საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ იანოშ ჰერმანის განცხადებით, "რიგა იქნება მნიშვნელოვანი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესის გაძლიერებისთვის". ამის შესახებ ჰერმანმა პარლამენტში, ევროინტეგრაციის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ორ საკითხზე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო, გამეგო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება.
"ამავე დროს ეს იყო ადგილი, სადაც შემეძლო აღმენიშნა პირველ რიგში ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებული პროცესის მიზნები. რიგის სამიტთან დაკავშირებით კი ჩვენ შევთანხდით, რომ იგი იქნება მნიშვნელოვანი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესის გაძლიერებისთვის.
"ნათელია, რომ სამიტი არის ერთ-ერთი ნაწილი მიმდინარე სამიტებისა, თუმცა ეს სამიტი ერთგვარი ქვაკუთხედია. მისი ჩატარების დრო და ადგილი მნიშვნელოვანია", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა და დასძინა, რომ 2015 წლის მაისი არის მნიშვნელოვანი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის.
თქვენი აზრით, საქართველოსთვის რა იქნება მაქსიმუმი და მინიმუმი რიგის სამიტზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): სიმართლე რომ ვთქვა, ასე სწრაფად განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. როგორც ყველა ქართველს, სურვილი მაქვს, მინდა, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ჩვენი ხელისუფლება უცნაური ტემპებით მიდის, ტაატით მიიწევს წინ, ამიტომ რაღაცა დიდი მოლოდინი ნაკლებად მაქვს.
უვიზო რეჟიმი ძალიან მინდა რომ გვქონდეს, მაგრამ ამ ყველაფერს რამდენად მივიღებთ, არ ვიცი, ძალიან გამიხარდება, რომ მივიღოთ. ამ ბოლო დროს ცოტა უფრო პესიმიზმი შემომეპარა, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რიგის სამიტზე უმთავრესი საკითხი ის იქნება, რომ ვიზების გამარტივების საკითხები იქნება დასმული და საქართველოსთვის სხვადასხვა სახის შეღავათები იქნება დაწესებული.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დადებითად მიმაჩნია, ის რომ დღევანდელ მსოფლიოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში ქართული სახელმწიფოს მესვეურები და პოლიტიკოსები იმ გზების გამონახვას ცდილობენ, რომლის მეშვებითაც ჩვენი სახელწიფო ევროპას უფრო მეტად დაუკავშირდება.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რიგის სამიტზე ერთი პატარა ნაბიჯი მაინც იქნება წინ გადადგმული. ევროპასთან უფრო მეტად დაახლოება მოხდება. რიგის სამიტისგან სხვა რამე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები, იქედან გამომდინარე, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსოფლიო პოლიტიკური თამაშები ჯერ დამთავრებული არ არის, რომელიც ახალი მსოფლიოს შესადგენად მიმდინარეობს.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რიგის სამიტზე საქართველოსთვის სერიოზულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მთავრობას ქვეყანა ფაქტობრივად თავზე ემხობა, არავინ არაფერზე არ ფიქრობს, არავის არაფერი არ აწუხებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა საერთოდ ხელს არ ანძრევს. ნახევარი მილიარდი სახელმწიფო სამთავრობო სახლებზე დაიხარჯა. ამდენი შენობები ვის რაში სჭირდება, ახლა არ იციან, სად წაიღონ.
მესამე ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც სწორედ იმ პოლიტიკას დაიკავებს, რომლის მიხედვითაც არც რიგის სამიტზე და არც ნატოზე ვიქნებით დამოკიდებულები, ყველა ქვეყნის შემორიგებას და თანდათან ეკონომიკას განვითარებასაც შევძლებთ. დანარჩენი ეს სამიტები, როგორც იყო აქამდე, უამრავი იქნება, სადაც ნატო უამრავ იმედს მოგვცემს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): რიგის სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება, მაგრამ კონკრეტულად საქართველო ნატოს წევრი როდის გახდება, ეს არ იქნება ნაჩვენები. იმიტომ, რომ ეს არც ერთმა ხელმძღვანელობამ და არც ერთმა ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერმა არ იცის.
როდესაც საქართველოს ტერიტორიული პრობლემა აქვს, ნატოში გაწევრიანება ასე ადვილი საქმე არ არის. ტერიტორიის მხრივ პრობლემიანი ქვეყანა ნატოში მიღებული არ იქნება და მის წინააღმდეგ ევროპის დიდი ქვეყნები - საფრანგეთი და გერმანია გამოვლენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რასაც ვთხოულობთ, რომ რიგის სამიტი გადაგვიშილის გულს და გვეტყვის, აბა შემობრძანდით ნატოშიო, ეს არ იქნება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამ სამიტზე ჩვენ მას მთლიანად ვერ მივიღებთ. ეს 2016 წელში გადავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე