ელზა პაპოშვილი
27.04.2015

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევაზე ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა რეაქცია დააგვიანეს. მისი მოსაზრებით, საკითხის საჯარო განხილვა კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს.

ქუცნაშვილის მსგავსად ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ხდება მიზანმიმართულად, გარკვეული ამოცანების შესასრულებლად.

"გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ აღიარებენ რეალურ პრობლემას, არ ცვლიან პოლიტიკას, ალბათ ერთადერთი, რაც უნდა დაგვრჩეს საფიქრალად, არის ის, რომ ეს დევალვაცია ხდება შეგნებულად, მიზანმიმართულად გარკვეული სხვა ამოცანების შესასრულებლად", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე.

თუმცა, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და, სავარაუდოდ, შედეგიც მალე იქნება.

თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ლარის კურსის ვარდნის გამო და კონკრეტულად ვისი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (ადვოკატი): "ვფიქრობ, საკითხი ძალიან სპეციფიკურია და ძირეული შესწავლა სჭირდება. ადრე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობდნენ. თუმცა, ახლა მიმაჩნია, რომ ყველამ ერთად უნდა გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა. "ზოგადად მსოფლიოში ცუდი ფონია შექმნილი. თუ აქ ეკონომიკის რომელიმე დარგის სპეციალისტმა რაიმე არასწორად გააკეთა, ეს დადგენილი უნდა იყოს და მხოლოდ ვიღაცისკენ თითის გაშვერით არ უნდა ვიყოთ დაკავებულები."

 

 ია ანთაძე (ჟურნალისტი):  "მქონდა საშუალება, რომ მომესმინა ეროვნული ბანკის დირექტორისთვის, რომელიც ამბობდა, თუ რატომ არ იყენებს რეზერვებს იმისთვის, რათა ლარის კურსი გამყარდეს. მისი ახსნა საკმაოდ დამაჯერებელია. რასაკვირველია, შეიძლება ლარის კურსის გასამყარებლად რეზერვების გამოყენება, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ რეზერვებს შეავსებს. "მთავარი ის არის, მთავრობა რა ღონისძიებებს ატარებს იმისთვის, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოვიდეს. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოძებნოს გამოსავალი. მე პირადად მაინც მგონია, რომ აქ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება."

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "მე მგონია, რომ ეროვნული ბანკია აქ მთავარი პასუხისმგებელი პირი. ბანკის პრეზიდენტს ხომ შეეძლო ამდენი ხანი ეზრუნა იმაზე, რომ ლარი გამყარებულიყო და ასე არ დავარდნილიყო?! "ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა ცუდ ამბავთან გვაქვს საქმე. ბანკის პრეზიდენტი ახალი დანიშნული არ არის, მას შეეძლო საჭირო მოქმედებების გაწევა ნოემბერშივე განეხორციელებინა. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს."

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  "არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ რაც მესმის და ვუყურებ, ვფიქრობ, ლარის კურსის ვარდნაში დამნაშავე ეროვნული ბანკია. მას შეუძლია ლარის გამყარება, თუმცა, ამბობენ, რომ მათ ამ ეტეაპზე არ შეუძლიათ. მგონია, რომ ბანკის პრეზიდენტმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას. სხვანაირად მხოლოდ მთავრობა ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×