გია ხუხაშვილი: "მთავრობის რეორგანიზაცია გულისხმობს პრემიერის გადადგომასაც"
თიკო ოსმანოვა
08.05.2015

 დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მთავრობა მუშაობის აქტიურ რეჟიმში გადავა. ახალი სამთავრობო პროგრამით და მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტის წინაშე წარდგება და როგორც უკვე ცნობილია, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობის დამტკიცება უპრობლემოდ მოხდება.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ომარ ნიშნიანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით კი, ეს პროცესის დასაწყისია და სამთავრობო ცვლილებები კიდევ გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. მათ დანიშვნასთან დაკავშირებით პრემიერმა ბრძანება იმ დღესვე გამოსცა. ბრძანებაში ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განახორციელა.მთვარობის აღნიშნული შემადგენლობის სია ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 1-ელ მაისს გადაეგზავნა, თუმცა მან თავის კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა - ხელმოწერა ერთი კვირით გადადო და პარლამენტს დასამტკიცებლად 6 მაისს გაუგზავნა. რის შედეგადაც გუშინ მინისტრების საკომიტეტო მოხსენებები გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და დეპუტატებს პრობლემების მოგვარების გეგმები გააცნეს.

დღეს საკონმდებლო ორგანო ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. კონსტიტუციის მიხედვით მთვარობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

"კონსტიტუციის 79-ე მუხლის თანახმად პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან ათავისუფლებს და ასევე ნიშნავს მინისტრებს. ამ შემთხვევაში პრემიერმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა ჯანელიძესთან დაკავშირებით, იგი გაათავისუფლა და დანიშნა თინა ხიდაშელი.

"კანონის თანახმად, როცა მთავრობის შემადგენლობა 1/3-ით არის შეცვლილი, პრემიერი ვალდებულია მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელოს და შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის წარუდგინოს. ამისთვის მარგველაშვილს ერთკვირიანი ვადა აქვს. პრეზიდენტს მთავრობის წევრის შეცვლის უფლება არ აქვს.

"ამ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს საჭიროების შემთხვევაში ორჯერ უყრის. საკითხის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში კი პარლამენტის 2/5-ის შემადგენლობა პრეზიდენტს დაუსახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, თუ ასეთი ორი კანდიდატი იქნება, მაშინ პრეზიდენტი ამათგან ერთ-ერთს თვითონ აირჩევს და წარუდგენს საკონმდებლო ორგანოს. შემდეგ ახალი პრემიერი აყალიბებს მთავრობას.

"პრეზიდენტი არც ერთ შევთხვევაში არ ნიშნავს მთავრობის წევრს, მხოლოდ და მხოლოდ პრემიერის კანდიდატის შერჩევის პროცესში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ თუკი პარლამენტმა ახალ შემადგენლობასაც უნდობლობა გამოუცხადა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს ცვლილებები რეალურად არ ასახავს საზოგადოების განცდას და უმრავლესობის მოთხოვნას.

"ამ მთავრობას ერთი-ორი მინისტრის შეცვლა არ უშველის. ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, საქართველოს ნებისმიერ მხარეში შეგვიძლია წავიდეთ და ვიკითხოთ, სადაც არის სავალუტო და უამრავი პრობლემა, ასეთი კოსმეტიკური ცვლილება ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში არაფრის მომცემი იქნება. აქედან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" არამარტო არ ვიზიარებთ, არამედ უნდობლობას ვუცხადებთ მთლიანად ამ პროცესს და მასში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ.

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ კრიტიკული შეხედულებები და კონკრეტული მინისტრის ცვლილება, მიუხედავად, იმისა, რომ მათდამი დადებითი განწყობა მქონდა დიდი ხნის ურთიერთობიდან გამომდინარე, აზრს არ შეგვაცვლევინებს. პასუხისმგებლობა არის ყველა მინისტრზე. აქედან გამომდინარე, მთლიანი მთავრობა ან იმსახურებს ნდობას, ან არ იმსახურებს", - უთხრა "რეზონანსს" აბაშიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის თქმით კი, მთავრობას უმრავლესობის მხრიდან ნდობის მოპოვება არ გაუჭირდება. მისი თქმით, უმრავლესობაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

"ვფიქრობ, რომ ხვალ უმრავლესობა მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს დაუჭერს, ამის მოლოდინი მაქვს. დღეს გაერთიანებული კომიტეტის სხდომები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ხვალ ამ მხრივ, რაღაც პრობლემა შეიქმნას. იყო მოხსენებები, კითხვები, პასუხები, რამე წინააღმდეგობა არ ყოფილა, უბრალოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემარში მოაწყო იმის გამო, თუ რატომ არ განისაზღვრა რეგლამენტი მინისტრების გამოსვლისას. სხვა რამე ისეთი არ ყოფილა", - გვითხრა ნიშნიანიძემ.

სანამ დეპუტატები მთავრობის შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებების გაგრძელებას ვარაუდობს. მისი თქმით, მთავრობის რეორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც გულისხმობს.

"ქვეყანა იმყოფება გარკვეული ინსტიტუციური დალაგების პროცესში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პიროვნებები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი დროულად მოაწესრიგონ, რომ პოლიტიკური კრიზისი არ მივიღოთ. მაგრამ პრინციპში კრიზისი არც იყო მოსალოდნელი, რადგან პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური მოთამაშე, მან აღარ გაამწვავა მდგომარეობა, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა.

"ახლა მინდა, როგორც სოლიდარულად მოიქცა პრეზიდენტი, ასევე მოიქცეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის მინისტრი მისი მეუღლეა და აქ გარკვეულ წილად ინტერესთა კონფლიქტის ელემენტები ჩანს. ფორმალური კანონით ეს საკამათოა, თუმცა თუ ასე მოიქცა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, სწორად მოიქცევა.

"ჩვენ გვაქვს მმართველობითი კრიზისი, ეს ცალსახად ჩანს და აქედან გამომდინარე, საკადრო ცვლილებებს კიდევ ველოდები, ეს, რაც მოხდა, არის მხოლოდ პროცესის დასაწყისი. ერთი და ორი მინისტრის გამოცვლით ის პრობლემები, რაც ქვეყანაში დგას, ვერ გადაწყდება. მთავრობა სრულფასოვნად ვერ პასუხობს ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დგას.

"მთავრობის რეორგანიზაცია გულისხმობს პრემიერის გადადგომასაც და, ვფიქრობ, რომ ეს მისთვის ცუდი არ იქნება. ის ტვირთი, რომელიც მას აწევს, ძალიან მძიმეა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×