას აღმოჩნდა. ბოლო 2 დღეში კურსი ერთბაშად 3 პუნქტით გაუფასურდა. ხალხი პანიკის ზღვარზეა. ამ დროს გაუგებარია, რას აკეთებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი და კრიზისის თავიდან ასაცილებლად რა გეგმები აქვს მთავრობას.
მაშინ, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში არანორმალურად უფასურდება, ყველა მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტა მყარდება. რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში საკმაოდ გაძლიერდა. კარგახნიანი გაუფასურების შემდეგ ასევე გამყარდა თურქული ლირა. სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი სტაბილურობას ინარჩუნებენ. გარდა ამისა, საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც კი ახერხებს კურსის დაჭერას.
ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ხალხში უკვე პანიკაა. თბილისელი ლია ბარვენაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გუშინ კრედიტის გადასახდელად 300 დოლარი უნდა ეყიდა. დილით ბავშვი სკოლაში რომ წაიყვანა, ლარი დოლართან მიმართებაში 2,26-ზე იყო, 2-3 საათში კი კურსმა 2,28-ს მიაღწია.
"დილით ბავშვი სკოლაში წავიყვანე. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოებს შევხედე და 1 დოლარი 2,26 ლარი ღირდა. ვიფიქრე, მივალ სახლში და 12 საათისთვის ბავშვს სკოლიდან რომ გამოვიყვან, ბანკში შესატან დოლარს მაშინ ვიყიდი-მეთქი. 300 დოლარის შესასყიდი ლარი წამოვიღე და სახლიდან გამოვედი. თვალებს არ ვუჯერებდი, 1 დოლარი უკვე 2,2780 ლარი ღირდა. თავზარი დამეცა. ბანკის ვალდებულებისთვის საჭირო თანხას ძლივს მოვაგროვე და დოლარის საყიდლად თანხა აღარ მყოფნიდა.
მაშინვე ჩემს დასთან გავიქეცი და ვთხოვე ფული დაემატებინა. სანამ მასთან მივედი და ფული გამოვართვი, ლარი უკვე 2,28-ზე ასულიყო. იქნებ გამაგებინოს ვინმემ, რა ხდება ამ ქვეყანაში? ხალხი საბოლოოდ გაწირეს", - ამბობს ლია ბარვენაშვილი.
თბილისელი ნანა წულუკიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესებზე პასუხი უნდა აგოს მთავრობამ. "მართლა პანიკაში ვარ. პატარა თონე მაქვს და ოჯახს ამით ვარჩენდი. დღემდე 1 თვეში იჯარის გადასახადს 700 დოლარს ვიხდიდი. უკვე ვალებში გადავვარდი. ფქვილი გამიძვირდა, მალე გაზიც გამიძვირდება.
წინა თვეში იჯარის გადასახადი რომ გადამეხადა, ბანკიდან ავიღე კრედიტი. იმედი მქონდა, რომ ლარი გამყარდებოდა. დღეს უმძიმეს დღეში აღმოჩნდი, სასოწარკვეთილი ვარ. არ მაინტერესებს, ქართული ვალუტის გაუბედურებაში ბრალი გარე ფაქტორს მიუძღვის თუ ეროვნულ ბანკს. მე ავირჩიე ეს მთავრობა და პასუხს სწორედ მისგან ვითხოვ", - ამბობს ნანა წულუკიძე.
ბოლოს ლარი დოლართან ასე მასშტაბურად 1999 წელს გაუფასურდა, რაც რუსული დეფოლტის გამოძახილი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის 24 აპრილს საუკუნის ანტირეკორდი დამყარდა. ამ დროს დღემდე გაურკვეველია, კურსის სტაბილურობისთვის რა გეგმები აქვთ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას.
ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დასუსტებას გარე ფაქტორმა და მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. თუმცა, მოკლე პერიოდში ლარის პიკისებურ გაუფასურებაში პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება.
"როდესაც სავალუტო ნაკადის გადინება ხდება, როგორც წესი, მოთხოვნა იზრდება დოლარზე და შესაბამისად ლარი უფასურდება. ამ მომენტში ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ინტერვენციები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას პიკური გაუფასურება", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და აღნიშნავს, რომ სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად მთავრობას სწორი რეფორმები უნდა გაეტარებინა, რომელიც სავალუტო ნაკადების გაზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული.
"ვინაიდან ვერ მოხერხდა რეალობაზე გათვლილი რეფორმების გატარება, ამის გამო ლარი დასუსტდა. დღეს კი ლარის მკვეთრი გაუფასურება წმინდად ეროვნული ბანკის ბრალია", - აცხადებს ხომიზურაშვილი.
კიდევ ერთი ეკონომისტის გოჩა თუთბერიძის აზრით, საბოლოო ჯამში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, რადგან ჯერ კიდევ არა ჩანს ანტიკრიზისული გეგმა, გაუარესებულია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და დიდი პროექტების ინვესტირება იგვიანებს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ლარის პიკური გაუფასურების მიუხედავად, არც მთავრობიდან და არც ეროვნული ბანკიდან განცხადების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს. მოსახლეობა კი ისევ გაურკვეველ მდგომარეობაშია და სვამს კითხვას - ჰყავს ამ ქვეყანას ეროვნული ბანკი და მთავრობა?