"უნდა მოვიფიქროთ, კიდევ რითი შეიძლება დასავლეთისათვის საჭიროები გავხდეთ," - ამბობს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრისას და დასძენს, რომ ევროპას ახლა მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ჩვენთვის, მარტივად რომ ვთქვათ, არ სცხელა.
შესაბამისად, მაისის ბოლოს დაგეგმილი სამიტისგან კონკრეტულ და არსებით პროგრესს არ ელის. მიიჩნევს, რომ ევროპისათვის სასურველი სტუმრები ვართ, უბრალოდ ახლა სტუმრობის დრო არ არის.
"რეზონანსთან" ინტერვიუში საყვარელიძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებსაც აფასებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც. აცხადებს, რომ მარგველაშვილის საქციელი სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს და არ ესმის, თუ რას ემსახურება მის მიერ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების ერთი კვირით გადაწევა.
რამაზ საყვარელიძე: ყველაზე უფრო დამაჯერებელი ფიგურა გარემოს დაცვის ახალი მინისტრია. თუმცა ყველაზე მეტი საუბარი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობამ გამოიწვია. მსჯელობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა ერთად ქალი და ხმალი. თბილისელებს ვურჩევდი, ფანჯარაში გაიხედონ და დარწმუნდებიან, შეიძლება ეს თუ არა. ამ კანდიდატურის ერთი დიდი პლუსი ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს საგარეო კურსზე ეჭვები აღარ გაჩნდეს. ეჭვები, რომლებიც ჯერ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისას გაჩნდა და შემდეგ ამ ნაპერწკალს სული ალასანიამ შთაბერა თავისი განცხადებებით - საქართველო კურსს იცვლისო.
იმ სფეროში, რასაც თავდაცვა ჰქვია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ისეთი ენერგიული და თავისი ორიენტაციის ბოლომდე გამტარებელი ფიგურა, როგორიც თინა ხიდაშელია, ალბათ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს. ასე რომ, შესაძლოა ამ მხრივ ახალი პერსპექტივები გაჩნდეს.
რაც შეეხება სპორტის ახალ მინისტრს, მასზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცნობ.
"რეზონანსი": ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დასახელების გარდა ხმაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებამაც გამოიწვია - კანდიდატების პარლამენტში წარდგენის ერთი კვირით გადავადებასთან დაკავშირებით. რა როლი აქვს ამ ყველაფერში პრეზიდენტს და რამდენად გონივრული იყო, თქვენი აზრით, მისი ეს გადაწყვეტილება?
რ.ს: ძნელია იპოვო ორი იურისტი, რომელიც კონსტიტუციას ერთნაირ კომენტარს გაუკეთებს. თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, რომ თავისი განსხვავებული პოზიცია აღმასრულებელ პოლიტიკაში გაატაროს. თუკი მინისტრთა კაბინეტი იგივე შემადგენლობით წარდგება, პრეზიდენტს შეუძლია, დამტკიცება კიდევ ერთი კვირით დააყოვნოს.
ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი - პროცესის გადავადება, არაფერს გულისხმობს. უბრალოდ დროს გაწელავს, თორემ შეცვლით ვერაფერს შეცვლის, თუნდაც ცამდე მართალი იყოს. ასე რომ, პრეზიდენტის ადამიანურად გაგება შეიძლება, მაგრამ ეს საქციელი სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
"რ": ანუ მან მხოლოდ პროცესი შეაფერხა?
რ.ს: მარგველაშვილმა უბრალოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შეახსენა, რომ არსებობს. სამაგიეროდ კი პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის კიდევ უფრო დამამცირებელი აქცია მიიღო - პრემიერმა მინისტრები ყოველგვარი დამტკიცების პროცედურის გარეშე დანიშნა. მათაც მუშაობა დაიწყეს.
"რ": კიდევ ელოდებით თუ არა ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში უახლოეს მომავალში?
რ.ს: საქართველოში პროგნოზის გაკეთება რთულია. პასუხს ერთი ლოგიკით გაგცემთ - პიარის თვალსაზრისით დღეს მომხდარ საკადრო ცვლილებებს არჩევნებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ჯერ არჩევნებამდე დიდი დროა.
არჩევნებთან უფრო ახლოს, ანუ დაახლოებით შემოდგომიდან, ველოდები, რომ იქნება ცვლილებები სწორედ იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ხმების მომტანი გახდეს. ხალხმა დაინახოს, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაცია შეცვალა. თუმცა, კარგით შეცვალა თუ ცუდით, ამის შეფასებას არჩევნებამდე საზოგადოება ვერ მოასწრებს. პიარ-ტექნოლოგები ამ მეთოდს ყველა ქვეყანაში მიმართავენ. ასე რომ, დამატებითი ცვლილებებისათვის ჯერ ადრეა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისეთი რამეები მოხდეს, რაც ლოგიკაში არ ჯდება.
"რ": მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები და ორი "რესპუბლიკელის" გამინისტრება გაფიქრებინებთ თუ არა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კოალიციამ ფსონი რესპუბლიკელებზე დადო?
რ.ს: ეს პარტია თუ არა, ვინ უნდა იყოს წამოწეული? "ქართულ ოცნებას" თავის პარტიაში დამაჯერებელი ფიგურები არ ჰყავს. თუ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, მაშინ გამოდის, რომ მას სხვა გზა არც ჰქონდა. მე ვთქვი, რომ გარემოს დაცვის მინისტრის ფიგურა დადებითად განაწყობს ადამიანს და ეს სხვამაც ბევრმა თქვა. ისიც ხომ საჭიროა, რომ ფიგურას, რომელიც ინიშნება, ხალხში დადებითი განწყობის გამოწვევა შეეძლოს.
"რ": ცოტა ხანში რიგის სამიტი გველის. როგორი მოლოდინი გაქვთ? რა კონკრეტულ პროგრესს ელოდებით მისგან?
რ.ს: არ მგონია, არსებითი ცვლილება მოხდეს. ვიზალიბერალიზაციაც საკმაოდ რთული გადასაწყვეტია. ჩვენ ვმკითხაობთ, ვუყვარვართ თუ არ ვუყვარვართ ევროპას, მაგრამ ასეთი სიყვარულის გარეშეც ევროპისათვის საზღვრების გახსნა ადვილი არ არის.
კარგად ვხედავთ, თუ რამდენი პრობლემა შეუქმნა ევროპას მიგრანტების ნაკადებმა. 90 დღით ევროპაში არ მგონია მაინცადამაინც სიკეთის გამკეთებელი ადამიანები მიდიოდნენ. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ამით კრიმინალები ისარგებლებენ. ეს ხომ იცის ევროპამ. ასე რომ, იქ ამას ხელს არც ისე დიდი ხალისით მოჰკიდებენ.
ზოგადად, ევროპამ პოლიტიკა რუსეთის უგვანო საქციელის გამო შეცვალა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ცოტა მეტად გაიხსნა, თორემ იქამდე ამ მიმართულებით ცვლილებებს საერთოდ არ აპირებდა. თავისი პრობლემებიც საკმაოდ ჰქონდა.
ევროკავშირს იმის ინტერესი, რომ საზღვრები გაგვიხსნას, არ აქვს. თავად მას რა რჩება ამით? თუ ზოგადი პოლიტიკური შეხედულებების გარდა მისი ინტერესი ბევრი არაფერია, არ მგონია, ეს ნაბიჯები დიდი მონდომებით გადადგას. მითუმეტეს, რომ ვიზალიბერალიზაცია რუსეთმა თუ მის წინააღმდეგ შეთქმულებად აღიქვა, შეიძლება დასავლეთისთვისაც და ჩვენთვისაც მოულოდნელი ნაბიჯები გადადგას. ამიტომაც არ ველი არსებით ცვლილებებს. ისეთებს, რომლისთვისაც მას რუსეთისათვის პასუხის გაცემა მოუწევს.
"რ": მაშ რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შევასრულებთ სამოქმედო გეგმას? როგორც ხელისუფლებაში ირწმუნებიან, იგი ჩვენ ბევრად უკეთ გვაქვს შესრულებული, ვიდრე მოლდოვას, რომელმაც უვიზო რეჟიმი უკვე მიიღო.
რ.ს: მოდით, ასე განვიხილოთ - არიან ადამიანები, რომელთა სტუმრობაც გვიხარია, მაგრამ, აი, ეს ადამიანი გვესტუმრა დილას, როცა სამსახურში გვაგვიანდება.
"რ": ანუ, ჩვენ მათთვის სასურველი სტუმრები ვართ, უბრალოდ ამისათვის ცუდი დროა?
რ.ს: ასეა. ჩვენ ხომ ადეკვატურობის განცდა არ გვაქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ევროკავშირს ჩევნთვის საზღვრების გახსნა ან ჩვენი წევრობა არ უნდოდეს არა იმიტომ, რომ ცუდი თვალით გვიყურებს, არამედ იმიტომ, რომ თავისი პრობლემები აქვს, რომელიც თუ არ მოაგვარა, გასაჭირში თავად ჩავარდება.
"რ": შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ევროპა არაა ჩვენს მისაღებად მზად?
რ.ს: იმის მიხედვით, რაც დასავლურ პრესაში იბეჭდება, ცხადია, რომ ევროპას პრობლემები არ აკლია. საინფორმაციო საშუალებებში ამგვარ ინფორმაციას ქართული საზოგადოებაც ხშირად ისმენს. ევროკავშირს, რომლესაც თავისი თავი გასჭირვებია, ვეკითხებით, რატომ არ გვიღებთო და ეს მთლად ადეკვატური დამოკიდებულება არ არის.
"რ": ანუ, შესაფერის მომენტს უნდა დაველოდოთ?
რ.ს: ალბათ ისიც უნდა მოვიფიქროთ, კიდევ რითი შეიძლება საჭიროები გავხდეთ. ჩვენ გვინდა, დასავლეთმა ანგარიში გაგვიწიოს და ამის გამო თან გადაგვყვეს. ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად არარეალისტურია. რატომ უნდა გაგვიწიოს ანგარიში? თავად უნდა მოვიფიქროთ, რა შემთხვევაში ვიქნებით დასავლეთისათვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. როცა ასეთ რამეს მოვიფიქრებთ, ამ პრობლემის გადაჭრა უფრო გაადვილდება.