ლიკა ამირაშვილი
29.04.2015

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესში არაფერი განსაკუთრებული არ არის და მთავრობაში საკადრო გადაადგილებები დემოკრატიული, მუშა პროცესია.

"სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ. თუ საჭირო იქნება პარლამენტის ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ეს იქნება პრობლემა. შეგახსენებთ, რომ ივლისში, როცა 7 მინისტრი გამოვცვალე, მთავრობამ ხელახლა მოიპოვა პარლამენტის ნდობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის პარალელურად ვრცელდება ხმები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა. მართალია, უმრავლესობას ამჟამად გააჩნია იმის რესურსი, რომ მთავრობა დაამტკიცოს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება უმრავლესობამ თავად მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.

თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს. 4 წელი აქვთ ვადა და ამ წლებმა რამენაირად უნდა ჩაიაროს. თუ ამ მთავრობას რაიმე შეცდომები აქვს დაშვებული, შემდეგ არჩევნებში ხალხმა ისეთი უნდა აირჩიოს, რომელიც ამ შეცდომებს არ დაუშვებს. ასე თუ მთავრობას ბოლომდე არ ვაცალეთ, შეიძლება ყოველ წელს არჩევნები გვქონდეს.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში მთავრობის გადადგომა მიზანშეწონილი არ იქნება, იმიტომ რომ ისედაც არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, საარჩევნო რეჟიმში შევდივართ. იმისათვის, რომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ, მოსახლეობის აღწერა უნდა დავიწყოთ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, ნორმალური არჩევნები როგორ ჩავატაროთ, რომელიც ვფიქრობ, ჯერ არ ჩატარებულა. სიებს და საარჩევნო სისტემას თუ არ დავხვეწთ, არჩევნები ჩაიშლება.

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ვადამდელი არჩევნები, თუ სამართლიანად ჩატარდება, პრინციპში მისაღებია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთავარობა ძალიან არაეფექტურია და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. ფაქტობრივად მთავრობამ დაამტკიცა, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  ჩვენ არაფერი ისე არ გვსიამოვნებს, როგორც ხელისუფლების ცვლა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს, რა საჭიროა გაუთავებელი არჩევნები? მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ თავისი ფუნქცია და დანაპირები შეასრულოს.

ჩვენ პოლიტიკური წრეების ზნეობანას თამაშს არ უნდა ავყვეთ. თანამშრომლობით, თანადგომით და ბრძნული წინადადებების მიწოდებით ხელისუფლებას თავისი ფუნქცია უნდა შევასრულებინოთ. თუ ყოველი მინისტრის გადადგომას აღტაცებით შევხვდებით, არაფერიც არ გამოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×