"პრეზიდენტმა აამოქმედა ის კაპიტალი, რომლის არსებობაზეც, როგორც ჩანს, მცირე წარმოდგენა აქვთ მის ოპონენტებს: სიმშვიდე და წონასწორობა. სწორედ ეს კაპიტალია, რომელსაც ძალუძს მას ივანიშვილს კრეატურის იმიჯი ჩამოაშოროს და ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირად იქცეს.
ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთისათვის ქოქოლას დაყრის 25-წლიანი სცენების შემდეგ მან პოლიტიკური ქცევის სხვა მოდელი შემოგვთავაზა და, უნდა დამეთანხმოთ, ეს მოდელი უთუოდ, მომგებიანია", - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
"რეზონანსი": თბილისში წმ. გიორგის ორდენის ბაფთიანი ადამიანები გამოჩნდნენ. როგორ ფიქრობთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამას, როგორც ჩრდილოელი მეზობლების მიერ დაგეგმილ კიდევ ერთი პროვოკაციას, თუ ამ ფაქტის უგულებელყოფა დაუშვებელია?
ზაზა ფირალიშვილი: პოლიტიკა ხშირად სიმბოლოთა ენაზე ამბობს თავის სათქმელს. როგორიც უნდა იყოს ამ "ბაბთის" წარსული, დღეს ის რუსული ნეოიმპერიალისტური რევანშიზმის სიმბოლოა. პუტინისტმა პროპაგანდისტებმა ის მეორე მსოფლიო ომს დაუკავშირეს და ისე გვთავაზობენ. ცხადია, ესაა ერთგვარი იმპერიალისტური ეშმაკობა.
არადა მეორე მსოფლიო ომს თავისი მიზანდასახულება და სიმბოლოები ჰქონდა. წმ. გიორგის ბაფთის დაკავშირება მასთან მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ომში გამარჯვებას დღევანდელი რუსული პოლიტიკა ცივი ომის შედეგების რევიზიას უკავშირებს.
ამით ისინი თავადვე ცვლიან ამ ომში გამარჯვების ისტორიულ იდეას. თუ ადრე ეს იდეა ბოროტების დამარცხება იყო, დღეს ის რუსული იმპერიის ძლევამოსილი სვლით შეცვალეს. ცხადია, ამით თავადვე აუცხოვებენ ამ გამარჯვებისაგან იმ ხალხებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ომში და სრულიადაც არ არიან რუსული იმპერიის რეანიმაციაზე თანახმა.
ლოგიკურად ისმის კითხვა: რას ვზეიმობთ ცხრა მაისს - ფაშიზმზე გამარჯვებას, თუ რუსული იმპერიის ძლევამოსილებას? ეს ორი რამ ნამდვილად არ არის ერთი და იგივე.
აქ კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობაზე. როდესაც აქ ახლა დღევანდელი რუსული ნეოიმპერიალიზმის სიმბოლოს გვიფრიალებენ, შეიძლება კი მივიჩნიოთ, რომ დიალოგის მეორე მხარესაც სურს ჩვენთან ურთიერთობის დარეგულირება? ან საერთოდაც, რას ეძახის იგი "ურთიერთობათა დარეგულირებას"? ჩვენი სასოფლო სამეურნეო საქონლის თავის ბაზრებზე შეშვებას? სამხედრო თავდასხმის საფრთხის განელებას? აშკარაა, რომ ამ დარეგულირებაში რუსული მხარე არასგზით არ გულისხმობს ჩვენი კანონიერი ტერიტორიული ინტერესების აღიარებას.
ამის გარეშე, ეჭვი არ არის, ყოველგვარი მცდელობა აზრს კარგავს. ამის ნაცვლად ცდილობენ, რომ საინფორმაციო შტურმით გააბრუონ ჩვენი თანამოქალაქეები და ახალი მონობისათვის მოამზადონ ნიადაგი, თუნდაც ამ მონობას ყველაზე მომხიბლავი სახელი ერქვას.
მოკლედ რომ ვთქვა, წმინდა გიორგის ორდენის ბაფთა დღეს იმ იდეოლოგიას განასახიერებს, რომლისთვისაც ქართული სახელმწიფოებრიობა ისტორიული ნონსენსია. ერთხელ ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა მითხრა, რომ რუსეთი არ არის სახელმწიფო. ეს არის, უმალ, სტიქიური ძალა, რომელთან დიალოგიც შეუძლებელიაო. დავამატებდი, რომ ეს სტიქიური ძალა დღევანდელმა პუტინიზმმა რუსული "ლაგერების" კრიმინალური მორალით აღჭურვა და ისე მიუშვა თავის მეზობლებზე.
სამწუხარო ისაა, რომ დასავლეთმა ჯერაც ვერ გაიაზრა, რა ხდება და რომ დასავლელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე იმ ილუზიის ტყვეობაშია, რომლის თანახმადაც დაყვავებით, სამართლიანობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე აპელირებით ამ სტიქიური ძალის დაოკება შესაძლებელია.
რაც შეეხება ჩვენს პასუხს: კანონის ფარგლებში მოქცეული ნებისმიერი გაწონასწორებული პასუხი დასაშვებია. ვერავინ დამსჯის იმის გამო, რომ ვინმეს ხელს არ ჩამოვართმევ, ვინმეს მოვუწოდებ, რომ ჩემს სახელმწიფოებრივ ღირსებას პატივი სცეს, ან ვინმეს პოზიციას საჯაროდ უზნეოდ მივიჩნევ.
თუკი ყაზახებმა, ბელორუსებმა, ესტონელებმა და გერმანელებმა შეძლეს მათ ქვეყანაში ამ სიმბოლოს ფრიალს წინ აღდგომოდნენ, რატომ დუმს ჩვენი ხელისუფლება? ცხადია, მისი წარმომადგენლებისაგან არ მოვითხოვთ სააკაშვილისეულ ცეცხლოვან რიტორიკას, კიდევ უარეს შედეგებს რომ მოიტანდა.
მაგრამ ამ უკანასკნელის ალტერნატივა არ შეიძლება იყოს ისეთი უიდეო პრაგმატიზმი, ერთი შეხედვით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომ ემსახურება, მაგრამ თავად სახელმწიფოებრიობის იდეას აკნინებს და საფრთხეს უქმნის.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენს ბედისწერას კონკრეტული სახე აქვს და მას რუსეთი ჰქვია. სამყარომ უკვე ორჯერ შეგვახვედრა მას, ნაწილობრივ, გარემოებათა მიზეზით, ნაწილობრივ კი, ჩვენი თავქარიანობის, ზერელობისა და მორალური რელატივიზმის გამო. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მესამედაც მოხდეს.
"რ": კონკრეტულ პოლიტიკურ პრობლემებს დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, რაზეა მიმანიშნებელი ახალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებული ცვლილებები?
ზ.ფ: იმდენჯერ მითქვამს დღევანდელი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე, რომ მერიდება გამეორება. მხოლოდ ერთს ვიტყვი: მანკიერი საკადრო გემოვნებისა და გარკვეული ფსიქო-კულტურული ადამიანების მიმართ მოწყალე დამოკიდებულების შედეგად უმაღლეს თანამდებობებზე და პარლამენტში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ ვერც კი იოცნებებდა ამაზე და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ქართული პოლიტიკაში მხოლოდ ჩამქრალ ვარსკვლავებად თუ იყვნენ შემორჩენილები. პოლიტიკური სპექტრის დაპირებული განახლების ნაცვლად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ერთი წუთით დავივიწყოთ წმინდა ადამიანური გემოვნება. ვერავითარი საკადრო ცვლილება ვერ მოიტანს შედეგებს, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური მენეჯმენტის სტილი. დღევანდელი სტილი თავად შობს პასიურ აღმასრულებლებს და პიროვნული სახის არმქონე ადამიანებს, რომელთაც ზოგჯერ ინიციატივისა და ადამიანებში ენთუზიაზმის აღძვრის უნარის ნატამალიც არა აქვთ. მთავარი ესაა და არა კონკრეტული პერსონალიები.
თუ სპორტის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებულ პერიპეტიებსაც გავიხსენებთ, ისიც აშკარაა, თუ როგორაა დამოკიდებული დღევანდელი საკადრო პოლიტიკა გარკვეული სოციო-კულტურული ტიპის ადამიანებზე.
მართალი რომ ვთქვა, მიჭირს, წარმოვიდგინო, როგორ ჩაჯდება მართვის დღევანდელ სტილში რამდენიმე გამოკვეთილი ფიგურა. ვნახოთ, ეგებ, სწორედ მათი წყალობით შეიცვალოს რაღაც. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, საკადრო პოლიტიკა არ არის წუთიერი ზეშთაგონების საგანი.
"რ": მაგრამ ამას ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობათა კიდევ ერთი გამწვავება მოჰყვა...
ზ.ფ: მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს არაფორმალური უზენაესი არბიტრი, პრეზიდენტი უფუნქციოდ რჩება. ასეთ ვითარებას მხოლოდ მართლაც პლასტელინივით დამყოლი პრეზიდენტი თუ შეეგუება. ამდენად, მარგველაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირება არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის შედეგი.
აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი სერიოზულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს ფლობს და, რაც მთავარია, მათი გამოყენების ნება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე გარკვეულ უხერხულობებთან არის დაკავშირებული, ეს ნება ბევრ რამეს გადაწონის.
პრეზიდენტმა აამოქმედა ის კაპიტალი, რომლის არსებობაზეც, როგორც ჩანს, მცირე წარმოდგენა აქვთ მის ოპონენტებს: სიმშვიდე და წონასწორობა. სწორედ ეს კაპიტალია, რომელსაც ძალუძს, მას ივანიშვილის კრეატურის იმიჯი ჩამოაშოროს და ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირად იქცეს.
ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთისათვის ქოქოლას დაყრის 25 - წლიანი სცენების შემდეგ მან პოლიტიკური ქცევის სხვა მოდელი შემოგვთავაზა და უნდა დამეთანხმოთ, ეს მოდელი უთუოდ მომგებიანია.
მის სასარგებლოდ მუშაობს მისი სისადავე პირად ცხოვრებაში. იმ დროს, როდესაც ზოგი დეპუტატი დაცვას არ იშორებს არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ დაცვა დაბალი პოლიტიკური და ყოფითი კულტურის ადამიანებისათვის ძალაუფლებისა და წარმატების სიმბოლოდ იქცა, მარგველაშვილი უთუოდ გამოირჩევა.
შესაძლოა, საქმე აქამდე არ მისულიყო, თუ არა ივანიშვილის მხრიდან კულუარული დაპირისპირების საჯაროდ გამოტანა. გულწრფელად მაინტერესებს, ვინ იყვნენ ივანიშვილის გარემოცვაში ის ადამიანები, რომლებიც არ შეეცადნენ ამ დაპირისპირების შეჩერებას და უფრო მეტიც, ხელი შეუწყვეს მის გასაჯაროებას.
მოგეხსენებათ, რამდენი წარმოიდგენდა, რომ ეს პროცესი მისთვის პირადი შანსი იყო. ამას დაუმატეთ ის ელფერიც, რომელიც ამ დაპირისპირებას პრემიერმა შესძინა თავისი მუდმივი ქიშპით პრეზიდენტთან პოლიტიკური ცხოვრების ამგვარ ფორმატში მონაწილეობის გამო.
სამწუხაროდ, არსებობს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი კლასი ადამიანებისა, ვისაც პრაგმატიზმის გარდა სხვა პრინციპი არა აქვს და ვინც ისევე გაატანს ქარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კაპიტალს, როგორც ადრე გამსახურდიას, შევარდნაძის თუ სააკაშვილის კაპიტალი გაატანეს. ისინი ის მეგობრებია, რომლისაც მტერზე მეტად უნდა გეშინოდეს.
ერთსაც აღვნიშნავ: ნებისმიერი ხელისუფალის გარემოცვაში იკვეთებიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ხელისუფალი საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფონ, რათა ამ უკანასკნელს მოვლენების მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი აღწერა მიეწოდებოდეს. იგივე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაშიც.
ასეთი ჯგუფები ცდილობენ, მას შეუნარჩუნონ ეიფორიის ის განწყობა, ხელისუფლების მოპოვების ჟამს რომ ჰქონდა, დაარწმუნონ, რომ მის წინააღმდეგ ნებისმიერი კრიტიკული აზრი სხვა არაფერია, თუ არა მოწინააღმდეგეების მიერ დაფინანსებული რამ, ან სულაც "ანალიტიკური შეცდომა".
ასეთები ხელისუფლის გარემოცვიდან განდევნიან ყველას, ვინც განსხვავებული აზრის მატარებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ნათლად გრძნობს ხელისუფალი, რომ გარკვეული ჯგუფის თუ ჯგუფების მძევლად შეიძლება იქცეს. ამაზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს იგი თავის პოლიტიკურ კაპიტალს.
თუ იგი იმდენად გულუბრყვილო ან თავდაჯერებულია, სჯერა, გულწრფელად ეუბნებიან, თითქოს მისი გადაწყვეტილებები რევიზიას არ ექვემდებარება, ცხადია, მისი პოლიტიკური კაპიტალიდან სულ მცირე ხანში აღარაფერი დარჩება. სხვაგვარად ვიტყვი, თუ მას ესაჭიროება არა მრჩევლები, არამედ მხოლოდ მისი ნააზრევისა და ნამოქმედარის პროპაგანდისტები, საქმე ცუდად არის.
"რ": ამ ვითარებაში ნაციონალების პროპაგანდამ თითქოს ახალი ენერგია შეიძინა...
ზ.ფ: ეს ასეც არის. ისინი ნავის დარწევის პრინციპით მოქმედებენ. ცდილობენ, თანამიმდევრულად გაზარდონ პანიკის, შიშისა და უკმაყოფილების ტალღა. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რაიმე ხელშესახებ შედეგს მიაღწიონ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთის აქტიურობა ვიღაც სხვის წისქვილზე ასხამს წყალს, ან, რაც უარესია, მოსახლეობას იძულებულს ხდის, მოთმინებით უცქიროს ხელისუფლების შეცდომებს.
გაიხსენეთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან 2007-2010 წლები, როდესაც არსებობდა პროტესტი, მაგრამ არ არსებობდა ის, ვინც ამ პროტესტის მობილიზებას მოახერხებდა. ნაციონალები დღეს მხოლოდ იმას თუ ახერხებენ, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ. არც ისე დიდი დროა გასული, ვინმეს მათი მმართველობა არ ახსოვდეს. გავიხსენოთ, რომ მაიდნის მოვლენებს კიევში არ მოჰყოლია ტიმოშჩენკოს დაბრუნება ხელისუფლებაში.