საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება.
"საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს როგორც 9 მაისს, ისე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვფიქრობ, ორივე თარიღი სახელმწიფო ზეიმის ტოლფასი გახდება. 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაც მოეწყობა, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნება ყველა სამინისტრო თავიანთი პროექტებით.
"ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სეირნობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისის გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველა თვითმმართველ რეგიონში იგეგმება.
თქვენი აზრით, უნდა გაიმართოს თუ არა 26 მაისს სამხედრო აღლუმი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): "ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საზეიმო ღონისძიებები მირჩევნია. ვფიქრობ, სამხედრო აღლუმი არ არის აუცილებელი. ეს კომუნისტური ეპოქიდან არის გადმოსული, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ძალა, ის, რომ ჩვენ მაგრები ვართ, რას ვფლობთ და დაუმარცხებლები რომ ვართ.
"26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ვფიქრობ, თბილისელებისთვის საზეიმო ღინისძიებები უფრო საინტერესო იქნება."
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "სამხედრო აღლუმზე რამდენი იხარჯება, ზუსტად არ ვიცი, თუმცა, თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ექვემდებარებიან და ამით ცდილობენ, თანხა დაზოგონ, რომ ჩვენს უბედურ ხალხს ეშველოს, მაშინ კარგია იდეაა.
"რა თქმა უნდა, ერთი აღლუმი სამხედროებისათვის და ხალხისთვის ცუდი არ იყო. ამდენი ხანია იმართებოდა და ახლა არგამართვა ცუდად ჩანს. "რთული საკითხია, თუ ძალიან დიდი ფული ღირს და გვინდა დავზოგოთ, კარგია. მაგრამ საზეიმო ღონისძიებები კარგია, თუ გაიმართება. ნუ გაიმართება სამხედრო აღლუმი, არ არის პრობლემა.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ჯარი თავის ქევყნის ინტერესებს და თავის სამშობლოს უნდა იცავდესი და არა სადღაც ავღანეთში და ერაყში მსახურობდეს და სხვის ინტერესებს იცავდეს. ჩვენ ისეთი ჯარი არ გყვავს, რომ გამოვიდეთ და აღლუმები ვატაროთ. ჩვენ ქართული ჯარი არ გვყავს."
ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტ-არქიტექტორი): "სამხედრო აღლუმი არ გვინდა. ეს მთელი ქვეყნის დღესასწაულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ტენდეცია, რომელიც სამხედრო აღლუმების გარეშე ჩამოყალიბდა, ალბათ სწორია. "პოლიგონებზე ივარჯიშონ და ქვეყნის დასაცავად მოემზადონ. სამხედრო ძალის დემონსტრირება არ გვინდა, ამით მაინც ვერავის გავაკვირვებთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხარჯი ზედმეტია. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე