პარლამენტში ეკონომიკური გუნდის წევრებს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს იბარებენ
ელზა წიკლაური
29.04.2015

 ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა სავალუტო კოლაფსამდე მიიყვანა. ლარს გუშინ ვეღარც სებ-ის 40-მილიონიანმა სავალუტო ინტერვენციამ უშველა და მკვეთრად გაუფასურდა. მთავრობაში ეროვნული ვალუტის შესუსტებას ისევ გარე ფაქტორებს უკავშირებენ. პარლამენტი ობიექტური მიზეზების დასადგენად მომავალ კვირას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს იბარებს.

ლარის გაუფასურების 16-წლიანი რეკორდი გუშინ "გაუმჯობესდა". ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარი უკვე 2,3087 ლარი ღირს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 31%-ით გაუფასურდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი 40%-ით დაეცა.

ამ ყველაფრის ფონზე გაუგებარია რას აკეთებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი და კრიზისის თავიდან ასაცილებლად რა გეგმა აქვს მთავრობას. მინისტრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ტენდენცია საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია და ის მალე დასტაბილურდება.

"ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს. ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. იმედია, ეს პროცესი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მინდა ვთქვა, რომ ლარის კურსის ცვლილება არის დროებითი მოვლენა", - ეს განცხადება ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა, ნოდარ ხადურმა ორიოდე დღის წინ გააკეთა.

"ლარის ვარდნა არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული. ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმა.

არადა, იმ დროს, როცა ლარი დოლართან მიმართებაში არანორმალურად უფასურდება, თავად დოლარი მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს ყოველდღიურად კარგავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მძიმე ტვირთად აწვება მსოფლიოს ნომერ პირველ ვალუტას. დოლარი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პოზიციების გამყარებას ძირითად სავალუტო წყვილებთან მიმართებაში. ევრო მტკიცედ დგას 1.08 ნიშნულზე და ნელ-ნელა 1.09-ს უახლოვდება. ბრიტანულმა ფუნტმა კი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირაა 1.5 ნიშნულს გადააჭარბა.

დოლართან მიმართებაში მყარდება საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტაც. რუსული რუბლი საკმაოდ გაძლიერდა. გაუფასურების შემდეგ გუშინ ერთბაშად 5 პუნქტით გამყარდა თურქული ლირაც. სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კვლავ სტაბილურად გრძნობენ თავს. ის კი არა, საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც ახერხებს კურსის დაჭერას. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ლარი-დოლარის კურსზე საგარეო ფაქტორები, უფრო ზუსტად მსოფლიო ბაზარზე დოლარის გამყარება მოქმედებს, არგუმენტს მოკლებულია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ლარის კურსზე როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორების ზეწოლა მკვეთრად არის შემსუბუქებული. "შესაბამისად, რამე კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ შეიძლებოდა ერთ დღეში მკვეთრად გაუფასურებულიყო ლარი, ვერ ვხედავ. არსებულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ლარის შემდგომი გაუფასურების ნიშნები არ იკვეთება", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძეც ამბობს, რომ ლარის ასეთ მკვეთრ ვარდნაში საგარეო ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი: "ნებისმიერი უარყოფით ფაქტორი, შესაძლოა, ყოველთვის კონტრფაქტორით დაბალანსდეს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არ შემოდის საკმარისი უცხოური ინვესტიცია, არ არის საკმარისი უცხოური ფულადი გზავნილები. თანაც ქართული ეკონომიკა არის დოლარიზებული, დაახლოებით 70%-მდეა დოლარიზაციის მაჩვენებელი", - ამბობს შეშელიძე.

მისი თქმით, ძალიან სუსტი იყო ეროვნული ბანკის პოზიცია მაშინ, როდესაც ლარის დევალვაციის პრობლემა წარმოიშვა. სებ-ი გვიან იღებდა გადაწყვეტილებას და თანაც არალოგიკურს.

"დღეს ეროვნული ბანკის ორიენტირი ეწინააღმდეგება საზოგადოების მოთხოვნას. იგი ხარჯავს სავალუტო რეზერვებს, მაგრამ სიტუაციას ვეღარ შველის. სებ-ს ინტერვენციები ჯერ კიდევ ნოემბერში უნდა განეხორციელებინა და აეღო კურსი ლარის სტაბილურობისკენ. მაშინ ეს არ გააკეთეს და ახლა აკეთებენ, რაც უკვე შედეგს ვეღარ მოიტანს. ახლანდელმა ინტერვენციამ, შესაძლოა, კურსი რამდენიმე დღით შედარებით დაასტაბილუროს, მაგრამ საერთო ტენდენციას ვერ შეცვლის. სებ-ს არ გააჩნია კურსის შენარჩუნების პოლიტიკა. ვინც ამ ბაზარზე მუშაობს, ამას კარგად ხვდება და კარგადაც მუშაობს.

პრობლემის მოგვარებას ინსტიტუციონალური ცვლილებების გატარება სჭირდება. მონეტარული პოლიტიკაა შესაცვლელი და ეკონომიკური პოლიტიკა გადასახედი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ ყველაფერს ხელმძღვანელობენ, ვერაფერს გააკეთებენ. მთავრობა და სებ-ი არ აღიარებენ პრობლემას, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. როცა პრობლემას არ აღიარებ, ცხადია, ვერაფერს შეცვლი.

ასეთ შემთხვევაში უნდა დაისვას საკითხი - ეს ხდება არაკომპეტენტურობის გამო თუ შეგნებულად, ვგულისხმობ როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ორივეს თანაბრად მცდარი მიდგომა აქვს, შეცდომებს უშვებენ, რის გამოც საბოლოოდ ქვეყანა ძლიერ ზარალობს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პაატა შეშელიძე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგარეო ფაქტორები ლარის კურსზე აღარ მოქმედებს. გარდა ამისა, პრობლემები არ აქვს არც ქვეყნის ბიუჯეტს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება. ხადურის უწყებაში ამბობენ, რომ 27 აპრილის მდგომარეობით, უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი.

"საგადასახადო შემოსავლებმა 2 მილიარდ 357.8 მლნ ლარი (113.6%) შეადგინა, რაც 282,1 მლნ ლარით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, გადაჭარბებითაა შესრულებული მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი. ამ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 2 მილიარდ 443,3 მლნ ლარი (113.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 287.8 მლნ ლარით აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ მარტში 12,5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. 2015 წლის თებერვლის მსგავსად, მარტშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 4.1% შეადგინა. პირველ კვარტალში კი 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

სავალუტო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გამო კი მომავალ კვირას პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს იბარებენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საგარეო ფაქტორები ისე არ გაუარესებულა, რომ ლარი ასე მკვეთრად დაცემულიყო.

"დღეს ვერ ვხედავ ობიექტურ ახსნას იმისას, თუ რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა. ამიტომ, ამ ყველაფერზე სასაუბროდ მომავალ კვირას კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წევრებს და სებ-ის ხელმძღვანელს ვიწვევთ", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×