უკვე რამდენიმე დღეა, მომავალი სასაწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და სექტემბრიდან მხოლოდ ის ბავშვები იქნებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე უსრულდებათ. თუმცა, კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს და სკოლაში შესვლა იმ ბავშვებმაც შეძლონ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
საქმე ისაა, რომ პარლამენტი ამჟამად განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც წელს სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც მიეცემათ, რომელთაც 6 წელი წელს უსრულდებათ, თუმცა სასწავლო წლის დაწყებისათვის ჯერ კიდევ 5-ის იქნებიან.
კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის მიერაა ინიცირებული, პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და მიიღეს. ამ კვირაში მისი მეორე და მესამე მოსმენით განხილვაც იგეგმება. თუმცა, დიდი ალბათობით, პარლამენტარები ამ ცვლილებას ჩააგდებენ - საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ განათლების სამინისტროს პოზიციას, რომელმაც პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე გამოაცხადა.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების დღიდან 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ, მათთვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს - სასკოლო მზაობა.
წელს ისეთი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სექტემბერში ვერც სკოლაში წავლენ და ვერც საბავშვო ბაღში, დაახლოებით 13 ათასია. თბილისში მათთვის მომზადებულია 50 სკოლა და 48 საბაშვო ბაღი, სადაც ისინი ყოველდღიურად 3 საათს გაატარებენ და წინასასკოლო მომზადებას გაივლიან.
რას ითვალისწინებს ცვლილებების პროექტი
მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილება ჯერ კიდევ შეიძლება შევიდეს, განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობით უკვე დაიწყო. როგორც "მთელ კვირას" განათლების სამინისტროში განუცხადეს, კანონში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში რეგისტრაციის პერიოდიც გადაიწევს და სკოლაში ადგილებიც დაემატება.
"ჩვენ კანონის ვადებში ვმოქმედებთ. თუ კანონი შეიცვლება, გადავეწყობით და რეგისტრაციის პერიოდსაც დავამატებთ და ადგილებსაც", - გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, წელს სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომელთაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ, თუმცა, ამას მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს.
საუბარია ცვლილებების პროექტზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ წარადგინა და რომელიც პარლამენტარებმა ჯერჯერობით პირველი მოსმენით მიიღეს. ინიციატივის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანია.
"მშობლებს არჩევანის უფლება უნდა დავუტოვოთ. მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ხუთი დღის გამო ბავშვი სკოლის გარეთ დატოვონ თუ არა. პირველ კენჭისყრაზე ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. თუ კანონპროექტი მეორე კენჭისყრაზე გავა, დარჩება მესამე კენჭისყრა და საბოლოოდ იქ გადაწყდება, შევა თუ არა ძალაში ჩვენი ინიციატივა", - ამბობს კობა სუბელიანი.
დაუჭერს თუ არა კანონში შესატან ცვლილებებს მხარს უმრავლესობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის თქმით, ოპოციზიის მიერ შეთავაზებული ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.
"ნაადრევია იმ ბავშვის ჩარიცხვა სკოლაში, რომელსაც 6 წელი ჯერ არ შესრულებია. ასეა მსოფლიოს უმრავლეს და კარგად მოწყობილ ქვეყნებში. მაგალითად, შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, კანადაში.
"არსებობს ქვეყნები, სადაც სკოლაში 5 წლის ბავშვის შეყვანა შეიძლება, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი. საფრანგეთში, იტალიაში 6 წელია დაშვებული, ოღონდ ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდება.
"ჩეხეთში იმ ბავშვის ჩარიცხვა შეიძლება, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის 30 ივნისამდე უსრულდება, თუმცა, საჭიროა ექიმისა და ფსიქოლოგის დასკვნა, მაგრამ რეალურად იქ მშობლებს 6 წლამდე ბავშვები სკოლაში არ მიჰყავთ", - ამბობს ივანე კიღურაძე.
პარლამენტარი მშობლებს ურჩევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონში ცვლილება შევა, სკოლაში ბავშვების 5 წლის ასაკში შეყვანას მოერიდონ:
"ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და ცოდვაა ამ თემით სპეკულირება. კარგად ვიცი, რომ ბევრ მშობელს უნდა სკოლაში ბავშვის 5 წლის ასაკში შეყვანა.
"მე პროფესიით პედაგოგი გახლავართ და მშობლებს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაუშვებს 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვის სკოლაში ჩარიცხვას, კარგად დაფიქრდნენ, ამ ფაქტმა ბავშვის ფსიქიკას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს", - ამბობს ივანე კიღურაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, ის მხარს უჭერს განათლების სამინისტროს პოზიციას და ამბობს, რომ მშობლებმა 5 წლის ბავშვები სკოლაში არ უნდა შეიყვანონ.
"ვფიქრობ, ეს გაცილებით კარგი გზაა იმისათვის, რომ მოსწავლეები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არც ჯანმრთელობა დაიზიანონ, არც ფსიქიკა და სკოლა, როგორც დამთრგუნავი საშუალება, ისე არ აღიქვან.
"ოპოზიციის ინციატივას არ ვიზიარებ. მხარს ვუჭერ განათლების სამინისტროს პოზიციას და ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, სპეციალისტებთან ერთად აპრობირებული და კარგად გააზრებული სკოლამდელი განათლების ერთიანი სტანდარტის რეფორმა დანერგოს და განახორციელოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, განათლების სამინისტროს მოვთხოვოთ პასუხი განათლების ხარისხზე, მითუმეტეს დღეს აშკარაა, რომ ამ მხრივ სახარბილოდ საქმე არ გვაქვს", - ამბობს ელისო ჩაფიძე.
რა ბელი ელის 13 000 ბავშვს
იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 6 წელი წლის ბოლომდე ანუ სწავლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, დაახლოებით 13 ათასია. ზოგიერთმა მათგანმა საბავშვო ბაღი უკვე დაამთავრა, თუმცა, მოქმედი კანონის გამო, მშობლებს ისინი სკოლაში ვერ შეჰყავთ. სწორედ მათთვის განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა მოამზადა, რომელიც სკოლამდელი განათლების მიღებას გულისხმობს.
განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, არცერთ ამ ასაკის ბავშვს არ მოუწევს ბაღში იგივე პროგრამის გავლა:
"წელს პირველად საქართველოში იწყება ახალი, სასკოლო მზაობის პროგრამა. თქვენ იცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში გარკვეული მოთხოვნები და დავალებები გვაქვს და ერთ-ერთი ასეთი დავალება არის ის, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე.
"მომზადებულია სკოლამდელი განათლების სტრატეგია, რომელიც 5-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამას გულისხმობს. ეს არის სასკოლო მზაობის ჯგუფი, რომელიც შეიძლება იყოს სკოლის ან ბაღის ბაზაზე. ეს პროგრამა სამსაათიანია და იქნება სრულიად უფასო, სახელმწიფო მთლიანად დააფინანსებს", - განაცხადა ლია გიგაურმა.
ელისო ჩაფიძის თქმით, თბილისის მასშტაბით 50 სკოლა და 48 საბავშვო ბაღი მზად არის იმისათვის, რომ სექტემბერში 13 000 ბავშვი სკოლისათვის მოსამზადებელ ჯგუფებში მიიღონ.
"ეს ბავშვები ისე არ დარჩებიან. სწორედ აქ არის "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუის პროპაგანდა. ამ ბავშვებისთვის განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამა გააჩნია, სადაც თბილისის მასშტაბით უკვე შერჩეულია 48 საბავშვო ბაღი და 50 სკოლა.
"ამ ბავშვებს განსხვავებული მეთოდით ასწავლიან. ეს არ იქნება ზოგადი განათლება, ეს იქნება მეთოდიკა, რომელიც საუკეთესოა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და რომელიც შეხამებულია მის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ სასკოლო მზაობასთან", - ამბობს ელისო ჩაფიძე.
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტს მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტმა კენჭი მიმდინარე კვირას უნდა უყაროს.