"ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ინტენსიურად მიდის და იქ რუსული გავლენა ძლიერდება"
თაკო მათეშვილი
28.04.2015

 შვედეთი, დანია, ინგლისი, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები - ეს იმ სახელმწიფოთა ჩანონათვალია, რომლებიც საქართველოსათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას და ზოგადად, ჩვენს ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ. ხელისუფლებაში იმ ქვეყნებსაც ასახელებენ, რომლებიც ამ საკითხისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ და იმათაც, რომლებიც განსაკუთრებულ პოზიციას არ გამოხატავენ და ნეიტრალურებად რჩებიან.

რიგის სამიტის მოახლოებასთან ერთად ეს თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საქართველოში მსჯელობენ იმაზე, თუ რომელმა ქვეყნებმა შეიძლება შეგვიშალონ ხელი შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლების მოპოვებაში და რატომ.

როგორც ხელისუფლებაში, ისე ექსპერტთა წრეში აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც რიგის სამიტამდე გვევალებოდა, კარგადაა შესრულებული. იმაზე ბევრად უკეთაც კი, ვიდრე მოლდოვამ შეასრულა, რომელმაც ვიზალიბერალიზაციას ერთი წლის წინ მიაღწია.

არც იმას უარყოფენ, რომ მიუხედავად ამისა, მიუხედავად "საშინაო დავალების" გულმოდგინედ შესრულებისა, სამიტზე სასურველ შედეგს შეიძლება ვერ მივაღწიოთ. ამის მიზეზად კი მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ ვითარებასა და იმ გლობალურ პრობლემებს ასახელებენ, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ხელისუფლებას არ ხელეწიფება.

ეს უარყოფითი ფაქტორები კი შემდეგია - რუსეთის გავლენა, ტერორიზმის საფრთხეები, რომლის მიმართაც ევროპა ახლა გაცილებით სენსიტიურია, პრობლემური მდებარეობა, ევროკავშირში არსებული სიტუაცია და ა.შ. შესაბამისად, სახელდება ქვეყნებიც, რომელთა მხარდაჭერის იმედი შეიძლება გვქონდეს, ან არ უნდა გვქონდეს.

"არიან ქვეყნები, რომლებიც ევროპის გაფართოების წინააღმდეგები არიან. მაგალითად საფრანგეთი, გერმანია. მათი პოზიციები მთავარია და გერმანიაში განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს, რათა საჩვენო პოზიციაზე გადმოვიდნენ. მხარს გამოკვეთილად გვიჭერენ ჩრდილოეთის ქვეყნები: შვედები, დანიელები, ინგლისელები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, იუგოსლავიის ქვეყნები. ჩვენი საკითხისადმი შედარებით ნეიტრალურები არიან ესპანელები, ჰონალდიელები და იტალიელები. მათ განსაკუთრებულად არ აინტერესებთ, თუ რა ხდება საქართველოში", - ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე გვაწვდის

სკეპტიკოსი ქვეყნების უარყოფითი პოზიციის მიზეზებს ხსნის პარტია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია და ამბობს, რომ ამაში მთავარი რუსეთის ფაქტორია. თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, თავად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად აქტიურია.

მისი აზრით, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროები ბევრად მეტს უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ ევროპას საქართველოს მისწრაფება დავანახოთ.

"ვფიქრობ, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმეტესობა მომხრეა იმისა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მათ ამ ეტაპზე აჩერებთ. კონკრეტულად რომელი ქვეყანა იქნება ეს, ძნელი სათქმელია. გერმანიისა და სარანგეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია.

"კიდევ ერთხელ ვამბობ - თუ ჩვენი კურსის ურყევობაში ყველა დარწმუნებული იქნება და ევროპისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოძრავებთ, ეს წინააღმდეგობაც დაიძლევა. ამიტომ, ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით, მუშაობა დასავლური კურსის მიმართულებით ბევრად უფრო გაააქტიუროს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ევროპული კურსი ურყევია", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მანანა ნაჭყებია.

ოპოზიციონერის მოსაზრებას საქართველოს ხელისუფლების პასიურობის თაობაზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ თუ უვიზო რეჟმი არ მოგვცეს, ეს ხელისუფლების დანაშაული არ იქნება და რომ ამ კუთხით ხელისუფლების ბრალი ყველაზე ნაკლებია.

ამის მაგალითად მოლდოვა მოჰყავს, რომელმაც უვიზო რეჟიმი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა პარამეტრით ჩამოუვარდებოდა - მოთხოვნების საკმაოდ სოლიდური ნაწილი, ჩვენგან განსხვავებით, მას შესრულებული არ ჰქონდა, მაგრამ მისი თქმით, აქ წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენ კი ამ მხრივ გაცილებით წინ ვართ. ასე რომ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და რუსული გავლენის თემაა. რუსეთისათვის საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროპასთან მოვლენების ძალიან არასასურველი განვითარებაა", - ამბობს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, ზოგადად, ევროკავშირში ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ თავისუფალი საზღვრების საკითხი გადაიხედოს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ისლამური ტერორიზმის საფრთხე ევროპას სულ უფრო მიუახლოვდა, განსაკუთრებით საფრანგეთში მომხდარის ფონზე, საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პერსპექტივა გართულდა.

თავად ევროკავშირის შიგნით სასაზღვრო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი მიდის და ქვეყანასთან რომელიც ევორკავშირის წევრი საერთოდ არ არის, ამ ტაპზე უვიზო რეჟიმის მიღება, მითუმეტეს არ უნდათ. ლაგაზიძის აზრით, ჩვენთვის ამ პროცესის გართულების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ევროკავშირს თავად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. საერთოდაც, დაშლის საფრთხე აქვთ, ვინაიდან რუსეთის საცეცები იქ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. რუსეთის არაფორმალურ მეგობართა ჯგუფიც კი შეიძლება დავასახელოთ - საბერძნეთის, უნგრეთის და ა.შ. სახით. ამიტომ, ევროკავშირის ბედი გაურკვეველია და ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ.

"არადა, ეს ისევ და ისევ ამ თაობის ევროპელი პოლიტიკოსების ახლომხედველობის გამოძახილია. ფუფუნებაში ჩაძირული ბურჟუზიული ევროპა ახლა იმას იმკის, რასაც ყველა ვხედავთ - ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ინტენსიურად მიდის და იქ რუსული გავლენა ძლიერდება", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×