რიგის სამიტზე საქართველოს, დიდი ალბათობით, იმედგაცრუება ელოდება. საუბარია იმაზე, რომ დეკლარაციის პროექტი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები საბოლოო სახით 21-22 მაისს რიგის სამიტზე მიიღებენ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ მკაფიო განაცხადს, რასაც აგრერიგად ელოდნენ თბილისში, კიევსა და კიშინიოვში, არ შეიცავს.
ეს დოკუმენტი, რომლის შინაარსიც გუშინ რადიო "თავისუფალმა ევროპამ" გაავრცელა, უკვე გადაგზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, მათ შორი საქართველოშიც.
თბილისელი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ რიგაში არც უვიზო მიმოსვლაზე აგვინთებენ მწვანე შუქს და სწორედ ამიტომაც არც ეს საკითხია დოკუმენტის პროექტში შეტანილი.უარის მიზეზი კი, "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, არის ომი უკრაიანსა და ახლო აღმოსავლეთში, რომელიც თავისთავად საფრთხეს ქმნის, ასევე მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადის მომძლავრება და მისი გართულებული კონტროლი, რაც კიდევ უფრო რთულდება, როდესაც მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს აწესებ.
"ევროკავშირში გაფართოების მიმართ საკმაოდ რთული განწყობაა, ძირითადად მოსახლეობაში. ისევე როგორც რთული განწყობაა მიგრაციული პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართ. ამიტომ ამ ორ საკითხზე - ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დეკლარაციაში ასახვაზე, ისევე როგორც საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის მხარდაჭერაზე წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა," - აღნიშნავს გოგოლაშვილი.
რადიო "თავისუფალი ევროპის" ცნობით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებისათვის რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი ბრიუსელში ევროკავშირის ბლოკის წევრ დიპლომატებს შორის ერთ თვეზე მეტია, განიხილება და საბოლოო ვარიანტი, რომელიც მაისში დაგეგმილი სამიტისთვის მომზადდა, "ძალიან ცოტა კარგ ამბავს შეიცავს" ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასათვის.
"ამ სამმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირში მომავალში მათი გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად დეკლარაციის პროექტი საუბრობს მხოლოდ "თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი," - წერს გამოცემა და დასძენს, რომ აღნიშნული პროექტი დიდი დარტყმაა ევროკავშირის წევრი პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებიც საწინააღმდეგო მიდგომას ლობირებდნენ, წერია სტატიაში სათაურით "რიგის სამიტზე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას იმედგაცრუება ელოდება."
"პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის ამბიციების შესუსტებაზე მიუთითებს და მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენს პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად."
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე რაიმე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, "მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას რიგის სამიტის მიზნების განსახორციელებლად."
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სურვილი იყო, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს ასახულიყო, მაგრამ ბრიუსელი ამას არ დათანხმდა.
მისი თქმით, წევრ სახელმწიფოებს შორის მის გაფართოებაზე თანხმობა არ არის.
კახა გოგოლაშვილი: "თუ ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაიწერებოდა, რომ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივას აღიარებენ, ეს საქართველოს მიმართ, როგორც პოტენციური კანდიდატი სახემწიფოების მიმართ, სხვა დამოკიდებულებას გამოიწვევდა და სწორედ ამ დამოკიდებულებაზე არ წამოვიდნენ. ახლა იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერი რიგის სამიტზე მაინც გაჩნდებოდა. მართალია, ეს წევრ ქვეყნებს არავითარ პირდაპირ ვალდებულებას არ აკისრებს, მაგრამ ეს პოლიტკური განაცხადია, პოლიტიკური ნების გამოხატულებაა და სამწუხაროდ, ამაზე არც ახლა არ მოდიან."
მისი განმარტებით, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც იქნება ძალიან ზედაპირული განცხადება, უფრო ინფორმაციული ხასიათის, ვიდრე უვიზო რეჟიმის მონიჭების მოწოდება.
"არაფერს არ გვეტყვიან. ამ ეტაპზე ისეთი კონტექსტია და ევროპაში მოსახლეობის განწყობაც ისეთია, (მათი) მთავრობები ვერ გაბედავენ სხვა რამეს. მთავრობებს უნდათ საქართველოს უვიზო რეჟიმი გაუადვილონ, უნდათ პოლიტიკური დაახლოება, მით უმეტეს ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი ცდილობს საქართველოს მოსახლეობაზე, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას მოსახლეობაზე ზეგავლენა მოახდინოს, ამ ეტაპზე ევროპულ მთავრობებს კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სახის განცხადებების გაკეთება. თუმცა მეორე მხრივ ეს არ ესმის ევროპის მოსახლეობას. ევროპის მოსახლეობა ამ ეტაპზე უფრო შეშინებულია სხვადასხვა სახის საფრთხის გამო. ჩვენ ევროპაში ვხედავთ ნაციონალისტური და იზოლაციონალისტური იდეების მომრავლებას, ამ პოლიტიკის მხარდამჭერი პარტიების გაძლიერებას. ევროპაში მმართველი ელიტა მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მარტივად ვერ წავა. მოსახლეობაში არსებული განწყობის დანგრევას ასე სწრაფად ვერ მოახერხებს," - აღნიშნავს გოგოლაშვილი.
მისი პროგნოზით, ჩვენსავით არც უკრაინას მისცემენ რამეს. ჩვენ ერთად განგვიხილავენ. მოლდოვას ვიზის ლიბერალიზაცია კი მისცეს იმიტომ, რომ ის სხვა ისტორიულ მომენტში მოხვდა. იმ დროს უკრაინაში ომი გაჩაღებული არ იყო. უკრანასა და სირია-ერაყში მიმდინარე ომმა შეცვალა გარემო და კონტექსტი. გარდა ამისა, მოლდოვასთან რუმინეთის ფაქტორმაც იმუშვა, რადგან მოლდოვას მოსახლეობის დიდი ნაწილი რუმინეთის პასპორტს ატარებს და ევროკავშირის ტერიტორიაზე ისედაც თავისუფლად გადაადგილდებიან.
"უკრაინაში, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, რუსეთთან გახსნილია საზღვარი და წესიერად მისი კონტროლი ვერ ხორცილდება. ლოგიკურია, რომ ევროპაში უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღების ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს უკრაინისათვის და უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სასწორზე შეგდებული სხვადასხვა მოსაზრებების შედეგად მიიღება. ამ მომენტში, მგონია, სასწორი თავშეკავებისკენ გადაწონის. რომ არა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომი, მეტი იმედი გვექნებოდა. ჩვენ ვალდებულებები პრაქტიკულად შევასრულეთ, მაგრამ საერთაშორისო კონქტექსტი შეიცვალა," - ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, წლის ბოლომდე დიდი დროა და 2016 წლიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შანსი კვლავ გვაქვს.
დიპლომატიური აკადემის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ამ სამიტზე არაფერ რეალურს არ მოგვცემენ და პრესაში ინფორმაციის ხელოვნურად გაჟონვა იმიტომ მოხდა, რომ საქართველო სამიტამდე შეეგუოს ამას და უვიზო მიმოსვლისა და ევროპული პერსპექტივის მოლოდინი არ ჰქონდეს.
მისივე განცხადებით, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციით ევროპა არაფერს არ იგებს, ეს მხოლოდ ახალი თავის ტკივილი იქნება, რადგან მეორე დღესვე ათი ათასობით ქართველი შევარდება ევროპაში.
სოსო ცინცაძე: "საქართველოდან არა განათლებული, პერსპექტიული ნაწილი გაიქცევა, არამედ მომსახურე ხალხი. ევროპელებს კი მოსამსახურე ყელამდე ჰყავთ. ევროპის ციხეები ქართველებითაა სავსე. ვის უნდა კიდევ ქართველი და თავის ტკივილი?! 15 წელია თითქოს ევროპისკენ მივდივართ და ხელისუფლებამ ხალხს ქუჩაში სიარული ვერ ასწავლა. ევროპული ფასეულობების და ღირებულებების დამკვიდრება უნდა დაეწყო 15 წლის წინ. ხალხს ვერ ასწავლა წითელზე არ გადავიდეს და მანქანები ტროტუარზე და სადარბაზოებში არ ეყენოს. დედაქალაქში პროსპექტები ბაზრებადაა ქცეული, პროსპექტზე "პეტრუშკა" იყიდება."
ცინცაძის თქმით, ისიც არ ემეტებათ ჩვენთვის, რომ ევროპულ პერსპექტივაზე რაიმე ჩაწერონ.
"რომ ჩაწერონ, შემდეგ იძულებულები ხდებიან დრო და დრო ჩამოვიდნენ და თქვან, რომ აუცილებად გავხდებით ევროკავშირის წევრები. როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ თავი მოაბეზრა ევროპას, ხალხი ელოდება გაწევრიანებასო და ამიტომ უბრალოდ მიგვანიშნებენ, იმედი ნუ გექნებათო. თუმცა ხმამაღლა არასდროს არავინ გვეტყვის იმას, რომ ევროკავშირის წევრი არ გავხდებით. ასეთი პოლიტიკაა. მიზეზად გვეტყვიან, რომ რეფორმები დასრულებული არ არის, ასეთი ფორმულა იქნება - "ევროკავშირი მიესალმება იმ ღრმა ძირეულ რეფორმებს, რომელმაც საქართველოს წარმატება მოუტანა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი." ეს "მაგრამ" იქნება საკვანძო სიტყვა," - მიიჩნევს დიპლომატიური აკადემიის რექტორი და დასძენს, რომ დასავლეთისათვის დღეს მთავარი ის კი არ არის, რომ საქართველო სერიოზულად იქცეს ევროპის შემადგენელ ნაწილად, არამედ ის, რომ საქართველო რუსეთის შემადგენელ ნაწილად არ იქცეს, ის, რომ საგარეო ვექტორი არ შეცვალოს.
"ევროპელი დიპლომატებისაგან ევროკავშირში აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან, რაღაც ნაწილში დასავლეთის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, იმის გამო კი არა ნატო-ში და ევროკავშირში არ გვიღებენ, ვიცით, რომ ეს არ მოხდება, არამედ იმიტომ, რომ ცინიკურად გვექცევიან. სადღაც უგანდიდან გამოქცეულს მეტი შანსი აქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქე და ევროპელი გახდეს, რადგან მათ თავის სოფელში არავინ აბრუნებს. მათ შვილებს ევროპელობის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენს შვილებს. ეს ცინიზმია! გამორიცხულია ამ სამიტზე საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცენ. რეალურს არაფერს მოგვცემენ. ევროჩინოვნიკებს დიდი ფანტაზია აქვთ და რაღაცას ჩაგვიწერენ, რაღაც ახალს მოიფიქრებენ, ისე, როგორც უელსის ნატო-ს სამიტზე მოიფიქრეს - მაპი არ მოგვცეს, რაღაც ნეიტრალური ფორმულა მოიფიქრეს და თქვეს, "ოქროს პაკეტს" გაძლევთო. ამგვარ ნეიტრალურ ფორმულას მოძებნიან რიგაშიც," - ამბობს ცინცაძე.