ლიკა ამირაშვილი
05.05.2015

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება არ მოხდება. კვირიკაშვილი ამ დასკვნას ტურიზმზე და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებელზე დაყრდნობით აკეთებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით შედეგი უკვე არის, მომავალში კი უფრო დიდი მიღწევებია მოსალოდნელი.

"ყველა მაჩვენებელი დადებითია, რაც ტურიზმისა და ვიზიტორების შემოდინებას ეხება. საპრივატიზაციო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და უშუალო შედეგები უკვე არის, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება, ამიტომ შემდგომ დევალვაციას არ ველოდებით. მინდა, ასევე, ყველა მედიასაშუალებას ვთხოვო, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება არ მოხდეს, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც მედია-სივრცეში გადის, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ ერთი დოლარი 2.3303 ლარი ღირდა.

გჯერათ თუ არა კვირიკაშვილის განცხადების, რომ ლარი მეტად არ გაუფასურდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეციერებათა დოქტორი): დაახლოებით ორი თვის წინ განაცხადეს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია აღარ იქნებაო, მაგრამ მაინც მოხდა. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს წარსულის მწარე გამოცდილებას და ამ სიტუაციას დაარეგულირებს.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ვალუტის დევალვაცია ძირითადად გარე სამყაროზეა დამყარებული, ვინაიდან დასამალი არ არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად წარმოება არა გვაქვს და მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ვალუტა მყარი იყოს, როდესაც ქვეყანაში არანაირი წარმოება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაორებულ სიტუაციაში ვარ, თან მჯერა და თან - არ მჯერა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მეც მოვისმინე კვირიკაშვილის განცხადება. როგორც ჩანს, ეს განცხადება გათვლებს და ეკონომიკურ კანონებს ეფუძნება. როგორც გამოირკვა, ასეთი პროგნოზი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთეს. მთავარი უბედურება, იცი, რა არის? ეროვნული ვალუტის დევალვაცია თუ მარტო ტურისტების შემოსვლის მატებით იქნება განპირობებული, ეს დროებითი მოვლენაა, მაგათ ეკონომიკის სტაბილიზაციაზე უნდა იფიქრონ და არა სეზონურად ტურისტების შემოსვლაზე. ასე რა გამოდის, ზაფხულობით კარგი ვალუტა გვექნება და ზამთრობით ცუდი?

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს ის კითხვაა, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ გიპასუხონ. თუმცა მე პიროვნულად, რა თქმა უნდა, მინდა მჯეროდეს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია შეჩერდება და მისი დასტაბილურება მოხდება, სხვა შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს არამარტო იმაზე აისახება, რომ სამომხმარებლო კალათა კიდევ უფრო გაძვირდება, არამედ ეს ხელისუფლებისათვის სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე იქნება. მინდა მჯეროდეს, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდება.

 იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი): მე მგონია, რომ ეს მოვლენა კვირიკაშვილზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ჩვენ ახლა ისეთ ამბავში ვართ შესული, რომ გარე ფაქტორები ძალიან ძლიერია და ჩვენ შიდა საშუალებით ნაკლებად ვუმკლავდებით. კარგია, რომ ასე აცხადებს, მაგრამ რამდენად დასაჯერებელია, არ ვიცი. თუმცა პრინციპში ტურისტული სეზონი იწყება, ნაკადმა შეიძლება იმატოს და ლარი დასტაბილურდეს. შეიძლება ამის თქმის უფლება აქვს. ჩვენ კი ამ ლარს გაოგნებული ვუყურებთ. იმედი მაქვს, რომ დასტაბილურდება, თუმცა იმ ნიშნულამდე მაინც არ ჩამოვა, რაც ადრე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×