ლარის გაუფასურებამ ეკონომიკის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწარმოთა ნაწილი დაიხურა, ნაწილმა კი ბრუნვა შეამცირა. პრობლემა შეექმნა მსხვილ ბიზნესსაც. ლარის გაუფასურება კი გრძელდება. ამ პროცესის შესაჩერებლად საერთოდ არაფერს აკეთებს ეროვნული ბანკი და უუნაროა მთავრობაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონის ვალუტები, რომელთა დევალვაციის პროცესი მიმდინარეობდა, ახლა მყარდება ან სტაბილურია. ერთადერთი ქართული ლარია, რომელიც დაცემას განაგრძობს.
მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ლარის დევალვაციამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ბიზნესი. მათ პრობლემა შეექმნათ იჯარისა და სესხის გადახდის მიმართულებით. ჭელიძის განცხადებით, საქართველოში, დადგენილი სტანდარტია, რომ იჯარის გადასახადი ყოველთვის დგინდება დოლარში. შესაბამისად, კურსის გაუფასურებამ გაზარდა გადასახადი. მართალია, მცირე ბიზნესმეთა ნაწილს სესხი ლარში აქვს, მაგრამ ამ პროცესმა, ძირითადად, საშუალო და მსხვილ ბიზნესს დაარტყა. ამის გამო, მათი შემოსავალი შემცირდა, ნაწილი იძულებული გახდა ხარჯების შესაკვეცად თანამშრომლები გაეთავისუფლებინა.
"ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სამი ფაქტორი: მარტივად რომ ვთქვათ, ან უნდა შეამცირო სახლში წასაღები ფული, ან თანამშრომლები გაათავისუფლო, ან ფასი გაზარდო. ზოგმა სამივე გადაწყვეტილება მიღო. ფასი ყველამ გაზარდა, თუმცა არა გაუფასურების პირდაპირპროპორციულად. გაძვირებისთვის კი ბაზარი მზად არ იყო, ამიტომ შემცირდა მოხმარებაც, რაც ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია.
აი, ამ მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ეკონომიკა. ბუნებრივია, ეს ცუდი მოვლენაა, თუმცა პანიკას აზრი არ აქვს. დროთა განმავლობაში ეკონომიკა ამ ახალ გამოწვევებზე გადაეწყობა და მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება", - ამბობს მიხეილ ჭელიძე.
მისივე ინფორმაციით, დაფიქსირდა ბიზნესის დახურვის ფაქტები. "უფრო მეტად საცალო მოვაჭრეებს გაუჭირდათ. მოხმარების შემცირების გამო, ზოგი მაღაზია დაიხურა, ზოგმა ფართი შეამცირა. მაგალითად, ვიღაცას რომ ჰქონდა 100 კვ/მ, დახურა და გახსნა 30 კვ/მ ფართობში", - ამბობს ჭელიძე.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის დევალვაცია და განსაკუთრებით შოკური გაუფასურება, საკმაოდ პრობლემურია როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.
"ჩვენ გაცილებით დაბალი კურსი გვინდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტაბილიზაცია მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკამ შეძლოს ფუნქციობა და გააგრძელოს სტაბილურად მუშაობა", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
არადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მისი ინერტულობა სწორედ ეკონომიკის სტიმულირებით ახსნა. გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება იყო.
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა საპროცენტო განაკვეთების კლება გახლავთ. დღეს ამ მიმართულებით პროგრესი ცალსახაა. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყველა ის რეფორმა, რასაც ჩვენ ვატარებთ, ემსახურება მთავარ ამოცანას - საპროცენტო განაკვეთის კლებას და კრედიტებზე ხელმისაწვდომობას", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. ამ დროს ლარის დევალვაციის გამო, ბიზნესის ნაწილი იხურება და არათუ ახალ სესხს იღებს, არამედ ძველის მომსახურებასაც ვეღარ ახერხებს.
გარდა ამისა, ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების საყოველთაო გაძვირების კონტროლი იყო. "გარკვეული საიმპორტო პროდუქცია უკვე გაძვირდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ფასების საყოველთაო ზრდა მოხდეს. თუ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, ჩვენ მოგვიწევს უფრო აქტიური ჩარევა, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. თუმცა ამას აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტები," - ეს განცხადება ქადაგიძემ იანვარში გააკეთა. თუ რა ტემპით იზრდება პროდუქციის ფასი ამაზე აღარ შევჩერდებით, ვინაიდან ეს პროცესი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ჯიბეზე მწვავედ იგრძნო.
"სებ-ის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ"
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ლარის კურსზე როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორების ზეწოლა მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული. "შესაბამისად, რამე კონკრეტულ მიზეზს თუ რატომ შეიძლებოდა ერთ დღეში მკვეთრად გაუფასურებულიყო ლარი, ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, სავალუტო ნაკადების შესახებ სტატისტიკა არ არის ოპერატიული და დღეს არსებული სრული სურათის დანახვა სავალუტო შემოდინება-გადინების შესახებ შეგვიძლია მინიმუმ 3 თვის შემდეგ. არსებულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ლარის შემდგომი გაუფასურების ნიშნები არ იკვეთება", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
კერძოდ, მარტში, თებერვალთან შედარებით, მიმოქცევაში მცირედით - 18 მილიონი ლარით შემცირდა ფულის მასა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების ფონზე მკვეთრად ზრდიდა ლარის მასას. საბოლოო ჯამში. 2013 წლის იანვრიდან დღემდე მიმოქცევაში 544 მილიონი ლარით მეტია გამოშვებული. გარდა ამისა, იმპორტის კლების ტემპი მზარდია, ანუ მცირდება უცხოური ვალუტის გადინება.
ასევე, რუსული რუბლის ბოლოდროინდელი სტაბილიზაციის შედეგად გარკვეული გაუმჯობესებაა გზავნილების კუთხით; არ შეინიშნება საბიუჯეტო ზეწოლა ლარზე. უფრო მეტიც, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშზე 526 მილიონი ლარი აქვს გაჩერებული და კურსზე ზეწოლის შიშით ამ ფულის მიმოქცევაში გამოტანას ვერ ახერხებს. ამასთანავე არ გრძელდება ექსპორტის კლება.
"ერთადერთი, რასაც შეეძლო დადებითი გავლენა ჰქონოდა ლარზე, მაგრამ რაც ვერ შესრულდა, ეს არის კვლავ დანაკლისი საგარეო ვალდებულებების ათვისებაში. პირველ კვარტალში გეგმიური 110 მილიონის ნაცვლად, 30 მილიონით ნაკლები იქნა ათვისებული, თუმცა ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ლარის მნიშვნელოვანი "მხარდაჭერა" შეეძლო", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
რაც შეეხება საგადასახდელო ბალანსს, ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ 2014 წლის ბოლოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რასაც ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება უნდა გამოეწვია. მართალია, ბოლო კვარტალში გაღრმავდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ექსპორტის ვარდნის და იმპორტის ზრდის გამო, მაგრამ ეს დეფიციტი, პრაქტიკულად, დაბალანსდა კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშით, მათ შორის, პირდაპირი და პორტფელური უცხოური ინვესტიციებით.
"განსხვავება წინა წლებისგან იყო ერთი - ეს არის მთლიანი წმინდა საგარეო ვალი, რომლითაც ქვეყანაში დიდი მოცულობით უცხოური რესურსი შემოედინებოდა", - მიაჩნია ჭიჭინაძეს.
მაგალითად, 2005 და 2006 წლებში წმინდა საგარეო ვალის ზრდა იყო 30 და 56 მილიონი დოლარი. 2007 წელს მთლიანი საგარეო ვალი 1,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, 2008 წელს თითქმის 1,5 მლრდ დოლარით, 2009 წელს - 620 მილიონით, 2010 წელსაც თითქმის ამდენით. სამაგიეროდ, 2011 წელს 1 მლრდ 116 მლნ-ით გაიზარდა მთლიანი საგარეო ვალი, 2012 წელს კი - 1 მლრდ 200 მილიონით. 2013 წელს საგარეო ვალი შემცირდა 167 მილიონი დოლარით, მაგრამ 2014 წელს 256 მილიონი დოლარით გაიზარდა. ნათლად ჩანს, რომ სწორედ საგარეო ვალი იყო ლარის სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტი, ასევე რეზერვების შევსების წყარო.
"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი (75 მილიონი) დოლარი იყიდა, ვიდრე გაყიდა, სავალუტო რეზერვები შემცირდა. რატომ? იმიტომ, რომ მოგვიწია ვალის გადახდა და თუ კრედიტების აღების ეტაპზე რეზერვები ივსებოდა, ვალის დაბრუნების ეტაპზე, მან კლება დაიწყო", - ამბობს ჭიჭინაძე.
საფინანსო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დასუსტებას გარე ფაქტორებმა და მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი, თუმცა მოკლე პერიოდში ლარის პიკისებურ გაუფასურებაში პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება.
"როდესაც სავალუტო ნაკადების გადინება ხდება, როგორც წესი, მოთხოვნა იზრდება დოლარზე და შესაბამისად, ლარი უფასურდება. ამ მომენტში ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ინტერვენციები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას პიკისებური გაუფასურება", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და აღნიშნავს, რომ სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად მთავრობას სწორი რეფორმა უნდა გაეტარებინა, რომელიც სავალუტო ნაკადების გაზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ვალუტები, რომლებიც დოლართან მიმართებაში უკან იხევდნენ და მათი დევალვაციის პროცესი მიმდინარეობდა, მყარდება ან სტაბილურია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდება. ერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ საგარეო სავაჭრო სტრუქტურაში სომხეთი ორიენტირებულია დსთ-ს სივრცეზე. ხოლო საქართველო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის ბაზრებისკენ.
"სამხედრო ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, რეგიონის ვალუტები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გარკვეულწილად პოზიციები დაიბრუნეს, ზოგმა - მეტად, ზოგმა - ნაკლებად. ერთადერთი ქართული ლარია, რომელიც მკვეთრ დაცემას განაგრძობს. ეს, სამწუხაროდ, გვიქმნის დამატებით პრობლემას ექსპორტთან დაკავშირებით", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ლარის კურსის პირდაპირი დაკავშირება ეკონომიკურ მდგომარეობასთან არასწორია. აქ საზოგადოებრივ განწყობილებასა და ეროვნული ბანკის პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ხანდახან ლარი მაგონებს იმ ბავშვს, რომელსაც მშობლები ჰყავს, მაგრამ ეს ბავშვი ბედის ანაბარაა მიტოვებული. ლარს ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მხრიდან ზრუნვა აკლია და ეს აისახება კურსზე", - ამბობს სოსო არჩვაძე.
მაკროეკონომიკის სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ხელში უამრავი ბერკეტია ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ იყენებს. აუცილებელია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შედგეს სამოქმედო გეგმა.
"საზოგადოებაში უნდა დასრულდეს მოლოდინი იმისა, რომ ლარი მუდმივად უფასურდება. ეს პროცესი ასოცირდება ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან, ამიტომ სებ-ის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს. ახალმა ხელმძღვანელმა კი გადახედოს იმ რეალობას რაც ხდება ლართან მიმართებაში და ახალი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პარამეტრები განსაზღვროს.
გაუგებარია რა ხდება სავალუტო ბირჟაზე. შესყიდვები მართლა ობიექტურ მოთხოვნას უკავშირდება თუ ხდება სავალუტო რესურსების დაგროვება, რათა ყოველთვიურად ახალი ბალანსის გაკეთებისას კურსთა შორის სხვაობა მოგებაში გადაიზარდოს. გეგმა უნდა შედგეს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. უამრავი ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, მაგრამ არ იყენებს", - ამბობს ვაჟა კაპანაძე.
ლარისა და ქვეყნის მიმართ ნდობა დაიკარგა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, ხალხის დიდი ნაწილი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას სტაბილურ ვალუტას უკავშირებს. ამ სტაბილურობის დაკარგვის პროცესი კი იწვევს არა მარტო მათი გადახდისუნარიანობის შემცირებას, არამედ უიმედობასა და შფოთიანობას. ამ ყველაფერს ეკონომიკისთვის უკუეფექტი მოაქვს. გარდა ამისა, იკარგება ეროვნული ვალუტისადმი ნდობა და ლარის მთავარ საგადამხდელო ვალუტად გადაქცევა უფრო რთულია.
"ამ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დიაგნოზი გვაქვს. დევალვაციის პროცესმა საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთავარი საგადამხდელო საშუალების ავტორიტეტსა და პრესტიჟს, შესაბამისად, შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ. 20 წელია ლარი მიმოქცევაშია და იგი მთავარი საგადამხდელო ვალუტა მაინც ვერ გახდა", - ამბობს სოსო არჩვაძე.
გარდა ამისა, ფასების შენარუნებით არასწორ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, როდესაც სუბსიდირების გზას მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის მიმართ უცხოელი ინვესტორის ნდობა იკარგება.
"ჩვენ ფასების "დაჭერით" მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის გაზრდაზე. კურსის დაცემის პირობებში სტაბილური ტარიფების შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ამ ქვეყანაში კაპიტალდაბანდების სურვილს დაკარგავენ. ახლა ჩვენთან შემოსავალს ვერ ზრდიან და ცდილობენ, რომ ტარიფები შეინურჩუნონ", - ამბობს სოსო არჩვაძე.