31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ტვშ-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია ევროატლანტიკური იდეის პოპულარიზაციის მიზნით.
"მე ვფიქრობ, რომ შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ამ მიმართულების - ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია.
შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
თქვენი აზრით, რას გულისხმობს პრეზიდენტი კონსოლიდაციაში და ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ხელისუფლებამ პროდასავლური იდეების პოპულარიზაცია თვითონ უნდა შექმნას, მან ხალხს პროდასავლური ცხოვრების უკეთესობა უნდა აჩვენოს. ეს ერის, ბერის, მრევლის და ყველას კონსოლიდაცია იქნება.
25 წელია საქართველოში ცხოვრებისეული პირობები არ გაუმჯობესებულა. ამას დამატებულია ის, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგულია. ამიტომ არაფერი გასაკვირი არაა, რომ მოსახლეობას იმ საშინელი კომუნისტური პერიოდის მიმართ ნოლსტალგია გაუჩნდა. კომუნისტური პერიოდის დროს ელემენტარული ცხოვრებისეული პირობები ყველას ჰქონდა.
ქართველმა ხალხმა მატერიალური ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების საშუალება ვერ ნახა. მხოლოდ და მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვები ვერ უშველის. კონსოლიდაცია იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა ჩამოყალიბდება. საშუალო ფენის ჩამოყალიბების შემდეგ, რა თქმა უნდა, ნამდვილი პროდასავლური ცხოვრების პირობების შექმნა შესაძლებელი გახდება.
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): პრეზიდენტის სიტყვები არაფერს არ ნიშნავს. თუ გვინდა, რომ პროდასავლური იდეები გავავრცელოთ, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს სხვადასხვანაირად უნდა მიაწოდო. პროდასავლური ღირებულებები კი არ უნდა ვთქვათ, არამედ ქართული ღირებულებები, რომლებიც, საბედნიეროდ, ფუნდამენტურად იგივეა, რაც დასავლური. ქართველი ხალხი ინფორმირებული არ არის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები.
ეს არის ღირებულებები, რომელიც, საბედნიეროდ, დასავლურს ემთხვევა. ჯერ ერთი ჩვენ ქრისტიანები ვართ, მეორეც ჩვენ ფეოდალური ისტორია გვაქვს. ფეოდალური ისტორია, გარდა დასავლეთისა და იაპონიისა, არავის არ აქვს.
იაპონიის ფეოდალური ისტორია ჩვენგან და დასავლეთისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან. იმიტომ კი არ უნდა ევროპას ჩვენთან, რომ ყველაზე ნიჭიერები ვართ, არამედ ნიჭიერებასთან ერთად ეს ობიექტური ფიზიკური ფაქტორები გვაქვს.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ მარგველაშვილი ძალიან ჭკვიანი კაცია. მისი გუშინდელი ნათქვამი ნამდვილი ჭეშმარიტება იყო. მისი თქმით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპამ ჩვენი ნაბიჯები დაინახოს.
ჩვენ ელემენტარულად ადეკვატურ ნაბიჯებს ვითხოვთ, რომელსაც ისინი რატომღაც არ დგამენ. მან რაც უნდა თქვას, ყველაფერი საქართველოს კეთილდღეობისკენ არის მიმართული. მისი გამონათქვამები ემსახურება იმას, რომ მალე უნდა გაირკვეს, ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის თუ არა.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): არ ვიცი, საერთოდ პროდასავლურში რა იგულისხმება. თუ კლასიკური კულტურა იგულისხმება, მე ყოველთვის მხარს დავუჭერ. ასევე იმ დადებითს, რაც დასავლეთში არსებობს. რაც შეეხება პროდასავლურ ტრადიციებს, საქართველოშიც არანაკლები ტრადიციები გვაქვს. რას უნდა დავუჭიროთ მხარი, არ ვიცი.
ალბათ დასაკონკრეტებელია, რას ნიშნავს პროდასავლური კულტურა. მისი განსაზღვრება ზოგადია. ვერ გეტყვით ვერც კარგს და ვერც ცუდს, იმიტომ, რომ ჩემთვის გაურკვეველია პროდასავლური, აქვე შეგვიძლია ვთქვათ პროაღმოსავლური და ზოგადად პროქართული. რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი პროქართულ ტრადიციებს? რატომ არის ასე ცალმხრივად მხოლოდ პროდასავლური?
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე